ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარებიან მას რუსეთის შეტევების ფონზე.
„რუსეთის აგრესიის შედეგად, რომელიც მოიცავს გამუდმებულ და უსინდისო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მილიონობით უკრაინელი რჩება საბაზისო მომსახურების გარეშე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში, რომელიც ბუქარესტში მიმდინარე სამიტის მუშაობის პირველ დღეს გამოქვეყნდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვინაიდან ის კვლავაც იცავს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას [...] და იმდენ ხანს დავეხმარებით მას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამიტზე ასევე განიხილავენ სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამუნიცია, საწვავი, მედიკამენტები და ზამთრის აღჭურვილობა.
ჯერჯერობით არ არის ნათელი, იმსჯელებენ თუ არა ალიანსის წევრები შეიარაღების მიწოდების გაფართოებაზე, მათ შორის შემტევ შეიარაღებაზე, რასაც დაჟინებით მოითხოვს უკრაინული მხარე.