Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მავნებელი  ჭია, მდელოს ფარვანა, კახეთში  მოსავალს ანადგურებს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, მდელოს ფარვანა, შეესია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, მდელოს ფარვანა, შეესია.

განადგურებულია სიმინდის ყანები და  ბოსტნეულის ბაღჩები კახეთში. 

მოსახლეობის ნაწილი ლაგოდეხში ამჯერად მავნებელმა, მდელოს ფარვანამ, დააზარალა. ჭია სწრაფად მრავლდება და ახალ ტერიტორიებს ითვისებს. შედის სახლებშიც. რას ითხოვს მოსახლეობა და რას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაისუბანში, მსხალგორში, ხიზაში, გურგენიანსა და ნინიგორში - საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, მდელოს ფარვანა, შეესია, რომელმაც ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი უკვე გაანადგურა.

დაზარალებულთა შორის არის ვახტანგ დევიძე. მას სოფელ ბაისუბანში ერთ ჰექტარ ფართობზე თეთრი სიმინდი აქვს დათესილი. მოსავლის აღებამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა, მისი ვარაუდით, თუ ტერიტორიები მანამდე არ შეიწამლა, სიმინდის მოსავალს ვერ მიიღეს, რადგან მავნებელმა ნათესი ფართობის ნაწილი უკვე გადაძოვა. ვახო იხსენებს, რომ მავნებელი ჭია სოფელში 28 აგვისტოდან გამოჩნდა და ყოველდღიურად მრავლდება

„დილით რომ მივედი მეურნეობაში, მცენარეს ფოთოლი თითქმის აღარ აქვს, შეჭმულია. ასევე გადაძოვილია ჩვეულებრივი წმინდა ბალახიც და ყველა ის ბოსტნეული, რომელიც სოფელში მოგვყავს. ახლა არსებული მაინც რომ გადავარჩინოთ, ჩვენი ძალებით უნდა დავიწყოთ წამლობა“.

ნინიგორის თემში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მავნებელი საძოვრებსაც ანადგურებს, რის გამოც შესაძლოა საქონელი საკვების გარეშე დარჩეს. ადგილობრივ ლამარა მოლჩანოვას თქმით, მავნებელი ჭია საღამოს საათებში განსაკუთრებით აქტიურდება და მათ საცხოვრებელ სახლებშიც შედის.

მოსახლეობის თქმით, ჭია იმდენად მომრავლდა, რომ დამოუკიდებლად მავნებელთან ბრძოლას ვეღარ ახერხებენ. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვენ შუამდგომლობას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რომ ტერიტორიები ქიმიური პრეპარატებით დამუშავდეს.

„რომელი სახეობის ჭიაა, არ ვიცით, მაგრამ ვხედავ, თუ რამდენად დიდ ზიანს გვაყენებს. აღარაფერი არ დატოვა შეუჭმელი. თვითმმართველობას მივმართეთ. გვითხრეს, დაგეხმარებითო, მაგრამ აქ მოსული ჯერ არავინ გვინახავს“, - განაცხადა ლამარა მოლჩანოვამ.

ადგილობრივი მცხოვრებნი თვითმმართველობის ორგანოებს საყვედურობენ, რომ, არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიპყრეს. ნინო ტალახაძე ვარაუდობს, რომ, პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა წამლობის ჩასატარებლად ავიაციის გამოყენება გახდეს საჭირო:

„ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის. აქ, ნინიგორში, ყველას გვაწუხებს. ალბათ, ვერტალიოტი იქნება საჭირო, რომ შეიწამლოს ტერიტორიები, რადგან ჩვენ მავნებელთან ბრძოლას დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ! გარდა იმისა, რომ ყანებს ანადგურებს, სახლებშიც შემოდიან“.

ინფორმაცია ლაგოდეხის სოფლებში მავნებელი ჭიის მასობრივად გავრცელების შესახებ პირველად რადიო თავისუფლებამ 3 სექტემბერს გაავრცელა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 სექტემბერს, ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების ხელმძღვანელმა ნიკა მესხმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დღეს არსებულ მდგომარეობას სწავლობენ და 5 სექტემბრიდან კრიტიკული ადგილების ქიმიური პრეპარატებით დამუშავება დაიწყება.

„საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები და სავარგულები თერმული ნისლით დამუშავდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი სახის მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანია“, - თქვა ნიკა მესხმა.

მავნებელი ჭია არ არის ერთადერთი, რომელმაც წელს კახელი ფერმერები დააზარალა. რეგიონში რამდენჯერმე მოსულმა სეტყვამ თელავის სოფლებში მევენახეთა ნაწილს ვენახები და სიმინდის ნათესები გაუნადგურა, აგვისტოს თვეში კი წყალდიდობამ ლაგოდეხისა და ყვარლის სოფლები დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და განადგურდა საოჯახო ინვენტარი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG