10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის 11 აპრილს დანიშვნა სთხოვეს; საღამოს დააზუსტეს, რომ საკითხის განხილვა არა 11 აპრილს, არამედ მომავალ კვირაში აწყობთ და პრეზიდენტს მოუბოდიშეს. ზოგადად კი, ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 მანდატს აგროვებს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აქვს ბერკეტი, რომ მოსამართლეები დაიბაროს და გამოკითხოს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ე.წ. კლანის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ თავად მოსამართლეებისგან მოისმენენ.
სხვადასხვა დროს, არაერთ ყოფილ მოსამართლეს გაუხმაურებია ფაქტები, რომლებითაც არ დაინტერესებულან საგამოძიებო სტრუქტურები.
ხელისუფლებაც ზეწოლაზე ლაპარაკობს, მაგრამ არა „კლანის“, არამედ - საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბარებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 10 აპრილს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეტალების დაუკონკრეტებლად, თქვა, რომ მოსამართლეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ საქმიანობაში ჩარევის შესახებ.
50 აუცილებელი მანდატი
10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, რიგგარეშე სხდომის 11 აპრილს დანიშვნის თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა; ხოლო დანარჩენებზე ითქვა, რომ სიტყვიერი თანხმობა არსებობს.
ოპოზიციონერებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაეჭირათ "რეფორმების ჯგუფის" დადგენილების პროექტისთვის - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. დეპუტატები განმარტავდნენ, რომ სურთ არა მარტო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ოთხი პირის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის უკანონო ქმედებების შესწავლა.
10 აპრილს, საღამოს, თარიღთან დაკავშირებული გეგმა შეიცვალა. დაადგინეს, რომ თუკი სხდომა მეორე დღეს დაინიშნებოდა, მანდატები არ ეყოფოდათ, რადგან „ორმა დეპუტატმა მოულოდნელად დატოვა საქართველო“. ამიტომ ოპოზიციამ კვლავ მიმართა პრეზიდენტს - აღარ დაენიშნა რიგგარეშე სხდომა. „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისიის შექმნის საკითხს მორიგ სხდომაზე, მომავალ კვირაში, გაიტანენ.
აღმოჩნდა, რომ ის ორი დეპუტატი, რომელმაც საქართველო „მოულოდნელად დატოვა“, ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლონეთში იმყოფებიან.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერა რადიო თავისუფლებას არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუდასტურა. როგორც დაითვალეს, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ინიციატივას 52 მხარდამჭერი ჰყავს.
წინასწარი ინფორმაციით, ფრიდონ ინჯიას „ევროპელ სოციალისტებს“ კომისიის შექმნა არ სურთ. ინჯიამ 10 აპრილს, ექსპრტეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომიისის შექმნა მოითხოვა.
2022 წლის სექტემბერში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს მოუწოდებდა, რომ შეექმნათ საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად. ისინი თვლიდნენ, რომ „კლანის“ საქმიანობა აუცილებლად უნდა გამხდარიყო გამოძიების საგანი, მათ შორის - ყოფილი მოსამართლეების (ნათია ქუთათელაძე, ანა ღელეყვა, ბესარიონ ალავიძე) მონათხრობის საფუძველზე.
„ბევრი დამოუკიდებელი მოსამართლე ახლა მზად არის, რომ „ქართული ოცნების“ კლანური დავალებების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა 10 აპრილს, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრო ჯაფარიძემ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება შარშან თებერვალში შეუწყვიტა. ეს საკითხი, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითი, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში. ეჭვები ამ შემთხვევაშიც სასამართლოს პოლიტიზებასთან დაკავშირებით არსებობს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ძირითადად აშშ-ის მხრიდან სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფაზე ლაპარაკობს, თვლის, რომ გამოსაძიებელი არაფერია.
10 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა თავისუფალია“ კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან“ და ის საამაყო მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული. პრემიერი ასეთივე წარმოდგენისაა თავად სანქცირებულ პირებზეც:
„ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცის, რომ არიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, გაძლიერებას“.
ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო სისტემას ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება მოსამართლეთა „ინიციატივებს, ახალ პროგრამებს“.
შეხვედრის შემდეგ კონკრეტული ფაქტები და გვარები არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ - პრემიერს ყველაფერი კონკრეტულად უამბეს. ეს ფაქტი დაადასტურა თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც.
„მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ჩარევა, იქნება ეს შიდა, მთავრობის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“, - თქვა პრემიერმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამავე ბრიფინგზე, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას "შეცდომა" უწოდა და ისიც თქვა, რომ აშშ-სგან შეცდომის აღიარებას ელის.
რა უთქვამთ და რა შეიძლება თქვან?
ბოლო წლების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ზეწოლის ფაქტების შესახებ ძირითადად ყოფილი მოსამართლეები ლაპარაკობენ; ხოლო მოქმედ მოსამართლეებში არიან ისეთები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია არაერთხელ გაუსაჯაროებიათ.
