Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროს წამი თუ საათები - რა ევალება სახელმწიფოს


არავინ დავობს, რომ აუცილებელი იყო მძევლების სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ადამიანების სიცოცხლე დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი ფასეულობაა. კამათი საზოგადოებაში გამოიწვია იმან, მძევლების უვნებლად გადარჩენის აუცილებელი პირობა საკმარისია თუ არა სახელმწიფოს სწორი მოქმედებების, სიძლიერისა და თავდაჯერებულობის დასადასტურებლად.

  • კონკრეტულად რა იწვევს კამათს?
  • როდის ჩნდება ინტერპრეტაციების საშუალება?
  • რა ევალება სახელმწიფოს კრიზისულ ვითარებებში საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით?

ზუგდიდის ცენტრში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შს სამინისტროს პირველი განცხადება ფეისბუკგვერდზე 15:35 საათზე გამოაქვეყნდა და აღინიშნა, რომ უწყებაში შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა“. ამ ტექსტში არაფერი იყო ნათქვამი მძევლების აყვანის შესახებ.

17:45 საათამდე, ვიდრე შს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავდა, სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეკრებილი იყო ასეულობით ადამიანი. მათ უკვე იცოდნენ, რომ თავდამსხმელს მძევლები ჰყავდა აყვანილი, თუმცა არაფერი იცოდნენ მათი მდგომარეობის შესახებ. შეგროვილ ხალხს შორის იყვნენ მძევლების ოჯახის წევრებიც, რომლებმაც მომხდარის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს.

მძევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს დიდხანს არ დაუკონკრეტებია. მედიის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელს 20-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობაში, თავდამსხმელთან ერთად, თავდაპირველად 43 ადამიანი იმყოფებოდა.

ანალიტიკოსებისთვის აშკარაა, რომ ამის შემდეგაც იყო კიდევ არაერთი ხანგრძლივი პაუზა, როდესაც მედიასა და საზოგადოებას ფრაგმენტული ცნობების შეკოწიწება და მარჩიელობა უწევდათ - თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე და რამდენ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა კარგად შეიარაღებულმა თავდამსხმელმა.

შს სამინისტრომ განცხადება გამთენიისას გამოქვეყნა. თუმცა დარჩა კიდევ ბევრი შეკითხვა, და მათ შორის, თავდამსხმელისთვის გადაცემულ თანხასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია უკვე მეორე დღეს, 22 ოქტომბერს დაადასტურა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ ხელმძღვანელი, გიორგი მოლოდინი პრობლემად თვლის, რომ საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში რეგულარულად არ მიეწოდებოდა გადამოწმებული და სრული ინფორმაცია - „რა გახდა ერთი სპიკერი, რომელსაც მედიასაშუალებებთან რეგულარული კომუნიკაცია ექნებოდა?! ჯერ კიდევ რამდენი რამ არ ვიცით ამ დრომდე“.

როგორც მოლოდინი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დროული მოქმედებაა საჭირო, რადგან კრიზისის პირობებში ყველაფერს წამები წყვეტს და არა საათები - „რატომღაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ აიღონ დრო და შემდეგ გააკეთონ განცხადებები...

წავიდა ის დრო, როდესაც ერთი საათი ითვლებოდა ხოლმე ოქროს საათად, როდესაც რეაგირება უნდა მოგეხდინა კრიზისზე... ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სოციალური მედიის ეპოქაში და ოქროს ერთი საათი აღარ არის. ახლა გვაქვს ოქროს ერთი წამი“.

22 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალდებების მთავარი სამიზნე მედიასაშუალებები და ძირითადად ის ტელევიზიები გახდნენ, რომელთა ეთერშიც ერთ-ერთმა მძევალმა თავდამსხმელის მითითებით დარეკა და პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

ხელისუფლების მხრიდან მოხდა მედიის დადანაშაულება სპეცოპერაციის დეტალების პირდაპირ ეთერში გადაცემისა და გამჟღავნების კუთხით, რამაც ბევრს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია გაახსენა.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში სწორად მოქმედება მოეთხოვება ყველას, მათ შორის მედიასაც, და არავინ უნდა შეუწყოს ხელი ტემპერატურის მომატებას.

მაგრამ რა არის სწორი სიტუაცია? ვინ განსაზღვრავს და ვინ აწესებს კონკრეტულ საზღვრებს?

რადიო თავისუფლებას გიორგი გობრონიძე ეუბნება, რომ კრიზისული ვითარების განსაზღვრა და სწორი მოქმედებების სტრატეგიის შემუშავება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მოეთხოვება და „როგორც ჩანს, იმავე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სახელმწიფომ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა“.

გობრონიძის თქმით:

  • „თითის გაშვერა მხოლოდ ჟურნალისტებისკენ არ არის სწორი... პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების სიმშვიდე და დაცულობა“;
  • „სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ხალხის კონცენტრირება სახიფათო ზონაში... თუ საჭიროა, გარკვეულ რადიუსზე უნდა აიკრძალოს კიდეც ხალხის გადაადგილება, თუკი ვთქვათ ბრმა ტყვიის საფრთხე არსებობს“;
  • „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მედიის იმგვარი მუშაობა, რომელიც იქნება უსაფრთხო და თან, ხელს არ შეუშლის სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას“.

საზოგადოების სიმშვიდის მთავარ გასაღებად გიორგი გობრონიძე თვლის სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

„რისთვის სჭირდება შს სამინისტროს ან სხვა უწყებებს იგივე სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური?! უნდა იყოს გაწერილი სწორი საინფორმაციო პოლიტიკა. კრიზისების დროს საზოგადოებამ სწორი გზავნილები უნდა მიიღოს და უნდა დაიჯეროს, რომ დაცულია...

ბანკში მძევლებს ჩვენთან ყოველდღე ხომ არ იყვანენ?! ამიტომ შეშფოთდა საზოგადოება... ასეთ დროს ინფორმაციული ვაკუუმი სარისკოა, რადგან ჩნდება დიდი სივრცე ინტერპრეტაციებისთვის და პანიკისთვის... მეც შემეშინდა, არ დაგიმალავთ. რადგან ეს შენობა სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა საოკუპაციო ხაზიდან“.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის, გიორგი გოგუაძის თქმით, სრულ სურათს თუ გადავხედავთ, სახელმწიფომ კარგად გაართვა თავი მთავარ მიზანს და უვნებლად გადაარჩინა მძევლები. სხვა დანარჩენი კი, სადისკუსიო თემებია და, მაგალითად, შიშის მენეჯმენტისა თუ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მხრივ „გაკვეთილების სწავლის მომენტია... და რაც უფრო მეტი პროტოკოლი იარსებებს კრიზისთან გამკლავების მხრივ, უკეთესი იქნება - პოლიტიკის კარგი მართვა და მენეჯმენტი არის, როდესაც შენ წინასწარ ემზადები ასეთი ფაქტებისთვის... საკითხი ისე კი არ დგას - მოხდება თუ არა, არამედ - როდის მოხდება“.

მძევლების უვნებლად გადარჩენა უდავოდ მისასალმებელი და აუცილებელი შედეგია გიორგი გობრონიძისთვისაც. თუმცა ეს საკმარისი არ არის - თუკი დამნაშავეს დანაშაული და წაღებული ფული შერჩება - კარგია, რომ სახელმწიფომ გამოიჩინა მოთმინება, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოთმინება არ აღმოჩნდეს სისუსტე და სწორედ სისუსტე იქნება - თუკი თავდამსხმელს სწრაფად არ დაიჭერენ“.

თუკი თავდამსხმელს დროულად ვერ დააკავებენ, ეს დააზიანებს სახელმწიფოს იმიჯსა და რეპუტაციას, - თვლის ასევე გიორგი მოლოდინი. მისი შეფასებით, საზოგადოების ძირითადი ნაწილის გარდა, სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს კრიმინალური სამყაროსკენ გაგზავნილ მესიჯზეც - „ასეთი შემთხვევები ჩვენთან, ამ ქვეყანაში არ გაგივათ“.

„ჯერ არაფერი დასრულებულა, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს მოცემულობა, რომ თავდამსხმელმა 500.000 დოლარი წაიღო, პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამე ტყვედ ჰყავდა და კვლავ არ ვიცით, სად არის და საერთოდ, მოვახერხებთ თუ არა მის დაკავებას“, - ეუბნება მოლოდინი რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG