პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. მანამდე ოპოზიციის 46 წარმომადგენელი პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა.
როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას მათთვის უცნობი იყო.
„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს, რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა, მაგრამ საკითხის ჩავარდნას ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება. ამიტომ მივმართავთ კვლავ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შესატანი აღნიშნული საკითხი ეხებოდა „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტს, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
განახლება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში იმყოფება. ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.
13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.
„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაარეგისტრირა. მანამდე ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდა, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.
სასამართლოს საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 5 აპრილს შეიძინა. აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.