ე.წ. კლანის ბერკეტებსა და გამოყენებულ მეთოდებზე, 2022 წელს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე, სისტემიდან უკვე წასული ბესარიონ ალავიძე ალაპარაკდა. ის ამბობდა, რომ:
- არაერთი მოსამართლე გახდა „დევნის ობიექტი“, „აიძულეს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სისტემიდან“ ან „აიძულებდნენ გადასულიყვნენ დაბალი ინსტანციის სასამართლოში“;
- იყო „მითითება“ და „თხოვნა“, „გარკვეული გადაწყვეტილებების“ მიღებაზე, რომ „ეს იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული“.
- ხდება „ქუჩური წესებით“ საქმის გარჩევა, დაბარება კაბინეტებში და პირდაპირი მოწოდება, რომ დადგეს ეს შედეგი“.
ე.წ. კლანის წევრებად მოხსენიებულმა მოსამართლეებმა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბესარიონ ალავიძის განცხადებებს არაერთხელ უწოდეს ცილისწამება, თქვეს, რომ ის განაწყენებული იყო და "არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებაც" ახსენეს.
2021 წლის ნოემბერში, 20-მდე მოქმედი მოსამართლე გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილებოდა. საერთაშორისო პარტნიორების მორიგი კრიტიკა მაშინ შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას საწინააღმდეგო რეკომენდაციის ფონზე.
თავიანთი პოზიცია მოსამართლეებმა, ძირითადად ფეისბუკში - თავიანთი პოსტებითა თუ კოლეგების პოსტებზე კომენტარებით გამოხატეს. ამ სიაში იყვნენ მოსამართლეები სხვადასხვა ინსტანციიდან და მათ შორის - სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც მანამდეც და მას შემდეგაც, რიგ საკითხებზე, თავისუფლად გამოხატავდა თავის კრიტიკულ პოზიციას.
- 2021 აგვისტოში, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ქეთევან მესხიშვილის კანდიდატურის დამტკიცებას უზენაეს სასამართლოში, უვადო მოსამართლედ.
- 2021 წლის დეკემბერში, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაამტკიცა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, თამარ ოქროპირიძე; რომელმაც პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განმარტა, რომ სრულად იზიარებდა კომიტეტის მიერ ელჩების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ განცხადებას.
ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთია იმ ხუთ მოსამართლეს შორისაც - რომელმაც, 2022 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, დამტკიცებული ცვლილებების წინააღმდეგ. ეს ცვლილებები პარლამენტმა, 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.
ქეთევან მესხიშვილის, ეკა არეშიძის, მამუკა წიკლაურის, მადონა მაისურაძისა და თამარ ზარანდიას სარჩელი უკავშირდება კანონის არაერთ ახალ ნორმას და მათ შორის - თანხმობის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანას ერთი სასამართლოდან მეორეში თუ მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმას „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“.
„ეს საკითხები სახიფათოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის, მათი კონსტიტუციური დაცვის გარანტიებისთვის, რადგან შესაძლოა შეზღუდოს მათი უფლებები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების ინტერესებს იცავს. თავად მოსამართლეებთან საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.
„გასაჩივრებული ნორმები საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში... ყოველგვარი ზუსტი კრიტერიუმების გარეშე, შეიძლება მოსამართლე გაუშვან 2-წლიან მივლინებაში თბილისიდან ქედაში, ანდა პირიქით. არ არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი...
მოსამართლეს პოლიტიკური საქმიანობა ისედაც აკრძალული აქვს; ხოლო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რას ნიშნავს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“, ამიტომ, თეორიულად, შესაძლებელია, რომ დისციპლინური დევნა დაიწყოს მოსამართლეზე - ვთქვათ, უკრაინის დროშის ფოტოს გამოფენის ანდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის შემთხვევაში“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლევან ალაფიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა სარჩელი წარმოებაში შარშან აპრილში მიიღო, მაგრამ განხილვა არ დაწყებულა. მეორე მხრივ კი - სწორედ ამ სარჩელს ასახელებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთ-ერთ არგუმენტად იმისა, თუ რატომ ვერ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში.
2023 წლის 11 თებერვალს ალაფიშვილმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს - მოსამართლეთა სარჩელის ოპერატიულად განხილვის მოთხოვნით, მათ შორის - ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჭრილში. მაგრამ პროცესი არ დაჩქარებულა. იურისტი გვეუბნება, რომ პასუხი მარტში მიიღო - საკონსტიტუციო სასამართლო ატყობინებს, რომ პლენუმი კანონით დადგენილ ვადებში შეიკრიბება, თუმცა ჯერ ისევ უცნობია - როდის.
"საკონსტიტუციო სასამართლო და პარლამენტი, ხელისუფლება, ერთად იყენებს ჩვენს სარჩელს მათი ზრახვების განსახორცოელებლად, რომ არ შეიტანონ [ვენეციის კომისიის მიერ მოთხოვნილი] ცვლილებები კანონში... ჩემდა სამწუხაროდ ვამბობ ამას, რადგან ჩვენი სამშობლოსთვის ცუდ და ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელ საკითხზე ვსაუბრობ", - გვეუბნება ალაფიშვილი.