Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისცემენ უკრაინას Patriot-ებს?


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგი გამართეს ბუქარესტში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში. 29 ნოემბერი, 2022 წელი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგი გამართეს ბუქარესტში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში. 29 ნოემბერი, 2022 წელი.

ნატოსა და აშშ-ში უკრაინის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელ პრიორიტეტად მიიჩნევა და რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფი ქვეყნისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ (Patriot) გადაცემაზეც მსჯელობენ; თუმცა მნიშვნელოვანი შეკითხვები ამ ეტაპზე ისევ პასუხგაუცემელია.

„პეტრიოტს“ შეუძლია მასშტაბურად და ეფექტიანად მოიგერიოს რუსული რაკეტები და ბომბდამშენები, რომლებიც უკრაინაში, არმიის გარდა, მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა განსაკუთრებულად პრიორიტეტული გახდა, რაც რუსეთი ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს და ენერგოობიექტების განადგურებით, უკრაინელები სიბნელესა და სიცივეში დატოვოს.

„პეტრიოტებთან“ დაკავშირებულ საერთაშორისო დისკუსიებს ძლიერი უკმაყოფილება მოჰყვა რუსეთში.

დისკუსიები „პეტრიოტებზე"

29 ნოემბერს, ბუქარესტში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატოელი მოკავშირეები განიხილავენ უკრაინისთვის ყველა შესაძლო სახის დახმარებისა და მათ შორის - „პეტრიოტების“ გადაცემას.

ამავე პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ პარტნიორებს საჭიროებათა კონკრეტულ სიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გააცნობდა, მოგვიანებით დაგეგმილ სამუშაო ვახშამზე, რომელზეც უკრაინის გარდა, ნატოს მოკავშირეებმა მხოლოდ შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ალიანსში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება რატიფიცირების ეტაპზეა.

პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, სტოლტენბერგმა კულებასთან ერთად ბრიფინგი გამართა და უკრაინელმა მინისტრმა მედიას უთხრა, რომ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზეც მსჯელობენ. ამ კონტექსტში, კულებამ Patriot-ები ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-ებსა და Hawk-ებთან ერთად ახსენა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტნიორებთან, ბუქარესტში, ჩავიდა მოწოდებით - „უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად და უფრო სწრაფად!“

კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ ნატოს გენერალურ მდივანს „ყველა საკითხთან დაკავშირებით“ მისნაირი პოზიცია აქვს.

პარალელურად, საერთაშორისო მედიამ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პეტრიოტების“ უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე პენტაგონშიც მსჯელობენ.

„განიხილება ყველა ვარიანტი, - უპასუხა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, - მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ები“.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „პეტრიოტების“ თემა სხვადასხვა დროს აქტუალური ხდებოდა, ხოლო ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც გერმანიამ ეს სისტემა პოლონეთს შესთავაზა. ამას წინ უსწრებდა რაკეტის ჩამოვარდნა და ორი ადამიანის დაღუპვა უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის ტერიტორიაზე.
პოლონეთმა მოითხოვა, რომ „პეტრიოტები“ არა მას, არამედ პირდაპირ უკრაინას გადასცემოდა, რაზეც გერმანიაში განმარტეს, რომ ეს ნატოს გადასაწყვეტი იყო. უკვე 29 ნოემბერს, ბუქარესტში შეკრებილმა ნატოელმა მინისტრებმა ამ საკითხის განხილვა დაიწყეს.
მედიის თანახმად, ამ საკითხს ბუქარესტის სამიტის ფარგლებშიც აქტიურად ლობირებდა ვარშავა.

გადაწყვეტილია თუ არა გადაცემის საკითხი?

ჯერჯერობით დანამდვილებით არავის უთქვამს, რომ ამა და ამ დროს უკრაინას „პეტრიოტებს“ გადავცემთო, თუმცა, როგორც უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, დიალოგის დაწყება უკვე კარგია, რადგან იგი, ადრე თუ გვიან, შეიარაღების გადაცემით დასრულდება.

