Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლით


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა სამაგალითოა. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან უზენაეს სასამართლოში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის.

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს მისი პირველი საჯარო შეხვედრაა მოსამართლეებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანს აშშ-მა სანქცია დაუწესა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამაგალითო უწოდა სანქცირებულ მოსამართლეებსაც.

"ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცის, რომ ესენი არიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, გაძლიერებას", - დასძინა მან.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG