Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: მთავრობას რა როლი გვაქვს საერთოდ?


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვებზე პასუხად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი და დასავლელი პარტნიორები აძლევდნენ. კერძოდ, მისი თქმით, რჩევა იყო, რომ "მოსამართლეებს არ შეხებოდნენ" და მოსამართლეთა ნაწილი უვადოდ ყოფილიყო განწესებული.

“მე ყოველთვის ვეუბნები ყველას და მინდა გავიმეორო, თქვენ მოგმართოთ კითხვით: როცა 300 მოსამართლე ირჩევს ადამიანებს, მოსამართლეებს, ჩვენ, მთავრობას რა როლი გვაქვს საერთოდ? ამ მოსამართლეების გვარებიც არ ვიცი. 300 მოსამართლე, რომლებიც მუშაობდნენ შევარდნაძის დროს, დაინიშნნენ სააკაშვილის დროს, ახლა სხვებიც შეემატნენ. რა როლი აქვს მთავრობას და პარლამენტს, გარდა იმისა, რომ უზრუნველყონ ინსტიტუციების შეუფერხებლად მუშაობა და არ დავარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია. რას ითხოვთ ჩვენგან საერთოდ? ეს ერთი. მეორე: დღეს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სამართალს პოულობს საქართველოში. ვინც ვერ პოულობს, შეუძლიათ მიმართონ სტრასბურგს. ეს არის თავისუფალი სასამართლო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. მისი შეფასებით, არასამთავრობო სექტორი დღეს იმის საპირისპიროს ითხოვს მთავრობისგან, რის გაკეთებასაც სთხოვდა 8-9 წლის წინ.

"რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის მართლაც კარგი სასამართლო. ბევრი პროფესიონალი, ღირსეული მოსამართლე ჰყავს ჩვენს ქვეყანას", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მდგომარეობა. მან ასევე მიუთითა ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა, საქართველოს დახასიათებისთვის არ გამოიყენოს ისეთი ეპითეტები, როგორიცაა, მაგალითად, "მაჩანჩალა."

გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და მისი განხორციელება ერთ-ერთია იმ 12 მოთხოვნას შორის, რომლებიც ევროკომისიას აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. დასავლეთი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართული უნდა იყოს ბევრი პოლიტიკური პარტია, საბოლოოდ კი, სასამართლო ინსტიტუტები და პროკურატურა უნდა მუშაობდნენ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ.

საქართველოში 23-24 ივნისს ელოდებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამია, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

XS
SM
MD
LG