შეკითხვები გააჩინა პენტაგონის პრესმდივნის, პატრიკ რაიდერის განცხადებებმა.

29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არა აქვს კონკრეტული გეგმა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების გადაცემის შესახებ; თუმცა, ასევე მისი სიტყვებით, „გაგრძელდება ეს დისკუსიები“ და „თუ და როცა იქნება გამოსაცხადებელი ინფორმაცია, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

რუსეთის მედიამ პენტაგონის პრესმდივნის სიტყვები თარგმნა იმ შინაარსით, რომ აშშ გამორიცხავს უკრაინისთვის „პეტრიოტების“ მიწოდებას და იქვე მრავალმნიშვნელოვნად დაურთო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის გუშინდელი მუქარის ტექსტიც.

ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, არაადეკვატურობით გამორჩეულმა მედვედევმა ნატოს „კრიმინალური თანამეგობრობა“ უწოდა და დასძინა, რომ - „თუკი ნატო უკრაინელ ფანატიკოსებს მოამარაგებს Patriot-ის სისტემებით და პერსონალით, ისინი დაუყოვნებლივ იქცევიან ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნეებად“. კონკრეტულად ვინ ან რა განიხილება სამიზნედ, მედვედევი არ აკონკრეტებს.

რაიდერი ამბობს, რომ „პეტრიოტის“ სისტემების გამოყენებას წინასწარი მომზადება და მასშტაბური მომსახურებაც ესაჭიროება. „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა და გამოყენების დაწყება“, - თქვა მან. პენტაგონის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან ერთად აქტიურად განიხილება, „რა შეიძლება მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალურად სწრაფად იმისთვის, რომ დაიწყონ გამოყენება დაუყოვნებლივ“.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების განმარტებით, უკრაინისთვის ისიც სასარგებლო იქნება, თუკი „პეტრიოტის“ სისტემები პოლონეთის ტეროტორიაზე განთავსდება. როგორც უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი აღნიშნავს, თუკი „პეტრიოტები“ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განთავსდება, დაცული იქნება უკრაინის ცის 100-კილომეტრიანი მონაკვეთი და უკრაინას საშუალება მიეცემა, რომ სხვა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები დანარჩენი ტერიტორიის დასაცავად გადაანაწილოს.

რა შესაძლებლობები აქვს Patriot-ს?

„პეტრიოტი“ შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებაში პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში მიიღეს, თუმცა მას შემდეგ, მოდერნიზების არაერთი ეტაპი გაიარა.

მისი მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრი და მეტია. შეუძლია საბრძოლო თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების (15-20 კმ-ის რადიუსზე) განადგურება. იწონის 320 კილოგრამს, რაკეტის სიგრძე 5.2 მეტრს შეადგენს.

„პეტრიოტის“ კომპლექტი ასრულებს 4 ოპერატიულ ფუნქციას: კავშირი, მართვა, რადიოლოკაციური მეთვალყურეობა და რაკეტა-გადამტაცების მართვა. ერთი კომპლექტის სამართავად, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი და თანამგზავრის დახმარებაა საჭირო.

მის განსაკუთრებულ ღირსებებად სპეციალისტები ასახელებენ, საბრძოლო მზადყოფნაში სწრაფად მოყვანისა და რამდენიმე სამიზნისთვის ერთდროულად სროლის შესაძლებლობას.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა უკრაინისთვის „პეტრიოტების“ გადაცემის საკითხს, მათი სიძვირიდან გამომდინარე. მაგალითად, ოქტომბერში მან დათვალა, რომ დნეპრის (დნიპრო) სიდიდის, მილიონიანი ქალაქის დაცვისთვის „პეტრიოტის“ კომპლექტის (9 ბატარეა) შესაძენად შესაძლოა 7 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი. „ჩვენ კი, ასეთი მარტო საოლქო 24 ცენტრი გვაქვს“, - აცხადებდა ჟდანოვი.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, მოდერნიზებული „პეტრიოტის“ ერთი ბატარეა მილიარდი დოლარი ღირს; ხოლო რაკეტის ღირებულება 3 მილიონ დოლარს უტოლდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG