Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ივნისს დაღუპულის საქმე: სააპელაციომ საპატრულო პოლიციას ზიანის ანაზღაურება დააკისრა


დატბორილი ვერეს ხეობა. 14 ივნისი, 2015 წელი
დატბორილი ვერეს ხეობა. 14 ივნისი, 2015 წელი

2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმის ხელახალი განხილვა სააპელაციო სასამართლომ 2 თვეში დაასრულა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოჯახის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 18 აპრილს, გამოაცხადა.

საქმეში, რომელიც სასამართლო ინსტანციებში 8 წელია ტრიალებს, გაბიტაშვილების ოჯახი დაუდევრობაში კიდევ 3 სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებდა - შსს-ს, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს. ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ოჯახი დარწმუნებით აცხადებს, რომ 13 ივნისს სახელმწიფო უწყებებს ეფექტიანად რომ ემოქმედათ, მათ შორის საპატრულო პოლიციას სტიქიისკენ მიმავალი გზა რომ გადაეკეტა, დავით გაბიტაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

სტიქიის დროს დაღუპულის ძმა ლაშა გაბიტაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ, ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, მეორე მხრივ კი, მოსამართლემ ვერ დაინახა სისტემური გაუმართაობა:

"ჩემი აზრით, ადრეა კმაყოფილების გამოთქმა და რაიმეს თქმაც. შედეგი ის არის, რომ რაღაც პროცესში, რომელიც საბოლოოდ უნდა დასრულდეს, წინ წავიწიე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ვალდებულების ვერშესრულება აღიარა.

სისტემამ არ იმუშავა და ამ მოსამართლემ ეს ვერ დაინახა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ერთი ორგანოს გადასაწყვეტი არ იყო სიცოცხლის გადარჩენა... უბრალოდ, იმდენად მარტივად შეიძლებოდა საპატრულო პოლიციის ქმედებით ჩემი ძმის გადარჩენა, რომ დააკმაყოფილა. ესეც იმიტომ, რომ საპატრულო აღიარებს, გზები არ გვქონდა გადაკეტილიო".

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების დასაბუთება უცნობია. მოსამართლე მოგვიანებით გადასცემს მას მხარეებს. გაბიტაშვილების ოჯახის ადვოკატი შორენა ლოლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლის დასაბუთების გაცნობის შემდეგ, შესაძლოა, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ:

"სავარაუდოდ, მოსამართლემ არ გაიზიარა ის პრობლემები, რაც სხვა უწყებებთან მიმართებით გვქონდა და მხოლოდ გზის გადაკეტვაზე შეაჩერა ყურადღება. ყველა უწყებასთან გვქონდა პრეტენზიები, ვინც ჩართული იყო ან უნდა ყოფილიყო სამაშველო ღონისძიებების მართვაში".

ამ ეტაპზე უცნობია, ისევ გაასაჩივრებს თუ არა საპატრულო პოლიცია მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. ამ საკითხის გასარკვევად რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში მასალაში აისახება.

აქამდე ეს საქმე სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, ორჯერ განიხილა - პირველად მან სახელმწიფო სრულად გაამტყუნა და დაადგინა, რომ უწყებებმა დავით გაბიტაშვილს სიკვდილი ვერ აარიდეს.

გეწაძე გადაწყვეტილებაში წერდა, რომ შსს-მ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს ეროვნულმა სააგენტოებმა აკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობის, ნაკლები ეფექტიანობისა და არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ შეასრულეს ფუნქციები, ვერ განსაზღვრეს პრიორიტეტები, რასაც შეეწირა დავით გაბიტაშვილის სიცოცხლე”.

ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციას შენიშვნებით დაუბრუნა. მოსამართლე გეწაძემ კი მეორე ჯერზე, თითქმის წელიწადნახევრიანი ხელახალი განხილვის შემდეგ, მოულოდნელად, “მიკერძოებულობის” მიზეზით, საქმე აიცილა.

დასაბუთებაში, რომელზეც გეწაძე მიუთითებს, წერია, რომ მან ამ საქმეზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გამოთქვა საკუთარი შეხედულება.

"ხელახალი განხილვის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საკითხი შესაძლოა დაახლოებით კვლავ იმგვარად გადაწყდეს, როგორც ეს უკვე განახორციელა სააპელაციო სასამართლომ, რასაც ერთვის სასამართლო სხდომებზე შექმნილი შთაბეჭდილებაც (მხარეთა აღქმადობა მოსამართლის მიერ საქმის კვლავ იმ შედეგით გადაწყვეტის შესახებ), რაც, პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მხარისათვის/ობიექტური დამკვირვებლისათვის იწვევს ეჭვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში…”, - წერია გეწაძის განჩინებაში.

დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 14 ივნისს, შუაღამის შემდეგ, დატბორილ ვერეს ხეობაში მანქანით აღმოჩნდა. მანამდე იგი მეგობარმა ვაკის პარკთან ჩამოსვა მაშინ, როცა უკვე ძლიერად წვიმდა. ის თავის მანქანაში გადაჯდა და სახლისკენ, ცინცაძის ქუჩისაკენ, მიმავალი ვაკის პარკიდან პირდაპირ რამიშვილის ქუჩაზე დაეშვა. პირველის ნახევარზე იგი "მზიურთან", პოლიციის შენობასთან “ახალ გზაზე” გადავიდა.

მისი ცხედარი 3 დღის შემდეგ "მზიურის" პარკთან იპოვეს, მანქანა კი - ვერეს ხეობის საპირისპირო მხარეს, ხილიანის ქუჩის ასასვლელთან.

დავითი 40 წლის იყო, პროფესიით ბუღალტერი. მას ორი შვილი, ძმა და დედ-მამა დარჩა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG