Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ადამიანები, რომლებიც დაიხოცნენ და ხელახლა დაიბადნენ" - ოსვენციმს გადარჩენილები გათავისუფლების 80 წელს აღნიშნავენ

"ადამიანები, რომლებიც დაიხოცნენ და ხელახლა დაიბადნენ" - ოსვენციმს გადარჩენილები გათავისუფლების 80 წელს აღნიშნავენ


ოსვენციმი ქალაქია პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე სოლის ვისლასთან შეერთების ადგილას. 1940-1945 წლებში აქ მდებარეობდა ოსვენციმის, იგივე სიკვდილის ბანაკი.
ოსვენციმი ქალაქია პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე სოლის ვისლასთან შეერთების ადგილას. 1940-1945 წლებში აქ მდებარეობდა ოსვენციმის, იგივე სიკვდილის ბანაკი.

27 იანვარს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღეს სიკვდილის ბანაკს გადარჩენილები - მაშინ ბავშვები, ახლა კი ღრმად მოხუცები - ყოველწლიურად აღნიშნავენ.

1940-1945 წლებში ნაცისტებმა ოსვენციმში მილიონ ასი ათასამდე ადამიანი დახოცეს, აქედან მილიონი ებრაელი იყო. მათ გარდა იყვნენ ბოშები, პოლიტიკური პატიმრები და საბჭოთა ტყვეებიც.

ანასტასია ჰული 99 წლისაა. დღემდე დეტალურად ახსოვს ის, რაც თავს 80 წლის წინ გადახდა. „ჩვენგან მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დაიხოცნენ და ხელახლა დაიბადნენ“, - უყვება ანასტასია რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

ის ნაცისტების სიკვდილის ბანაკში მას შემდეგ მოხვდა, რაც გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, იძულებით შრომისგან ცდილობდა თავის დაღწევას.

ანასტასია ჰული ოსვენციმში (აუშვიცი) 5 წლის წინ ჩავიდა, სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 75 წლისთავზე.
ანასტასია ჰული ოსვენციმში (აუშვიცი) 5 წლის წინ ჩავიდა, სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 75 წლისთავზე.

წელს ანასტასია პოლონეთში აღარ ჩავიდა - ყოველწლიურ შეკრებებზე სულ უფრო ნაკლებად ჩანან ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანეს. 80 წლისთავზე ჰოლოკოსტს გადარჩენილი დაახლოებით 50 ადამიანი მივიდა საკონცენტრაციო ბანაკში და დაღუპულებს მიაგო პატივი.

ღონისძიებას ტრადიციულად პოლიტიკოსები, მონარქები და დიპლომატებიც შეუერთდნენ.

მართალია, ოსვენციმი თავის დროზე საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, მაგრამ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეხვედრაზე აღარ იწვევენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

„ჩვენ დაღუპულებს ვიხსენებთ, მაგრამ თავისუფლებასაც აღვნიშნავთ, - თქვა ოსვენციმის მუზეუმის დირექტორმა პიოტრ ცივინსკიმ, - რუსეთი როგორ უნდა ესწრებოდეს, როდესაც არაფერი გაეგება, თავისუფლება რა ღირებულებაა“.

ისიც სადავო იყო, დაესწრებოდა თუ არა ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღონისძიებას. პოლონეთი წევრია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი, რომელმაც ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.

პოლონეთის ხელისუფლება ნეთანიაჰუს დაჰპირდა, რომ თუ ჩამოვიდოდა, არ დააპატიმრებდნენ, მაგრამ მან ღონისძიებაზე დასწრებაზე მაინც უარი თქვა.

მკვლევრები დღემდე მუშაობენ ოსვენციმთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. დაღუპულთა უმეტესობის ვინაობა დღემდე დაუდგენელია, რადგან ნაცისტებმა ბანაკის ინფრასტრუქტურასთან ერთად ჩანაწერებიც გაანადგურეს.

კშიშტოფ ანტონჩიკი, მუზეუმის ციფრული საცავის უფროსი, ჰყვება, თუ როგორ ახარისხებდნენ ტყვეებს.

„ძალიან მოხუცები და ძალიან პატარები მაშინვე სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. ჩამოყვანილების 80-90 პროცენტს ეგრევე გაზის კამერებში აგზავნიდნენ. მათ არც აღწერდნენ. ამიტომ ახლა ჩვენთვის პრობლემაა მათი ვინაობის დადგენა, უკვალოდ გაქრნენ“.

1992 წელს ისტორიკოსებმა მოიპოვეს გარდაცვალების ცნობები, რომლებიც საბჭოთა ჯარებს რუსეთში ჰქონდათ წაღებული, მაგრამ ეს მაინც არ არის სრული დოკუმენტაცია. გადარჩენილი ჩანაწერების მიხედვით, მკვლევრებმა 400 ათასი ტყვის 60 პროცენტის ვინაობა დაადგინეს.

900 ათასი დაღუპულის სახელის გასაგებად კი სცადეს ტრანსპორტირების სიები გამოეყენებინათ, მაგრამ არსად წერია, თუ რა დაემართათ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ოსვენციმში მიიყვანეს.

„ჩვენ გვაქვს ე.წ. მატარებლის ბილეთები ბერძენი ებრაელებისა. 30 ათასი პატარა ბარათი. ეს უნდა მოწმობდეს, რომ ეს ხალხი დეპორტირებული იყო. 50 ათასზე მეტი ბერძენი ებრაელი გაასახლეს. დიდი ნაწილი ოსვენციმში ჩასვლისთანავე დახოცეს. გვაქვს ეს ბილეთები, მაგრამ უმეტესობის სახელები მაინც არ ვიცით, რადგან მათ არავინ აღწერდა.

იგივე ხდება უნგრელ ებრაელებთან დაკავშირებითაც. ბანაკის გათავისუფლების წინა დღემდე გრძელდებოდა მათი დეპორტაცია. დღეში 3-4 მატარებელი მოდიოდა და ათასობით უნგრელი ებრაელი მოჰყავდა. არც მათი სახელები დაგვრჩა, - ამბობს კშიშტოფ ანტონჩიკი, - მათი სახელების ამოცნობა საჭიროა არა მხოლოდ ისტორიისთვის და კვლევისთვის, არამედ ნათესავებისთვის, მომავლისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, რათა ეს სახელები მონუმენტად გვქონდეს“.

27 იანვრის აღნიშვნა, ყოველ წელს საშუალებას იძლევა, კიდევ ერთხელ მოხდეს ანტისემიტიზმის, როგორც მოვლენის შეფასება. ამ წელს, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების კომისარმა ფოლკერ თურქმა განაცხადა, რომ ვითარება „გაუარესებულია“.

24 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა: „ებრაელები მზარდი დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის წინაშე დგანან“.

ივლისში, ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 13 წევრ სახელმწიფოში მცხოვრებ ებრაელებს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ 80 პროცენტს სჯეროდა, რომ ანტისემიტიზმი გაძლიერდა და ანტისემიტური ინციდენტები გაიზარდა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის (აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული) თავდასხმის შემდეგ.

ჰულიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკონცენტრაციო ბანაკის მოგონებები მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს. მიუხედავად დაუვიწყარი ტკივილისა, ის ირწმუნება, რომ გულში სიძულვილი არ დარჩენია.

„ჩაიხედეთ ჩემს გულში და სულში. იქ ვერ იპოვით შურისძიების სურვილს ან გერმანელებისადმი სიძულვილს“, ამბობს ანასტასია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG