Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატო ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ბუქარესტში შეიკრიბნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და მოცულობაზე.

მინისტერიალი გახსნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, ინტერვენციისგან დაიცვას თავისი ტერიტორიის ყოველი გოჯი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი „არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში“, მაგრამ მისი წევრები უკრაინას „უპრეცედენტო დახმარებას“ უწევენ, რათა მან შეძლოს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა.

სტოლტენბერგმა რუსეთს ბრალი დასდო „სისასტიკის ტალღების“ გაძლიერებაში, ასევე ახსენა ფინანსური ტვირთი, რომელიც ომის შედეგად დააწვა ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.

„სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვიხდით უკრაინაში რუსეთის ომის საფასურს, მაგრამ ჩვენ ამ საფასურს ვიხდით ფულადი სახით, მაშინ როცა უკრაინა სისხლით იხდის“, - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ ნატო ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას, ვინაიდან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სხვა ავტორიტარ ლიდერებს უბიძგებდა მეტი თავდაჯერებულობით მიემართათ ძალის გამოყენებისთვის საკუთარი მიზნების მისაღწევად. „შეუძლებელია მყარი მშვიდობის მიღწევა, თუკი გამარჯვებას აგრესორი აღწევს“, - თქვა მან.

„ჩვენ ვიცით, რომ ომების უდიდესი ნაწილი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება, მაგრამ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბუქარესტის სამიტი იმითაა ნიშანდობლივი, რომ 14 წლის წინ სწორედ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო მომავალში შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები. ვლადიმირ პუტინმა ამ გადაწყვეტილებას რუსეთის უსაფრთხოებისათვის „პირდაპირი მუქარა“ უწოდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში ალიანის მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რაც უფრო დაცულები იქნებიან ნატოს პარტნიორები, ალიანსი მით დაცულად იგრძნობს თავს.

„სწორედ ამიტომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ, ასევე ქართველ, მოლდოველ და და ბოსნია-ჰერცეგოვინელ კოლეგებს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, მათი მდგრადობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რათა უკეთ დაიცვან თავი. თუ ისინი თავს უკეთ დაიცავენ, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ხვალ, 30 დეკემბერს, ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიას ფინეთის, შვედეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდებიან.

ამჟამინდელ სამიტზე ნატო აპირებს მხარდაჭერა გამოუხატოს უკრაინას და გამოაცხადოს ახალი დახმარების შესახებ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად. ეს კრიზისი განსაკუთრებით გაამწვავა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვამ. მოელიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოაცხადებს „მნიშვნელოვანი“ ფინანსური დახმარების შესახებ.

სამიტზე ასევე განიხილავენ სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამუნიცია, საწვავი, მედიკამენტები და ზამთრის აღჭურვილობა.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, იმსჯელებენ თუ არა ალიანსის წევრები შეიარაღების მიწოდების გაფართოებაზე, მათ შორის შემტევ შეიარაღებაზე, რასაც დაჟინებით მოითხოვს უკრაინული მხარე.

XS
SM
MD
LG