Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესის თავმჯდომარე მოსამართლეთა სანქცირებაზე აშშ-სგან "შეცდომის აღიარებას" ელის


ნინო ქადაგიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნინო ქადაგიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უზენაეს სასამართლოში შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა.

"ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება..." - თქვა მან.

ნინო ქადაგიძე მხარდაჭერას უცხადებს სანქცირებულ მოსამართლეებს.

"სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ხმამაღლა მინდა ვთქვა, არც ერთხელ არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ...

მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები მათი და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი..." - თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას შეცდომა უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმაც.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG