Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ლარი მორალური ზიანისთვის - რატომ ვერ იღებს 13 ივნისს დაღუპულის ოჯახი პასუხს სასამართლოსგან


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

2015 წლის 13 ივნისიდან 8 წლის შემდეგ გაბიტაშვილების ოჯახი კვლავ ელოდება სასამართლოს პასუხს სტიქიის დროს მათი ოჯახის წევრის დაღუპვის საქმეზე. ტრაგედიით მიყენებული მორალური ზიანი მათ სიმბოლურ 13 ლარად შეაფასეს. საქმე, რომელიც შეიძლებოდა პრეცედენტული გამხდარიყო, სააპელაციო ინსტანციაშია “გაჭედილი”.

თბილისის სტიქიის დროს ერთი დაღუპულის საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ ორჯერ განიხილა - პირველად მან სახელმწიფო გაამტყუნა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებმა დავით გაბიტაშვილს სიკვდილი ვერ აარიდეს. უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციას დაუბრუნა, მოსამართლე გეწაძემ კი მეორე ჯერზე, თითქმის წელიწადნახევრიანი ხელახალი განხილვის შემდეგ, მოულოდნელად,“მიკერძოებულობის” მიზეზით, საქმე აიცილა.

ახლა, ყველაფერი თავიდან დაიწყება - დავით გაბიტაშვილის ისტორია და წყალდიდობის დროს მის დაღუპვაში სახელმწიფოს როლი ახალმა მოსამართლემ უნდა გამოიკვლიოს. პირველი სხდომა 13 თებერვალს არის ჩანიშნული.

დავითის ამბავი

2015 წლის 14 ივნისს, ღამის პირველი საათი ხდებოდა, როდესაც დავითს მეგობარმა მობილურ ტელეფონზე დაურეკა, აინტერესებდა, მივიდა თუ არა უკვე სახლში. დავითმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ მანქანას წყალი ატივტივებდა და ტელეფონი გაითიშა.

ზარიდან 3 დღეში დავით გაბიტაშვილის ცხედარი მზიურის პარკთან, შლამით დაფარული სკოლის ეზოში იპოვეს, მისი მანქანა კი ვერეს ხეობის საპირისპირო მხარეს - ხილიანის ქუჩის ასასვლელთან.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს თბილისის ცენტრში 21 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაიხოცა თბილისის ზოოპარკის 300-მდე ბინადარი. უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი და განადგურდა ვერეს ხეობა.

როცა 13 ივნისის ღამით მეგობარმა ვაკის პარკთან ჩამოსვა, უკვე ძლიერად წვიმდა. დავითი თავის მანქანაში გადაჯდა და სახლისკენ, ცინცაძის ქუჩისაკენ მიმავალი, ვაკის პარკიდან პირდაპირ რამიშვილის ქუჩაზე დაეშვა. პირველის ნახევარზე იგი მზიურის პარკთან, პოლიციის შენობასთან “ახალ გზაზე” გადავიდა. სახლს სულ რამდენიმე წუთი აშორებდა - გზა გადაკეტილი არ არის, დავითს არავინ აფრთხილებს, რომ ის პირდაპირ სტიქიის ზონისკენ მიდის.

ამ დროს 112-მა უკვე იცის, რომ ეს ტერიტორია იტბორება. ორი საათით ადრე ერთ-ერთი მოქალაქე საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეკავს და შეტყობინებას ტოვებს, რომ უჩვეულოდ ძლიერი წვიმის გამო მდინარე ვერე ადიდდა და ძლიერი ნიაღვარი მოდის.

დავითი 40 წლის იყო. პროფესიით ბუღალტერი. მას ორი შვილი, ძმა და დედ-მამა დარჩა.

დავითის ოჯახმა სასამართლოში იმ წელსვე იჩივლა. მისი მშობლები და ძმა დარწმუნებული არიან, 13 ივნისს სახელმწიფოს ეფექტიანად რომ ემოქმედა, დავითი ცოცხალი იქნებოდა.

გაბიტაშვილების ოჯახი დაუდევრობაში 4 სახელმწიფო უწყებას - შსს-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს ადანაშაულებს.

სააპელაციო სასამართლომ ოჯახის ეჭვები და ბრალდებები პირველი განხილვის შემდეგ, 2020 წლის იანვრის ბოლოს დაადასტურა. მაშინ მოსამართლე შოთა გეწაძემ დაადგინა, რომ შსს-მ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს ეროვნულმა სააგენტოებმა აკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობის, ნაკლები ეფექტიანობისა და არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ შეასრულეს ფუნქციები, ვერ განსაზღვრეს პრიორიტეტები, რასაც შეეწირა დავით გაბიტაშვილის სიცოცხლე”.

სასამართლომ ოთხ უწყებას დააკისრა 10 151 ლარი დაღუპულის დაზიანებული მანქანის გამო მატერიალური ზიანის სახით და მორალური ზიანისთვის, სიმბოლურად 13 ლარის ანაზღაურება დავითის მშობლებისთვის.

“[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ჩემთვის მოულოდნელად, მისაღები პასუხი იყო”, - ამბობს დაღუპულის ძმა ლაშა გაბიტაშვილი.

მოსამართლე გეწაძის გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

2021 წლის 13 ივნისს, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ უზენაესი სასამართლო საქმის განხილვას დაიწყებდა, დათოს ძმამ, ლაშა გაბიტაშვილმა ტრაგედიის მე-6 წლისთავზე დაღუპულთა მემორიალთან მისულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან მოახერხა გამოლაპარაკება:

რეაგირებას ვთხოვდი იმაზე, რომ თავის დროზე, 2015-ში, როცა თვითონ პრემიერი იყო, ამ უმოქმედობაზე და იმ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა, ვთხოვე, გამოეკვეთა თანამშრომლები, ხელმძღვანელი პირები, ვინც იმ დროს ვერ შეასრულა მდგომარეობა. შემაწყვეტინეს უცებ და შემხვდითო. იქ ნინო გიორგობიანიც იყო [მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი], მე ვუთხარი, რა ვიცი, წინა წელს გახარიასაც ვუთხარი შეხვედრაზე, უბრალოდ არ შემხვდა-მეთქი და საიდანღაც 9 ხმა ამოვიდა, არა, ირაკლი სხვანაირი პრემიერია, ყველაფერს ასრულებსო”.

ლაშა სამ დღეში კანცელარიაში შეხვედრაზე მიიწვიეს.

"მართლაც 16 ივნისს დამირეკეს, მივედი კანცელარიაში, ნინო გიორგობიანს შევხვდი, ამიყვანა პრემიერთან. ავუხსენი, რომ ჩემი საუბარი ეფუძნებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნებს, რომ ამაზე სასაუბროდ და უფრო მეტი დეტალის მისაწოდებლად მივედი. როდესაც სააპელაციო ვახსენე, მოსამართლე ვინ იყოო, იკითხა პრემიერმა. გიორგობიანი, ჩემი აზრით, უკვე მომზადებული იყო და უთხრა, შოთა გეწაძეო. მანდ, მეტი არაფერი არ ყოფილა, არც კომენტარი მოსამართლეზე. მათ ვთხოვდი რეაგირებას. ძირითადად, პრემიერი მისმენდა, იკვირვებდა ხოლმე საკითხს. მათ უნდოდათ წარმომეჩინა, რომ რაღაც მინდოდა, მატერიალური დაინტერესება. იმდენად პასიურ პოზიციაში იყო, ალბათ, აინტერესებდა, სად არის გამოსავალი, რას ვითხოვ?.. მითხრეს, ორ კვირაში დაგიბრუნდებითო".

ამის შემდეგ დათოს ძმას არავინ დაკავშირებია.

ვინ არის მოსამართლე შოთა გეწაძე?

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2011-2017 წლებში იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც იყო.
გეწაძის პორტფოლიოში ერთ-ერთი გახმაურებული საქმე “ქართული ოცნების” დამფუძნებელს უკავშირდება. 2011 წელს მან ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე განიხილა და მისი ჩამორთმევის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2019 წელს, როდესაც გეწაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობდა, პარლამენტში გასაუბრებისას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ჰკითხეს, ივანიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ხომ არ იყო განპირობებული იმდროინდელი ხელისუფლების ზეწოლით, გრძნობდა თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას და იმავე გადაწყვეტილებას გამოიტანდა თუ არა დღეს? მოსამართლემ ზეწოლის ფაქტი უარყო. მისი თქმით, დღესაც რომ იგივე კანონმდებლობა მოქმედებდეს, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

2021 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე გეწაძის დასაბუთება გააუქმა და საქმე სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა.

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს დაავალა:

  • შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობის ფაქტი და დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი ტრაგიკულ შემთხვევასთან;
  • თითოეულ უწყებასთან მიმართებით მიუთითოს, რა შესაძლო მოქმედებების შემდეგ აიცილებდნენ თავიდან ზიანს, ან შეამცირებდნენ მის მოცულობას;
  • სათანადოდ დაასაბუთოს, რამდენად ჰქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს 13 ივნისს პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, 14 ივნისის დამდგარი შედეგის გათვალისწინებით;
  • უპასუხოს კითხვას, შეეძლოთ თუ არა სხვა უწყებებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიწოდებული “არასრულყოფილი” ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე, რისკების შეფასება;
  • გამოიკვლიოს, კონკრეტულად როდის გამოაცხადა განგაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და იყო თუ არა დროში თანხვედრა განგაშის შეტყობინებასა და გზის გადაკეტვას შორის, ასევე დამოკიდებული იყო თუ არა გზის გადაკეტვა განგაშის გამოცხადებაზე.

საქმე კვლავ შოთა გეწაძეს დაუბრუნდა. ხელახალი, 15-თვიანი განხილვის შემდეგ, მან მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ შეიძლება მიკერძოებული ყოფილიყო და საქმე თავიდან აიცილა.

მოსამართლის შეცვლის შესახებ შემთხვევით გაიგეს გაბიტაშვილების ოჯახმა და მათმა ადვოკატმა მაშინ, როდესაც სასამართლოდან ახალი სხდომის ჩანიშვნის უწყება მიიღეს.

ადვოკატი შორენა ლოლაძე, რომელიც უკვე წლებია ამ საქმეზე მუშაობს, ამბობს, რომ თვითაცილების შესახებ არაფერი იცოდა. ლოლაძე შოთა გეწაძის თანაშემწეს დეკემბრის ბოლოს ესაუბრა - “მპირდებოდა, რომ მალე ჩანიშნავდნენ სხდომას”.

მოსამართლეს აცილების მიზეზებზე საუბარი არ სურს. “ჩემი დასაბუთება საქმეში მოთავსებულია, გადაწყვეტილებაც, განჩინებაც, ამ საკითხზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - ეუბნება შოთა გეწაძე რადიო თავისუფლებას. დასაბუთებაში, რომელზეც გეწაძე მიუთითებს, წერია, რომ მან ამ საქმეზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გამოთქვა საკუთარი შეხედულება და დაასკვნა, რომ “მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია”.

“ხელახალი განხილვის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საკითხი შესაძლოა დაახლოებით კვლავ იმგვარად გადაწყდეს, როგორც ეს უკვე განახორციელა სააპელაციო სასამართლომ, რასაც ერთვის სასამართლო სხდომებზე შექმნილი შთაბეჭდილებაც (მხარეთა აღქმადობა მოსამართლის მიერ საქმის კვლავ იმ შედეგით გადაწყვეტის შესახებ), რაც, პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მხარისათვის/ობიექტური დამკვირვებლისათვის იწვევს ეჭვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში…”, - წერია გეწაძის განჩინებაში.

ადვოკატის შეფასებით, ეს დასაბუთება “ძალიან მშრალია”. ის მოსამართლის მსჯელობას მიკერძოებულობაზე არ ეთანხმება.

“თითქოს, იკითხება, რომ [მოსამართლე შოთა გეწაძე] ახლაც ასე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ბრალეულობაა ამ საქმეში და კვლავ აპირებდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, როგორც ეს იყო წინა ჯერზე, ამიტომ შეიძლება, მიკერძოებული ვიყოო. ცხადია, ჩვენ ამ მსჯელობას არ ვეთანხმებით.

როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო აბრუნებს ქვედა ინსტანციაში გადაწყვეტილებას და ხელახლა განხილვას ითხოვს, პრინციპია, რომ ბრუნდება იგივე კოლეგიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობაში ჩაიწერებოდა, რომ საქმის დაბრუნებისას იგი აუცილებლად სხვა შემადგენლობას უნდა განეხილა. ამ ლოგიკით, ყველა მოსამართლეს ექნება თვითაცილების საფუძველი, რაც გაართულებს საქმეების განხილვას.

ამას გარდა, როცა პროცესს გადადებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად და უკვე რამდენიმე სხდომის შემდეგ აკეთებ ამ ამბავს, არაეთიკურია, რბილად რომ შევაფასო. იმავე აზრზე რომ რჩებოდა, შეიძლებოდა, 1-2 პროცესის შემდეგ დაენახა. ამას გარდა, იმავე აზრზე დარჩენაც არაა სამართლებრივად პრობლემური, თუ იმ გარემოებებს გამოიკვლევდა, რაც უზენაესმა მიუთითა”, - ამბობს შორენა ლოლაძე.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს მიზეზებზე, რატომ შეიძლებოდა გამოყენებინა თვითაცილების მექანიზმი მოსამართლეს და არა იმაზე, რამდენად სწორი იყო ეს სამართლებრივად.

ზემდგომი ინსტანციიდან დაბრუნებულ საქმეზე არაა სავალდებულო, რომ მოსამართლემ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რაც პირველ ჯერზე მიიღო… სამართლებრივი არგუმენტები ჩემთვის სუსტია, მაგრამ რაიმე დაარღვია თუ არა მოსამართლემ სამართლებრივად, ამაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რატომ გამოიყენა ეს [თვითაცილება] გეწაძემ. ხომ არ იყო, ამ შემთხვევაში, რაიმე სხვა გარემოებები, რასაც შეეძლო, მოსამართლე მიეყვანა დასკვნამდე, რომ ჯობს სუსტად, მაგრამ დავასაბუთო თვითაცილება ამ საქმეზე".

ედუარდ მარიკაშვილი გეწაძის გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკურ გარემოებებზე მიუთითებს.

"ჩემთვის განცდა რჩება, რომ შესაძლოა, არსებობდეს სხვა გარემოებები… მაგალითად, შეიძლება ეს პოლიტიკური არგუმენტები, შიდა კლანური დაპირისპირების საკითხი იყოს, ან მცდელობა იმისა, რომ ზედა ინსტანციებთან დაპირისპირებას, ამ კუთხით შოთა გეწაძემ თავი აარიდოს… ამ ფორმით ხომ არ ცდილობს მოსამართლე, თავი აარიდოს და მიგვანიშნოს რაღაც სხვა პრობლემებზე. შეიძლება ზეწოლის რაღაც ნიშნებიც იყოს ამ საქმეზე. ამით ცდილობს მოსამართლე, საზოგადოება მიახვედროს, რომ რაღაც მთლად ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს”.

მოსამართლე გეწაძის გადაწყვეტილება, რომელიც გააუქმა უზენაესმა სასამართლომ, ითვალისწინებს 4 სახელმწიფო უწყების ბრალეულობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრალეულობა

მოსამართლემ თავდაპირველ გადაწყვეტილებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრალეულობა “საფრთხის ვერაცილებაში” დაინახა და ჩამოთვალა, თუ სად დაიგვიანა რეაგირება:

  • არ ჰქონდა არცერთი მეტეოროლოგიური სადგური ისტორიულად მეწყერსაშიშ სტიქიის ზონაში;
  • 4 ივნისს, ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, სათანადოდ არ შეაფასა ვერეს ხეობაში ძაღლების თავშესაფრის დატბორვა და არ გააანალიზა მეტეოროლოგიური სიტუაცია.

გარემოს სააგენტოს თავისი არგუმენტები აქვს. უწყება ამტკიცებს, რომ ფინანსური რესურსებისა და უმაღლესი სტანდარტის ტექნიკის ქონის შემთვევაშიც კი, შეუძლებელი იქნებოდა სტიქიის მასშტაბის გამოთვლა.

13 ივნისს ვერეს აუზში კომპლექსური პროცესები მოხდა - ძლიერი წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი და ქვათაცვენა ერთმანეთს დაემთხვა.

2015 წლის 15 ივნისს სააგენტოს გამოაქვეყნებული ცნობით, სტიქია ასე განვითარდა: "მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე კლდეზვავური ტიპის მეწყერი განვითარდა. უფრო ზუსტად, მოწყდა დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა, რამაც ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნა და ჩაიკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ამას წინ უძღოდა უხვი სეტყვა და წვიმა. ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევის შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონემ აიწია, ღვაროცოფულმა ნაკადმა გაიარა და ცალკეული ადგილები დატბორა".

მოსამართლე მიუთითებს, რომ მართალია ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ინფორმაციის სწორი დამუშავების, გააზრების, დაკვირვების შემთხვევაში, შეიძლებოდა სტიქიით დამდგარი ზიანის შემცირება. მათ შორის, დავითის სიცოცხლის გადარჩენა.

შსს-სა და საპატრულო პოლიციის უმოქმედობა

სააპელაციო სასამართლომ პირველ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიურ უბედურებას თავიდან ვერ აიცილებდნენ, თუმცა “ცალსახად შეამცირებდნენ დამდგარ ზიანს, გზები რომ გადაეკეტათ”.

მოსამართლე გეწაძე დასაბუთებაში ჰყვება სტიქიის ღამეს ძაღლების თავშესაფრის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის ზარზე 112-ში და პირდაპირ ამბობს, რომ ეს ზარი “შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობას ადასტურებს”:

13 ივნისს ღამის 12-ის ათ წუთზე, ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი 112-ში რეკავს და ოპერატორს ატყობინებს, რომ სვანიძის ქუჩაზე წყლის დონე სწრაფად იმატებს; მას აინტერესებს, იმატებს თუ არა მდინარე ვერეს დონე კალაპოტში. საუბარში ის ამბობს, რომ თუ მდინარის სათავესთან ძლიერი წვიმაა, მაშინ მან თავშესაფრიდან ძაღლების ევაკუაცია უნდა დაიწყოს.

ოპერატორი მას პასუხობს, რომ 112-ში “მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლები არ არიან” და მათ არ იციან, რა მდგომარეობაა მდინარე ვერეს კალაპოტში.

სასამართლომ ჩათვალა, რომ შსს-მ ამ ზარის მნიშვნელობა ადეკვატურად ვერ შეაფასა - ოპერატორი რომ მიმხვდარიყო, რამდენად საშიში სიტუაციის შექმნის შესახებ მიიღო შეატყობინება, შესაძლებელი იქნებოდა სტიქიის პროგნოზირება, განგაშის ატეხვა და სტიქიის ზონისკენ მიმავალი გზების გადაკეტვა. დავითს იმ ღამეს სახლში წასვლა სხვა გზითაც შეეძლო, ვინმეს რომ გაეფრთხილებინა - ვერეს ხეობაში ჩასვლა საშიში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც დავით გაბიტაშვილი ახალი გზის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, გზის გადაკეტვის აუცილებლობა არ იდგა. მათივე თქმით, სამინისტრო ეყრდნობოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებას. თავის მხრივ, სააგენტოს მტკიცებით, რომ არა არაპროგნოზირებადი მეტეოროლოგიური მოვლენები ახალ გზაზე, წყალგამტარი გვირაბები წყალმოვარდნას უნდა გამკლავებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაგვიანებული რეაგირება

მოსამართლემ ჩათვალა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეაგირება დააგვიანა. ამის დასტურად სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებაში მოჰყავს 13 ივნისს 112-ში შესული მნიშვნელოვანი ზარების თანმიმდევრობა:

  • 22:11 საათი, რეკავენ წყნეთიდან, მოქალაქე ამბობს, რომ “დაიტბორა საცხოვრებელი სახლები”;
  • 22:20 საათი, რეკავენ ბაგებიდან, მოქალაქე ამბობს, რომ “ავტომანქანაში შედის წყალი და ვეღარ გამოდიან მგზავრები”;
  • იმავე შინაარსის ზარს 112 იღებს 20 წუთის შემდეგ, 22:40 საათზე გმირთა მოედნიდან;
  • 23:10 საათზე ძაღლების თავშესაფრის დირექტორი თამაზ ელიზბარაშვილი 112-ს ატყობინებს, რომ ხედავს როგორ დიდდება წყალი ვერეს ხეობაში - ითხოვს მანგლისის პოლიციასთან დაკავშირებას;
  • 00:03 საათი, ზარი ვაკე-საბურთალოდან - მოქალაქე საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ეუბნება, რომ დაინახა როგორ იყო სამი მანქანა ჩაძირული წყალში, “სამაშველო მუშაობს, მაგრამ არ ჩანს პატრული, რომ გზა გადაკეტოს და გააფრთხილოს მძღოლები საშიშროებაზე”, - ამბობს იგი.

ამ დროს დავით გაბიტაშვილი, ჯერ კიდევ არ იყო ჩასული სტიქიის ზონამდე.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ამ ბრალდებას იმით პასუხობს, რომ პირველი ზარიდან (22:11 საათი) დავითის ბოლო ზარამდე (დაახლოებით 00:44) გასული დრო სახელმწიფოსთვის არ იყო საკმარისი, განესაზღვრა სტიქიის ზონა და გადაეკეტა იქ მისასვლელი გზები.

ეს უწყებაც იმას უსვამს ხაზს, რომ 13 ივნისის ღამეს 10-მდე არაორდინარული სტიქიური მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა და იმდენად სწრაფად განვითარდა კატასტროფა, რომ ძნელი მისახვედრი გახდა კონკრეტულად, რას მიაყენებდა ზიანს.

“სახელმწიფო ამბობს, რომ არ იცოდა, რა მდგომარეობა იყო. არადა, როცა ეს ადამიანი [დავით გაბიტაშვილი] სტიქიის ზონაში შევიდა, იმ მომენტისთვის უკვე ათეულობით ზარი ჰქონდა 112-ს გადამისამართებული სხვადასხვა უწყებებში”, - ამბობს იურისტი შორენა ლოლაძე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან”. გაბიტაშვილების ოჯახის ინტერესებს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 13 თებერვალს თავიდან იწყება

გამოკვეთს თუ არა სასამართლო სახელმწიფოს ბრალს 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთი კონკრეტული ადამიანის სიკვდილში, ამას უკვე ახალი მოსამართლე, ხატია არდაზიშვილი შეისწავლის. მას საქმე შემთხვევითი განაწილების პრინციპით დაეწერა.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი - გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. მერიის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. 71 ოჯახს ფულადი სახით გადაეცა 21 531 225 ლარი, 2 ოჯახს მათი მოთხოვნით ფულადი თანხის ნაცვლად გადაეცა მიწის ნაკვეთი, 2 დაზარალებულ ოჯახს - ბინა. დაზიანებული ავტომობილების ნაწილში 157 ადამიანს გადაეცა 1 107 638 ლარი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რომლითაც ყოველდღიურად აკონტროლებენ იმ არეალს, საიდანაც მეწყერი წამოვიდა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG