Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მოსამართლე ივანიშვილს მიმართავს, „კლანის წევრ მოსამართლეებს“ შინ წასვლა ურჩიოს


ბესარიონ ალავიძე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ფეისბუკზე გამოქვეყნებული ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, სასამართლოს „კლანის“ წევრებს შინ წასვლა „შინაურულად ურჩიოს“. ამავე მიმართვაში ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ თუ მისი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საფრთხე შეექმნებათ, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.

მოგიწოდებთ უშუალოდ მიმართოთ სასამართლოს "კლანის" წევრებს, "შინაურულად" და ურჩიოთ სახლში წასვლა, მართლაც ელოდა მთელი სასამართლო კორპუსი მათგან გათავისუფლებას, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუეთ პატიოსან და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს. ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება, არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი. ჩემი რჩევა, გინდაც თხოვნა ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს, ისინი ხომ ამ გზით მოვიდნენ დღეს არსებულ პოზიციებზე", - აღნიშნავს ბესარიონ ალავიძე.

მიმართვაში ის წერს, თუ როგორც უხსნიდნენ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები მოსამართლეებს წინა და მოქმედი ხელისუფლებისადმი მორჩილების აუცილებლობას.

"გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც "ახალი მორჩილების" ამბავს, - "ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო." სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით, დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს რომ ამას ვერ მიიღებთ "კლანური" მმართველობის პირობებში. თქვენ გაქვთ შანსი გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტორიული მისია. შეგიძლიათ წარსდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!“ - წერს ბესარიონ ალავიძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბესარიონ ალავიძე 2011 წლის 22 თებერვალს აირჩიეს 10 წლის ვადით. 2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა გაუვიდა. 2011 წლამდე ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

2019 წელს, ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის პოზიციიდან, ბესარიონ ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობების” სისტემაზე საუბრობდა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას წლის ბოლომდე 12 პუნქტის შესრულება დაავალა. მათ შორის ერთ-ერთი გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. "მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ", - წერია ევროკომისიის იმ რეკომენდაციებში, რომლებიც ევროპულმა საბჭომ გაიზიარა.

სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" აღმოსაფხვრელად, რაც, მათი განცხადებით, აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამგვარი მოწოდებით სამოქალაქო სექტორი 27 ივნისსაც გამოვიდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მეორე 5-წლიანი ვადით მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია, სრული მხარდაჭერით. მას "სასამართლო კლანის" მნიშვნელოვან ფიგურანტად მოიაზრებს არასამთავრობო სექტორი.

მმართველი გუნდი სასამართლოში "კლანის" არსებობას და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას უარყოფს.

XS
SM
MD
LG