Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ზუგდიდზე: დაუსჯელობის აღქმა რომ არ გაჩნდეს, შსს-მ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი პირის დასაკავებლად. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უმთავრესი ამოცანა იყო, რომ გუშინ სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულებულიყო, თუმცა ამის შემდეგ სამართალდამცავებს აქვთ სხვა ვალდებულება შესასრულებელი.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა, ეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული... ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის აღქმის გაჩენა", - განაცხადა გახარიამ.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG