პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის "დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან". უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მანვე თქვა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველა მოსამართლეს.
"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ჩარევა, იქნება ეს შიდა, მთავრობის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. ჩვენ ბოლო 10 წელში, რეფორმების შედეგად აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რაც შეიქმნა - როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე მტკიცებით, სასამართლო, ოთხი ტალღის რეფორმით, ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ ევროკავშირში:
"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ჩვენი მოსამართლეებით, ისინი არიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის".
ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას "შეცდომა" უწოდა და, როგორც აღნიშნა, ელის, რომ აშშ შეცვლის გადაწყვეტილებას.
"ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება..." - თქვა მან.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქცია დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.