Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია პარლამენტისთვის


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისს დაემშვიდობა, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი აპირებს 30 ათასი ხელმოწერა შეაგროვოს და პეტიციით მოითხოვოს პარლამენტის ქუთაისში დატოვება.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, ჟურნალისტ ეკა ფხაკაძის, განცხადებით, პარლამენტმა უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქუთაისი აღარ არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი. 27 დეკემბერს ქუთაისში პარლამენტის ბოლო სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრესისთვის განკუთვნილ ლოჟაში გამოფინეს პლაკატი წარწერით: „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“. ეკა ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებით ხელისუფლება ქუთაისს უკარგავს განვითარების შესაძლებლობას:

„პირველი - პარლამენტის ქუთაისში არსებობით იხსნება ქალაქის განვითარების პრობლემა, მეორე - საქართველო დგება გზაზე, როცა ის ანიჭებს მეტ მნიშვნელობას რეგიონებს და მათ ქალაქებს, მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, ამით ჩვენ აფხაზებს და ოსებს ვაჩვენებთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არის პრობლემა მმართველობის ინსტიტუტების გადანაწილება სხვადასხვა კუთხეში“.

ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისის შენობაში მხოლოდ საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს და არ არსებობს არც ერთი უწყება, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეძლებს მის ჩანაცვლებას:

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქუთაისი ჩიხშია, არაფერი არ არსებობს პარლამენტის საპირწონე და არ ვიცი, რას მოიფიქრებენ. დღეს ქუთაისში პარლამენტის შენობა არის ტურისტებისთვისაც მიმზიდველი, რადგან ის ულტრათანამედროვე შენობაა. ვინც ჩამოდის, ყველას მოსწონს და უკვირს, ასეთ ძველ ქალაქში რომ არის ულტრათანამედროვე შენობა და ეს შენობა არის განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტისთვის“.

ქართული ოცნებისხელისუფლება, რომელიც პარლამენტის ქუთაისის შენობისთვის აქტიური ფუნქციის მინიჭების პირობას დებს, პარლამენტის თბილისში დაბრუნებას იმით ხსნის, რომ მთავრობა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთად უნდა ფუნქციონირებდნენ და, ამასთან, დაიზოგება საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ყოველწლიურად იხარჯებოდა ქუთაისში დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ტრანსპორტირებისა და ცხოვრებისთვის. ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მომხრეა რადიო თავისუფლების მიერ ქალაქში გამოკითხულთა უმრავლესობა. რესპონდენტები არარეალურად მიიჩნევენ მიზეზებს, რომლითაც მმართველი ძალა ასაბუთებს პარლამენტის თბილისში დაბრუნებას:

„რატომ უნდა წავიდეს, ხარჯები ერთნაირია თბილისშიც და ქუთაისშიც და, პირიქით, საუბარია, რომ ხარჯი იზრდება. და ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს?! ახლა მნიშვნელოვანია ერთად დგომა, რომ ქვეყანამ დაინახოს, ქუთაისი ხელწამოსაკრავი არ არის“;

„მე ვიყავი თავის დროს გადმოტანის წინააღმდეგი, რადგან მიმაჩნდა, რომ ქვეყანა პოლიტიკურად არ იყო მოძლიერებული და დღემდე დგას საზღვრების დემარკაციის პრობლემა. ვთვლიდი, რომ დეცენტრალიზაცია ნაადრევი იყო, თუმცა რადგან ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა და გადმოვიდა ქუთაისში, ახლა უნდა დარჩეს პარლამენტი აქ“;

„ორ-ნახევარი მილიონით გაიზრდება თბილისში პარლამენტის შენახვა მომდევნო წელს და სადაა ლოგიკა? ესაა წინა ხელისუფლების ჯიბრზე გაკეთებული“;

„სამწუხაროდ, ის ყველაფერი ვერ შესრულდა, რაც იყო თავდაპირველად დაგეგმილი, თუმცა პარლამენტის თბილისში დაბრუნება, ჩათვალეთ, რომ ქუთაისს აქცევს „დაპაუზებულ ქალაქად“ და „ბნელ ქალაქად“, - ამბობენ რესპონდენტები.

რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში უნდა მუშაობდეს:

„პარლამენტი ქუთაისში არ უნდა დარჩეს, რადგან პარლამენტის და მთავრობის მუშაობა უნდა იყოს შეთანხმებული, მათ შორის საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა და, კიდევ, პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების მივლინების და საწვავის ხარჯები დამატებითია და შედეგი არ არის“;

„ყველა ორგანო თბილისშია და პარლამენტიც იქ უნდა იყოს“.

პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანანაციონალური მოძრაობისხელისუფლების ინიციატივა იყო და ამ მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებაც შეიტანა. „ქართული ოცნებისხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. პარლამენტმა ქუთაისში პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს, ბოლო კი 2018 წლის 27 დეკემბერს გამართა.

XS
SM
MD
LG