შეძლებს თუ ვერა ყველა მსურველი კორონავირუსის აღმომჩენი იმ სწრაფი ტესტებით სარგებლობას, რომლებსაც სახელმწიფო შემოიტანს? პასუხია - ვერა. ტესტირება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტების პირველ პარტიას სახელმწიფო 24 მარტს ელოდება. მსგავსი მოლოდინი არ გამართლდა გასულ კვირაში.
დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების შემოტანა ქვეყანაში? რას გვეუბნება მსოფლიოს გამოცდილება ასეთი ტესტირების შედეგების შესახებ? აქვთ თუ არა უფლება ანდა შესაძლებლობა კერძო კლინიკებს, რომ თავად შემოიტანონ ტესტები საქართველოში?
სწრაფი ტესტების პირველი სასაჩუქრე პარტია (1000 ცალი) საქართველოში ჩინეთიდან 24 მარტს ჩამოვა და ტესტირების დაწყება უკვე 25 მარტს გახდება შესაძლებელი, - თქვა 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. ითქვა ასევე, რომ ტესტები 5 აპრილამდე, სულ ოთხ ეტაპად შემოვა და საქართველოს სამხრეთი კორეაც მოამარაგებს.
მინისტრმა ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ:
- სწრაფი ტესტებით კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა შესაძლებელი იქნება ინფიცირების პირველივე დღიდან;
- ამჟამად საქართველოში გამოყენებული ტესტები დაავადებას ადასტურებს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ანდა დაავადების მე-8 დღიდან.
სულ რამდენი ტესტი შემოვა საქართველოში სამხრეთ კორეიდან, ეკატერინე ტიკარაძეს 23 მარტს არ დაუკონკრეტებია, თუმცა გასულ კვირაში გამართულ ბრიფინგზე, მის მიერ დასახელებული იყო 200 ათასი.
ვის ჩაუტარდება ტესტირება?
მინისტრმა 23 მარტის ბრიფინგზე თქვა მხოლოდ ის, რომ ეს იქნება „მიზნობრივი ტესტირება“. ხოლო წინა კვირაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტესტირებას ვერ ჩაიტარებთ მხოლოდ ინტერესის გამო, ანდა თავის დასამშვიდებლად.
- „დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით გაიწერა ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება“ - ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;
- „ამერიკაშიც, მაგალითად, ტესტი ექვემდებარება ექიმის რეცეპტს... ტესტი უნდა ჩაუტარდეს მას, ვისაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ უნდა გაიტესტოს“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
ტესტების შემოტანისა და ტესტირების პროცესის დაწყების მოლოდინი არ გამართლდა გასულ კვირაში. 17 მარტს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება უკვე კვირის ბოლოდან იქნებოდა შესაძლებელი.
პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ბოლო დღეებში ექიმების ერთი ჯგუფიც აქტიურად შეახსენებდა მთავრობას, რომ კორონავირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხის წინაშე მდგარ საქართველოში ტესტების შემოტანა სწრაფად უნდა მომხდარიყო. იყო ბრალდებები განზრახ შეფერხებასთან დაკავშირებითაც.
„სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრო, სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს!!! ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები!!! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა!!!“ - წერდა 19 მარტს ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.
დაგვიანების ბრალდებების საპასუხო არგუმენტად ხელისუფლება ძირითადად ხარისხის დაცვის აუცილებლობას იშველიებდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომლებიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ ასპროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ COVID-19 პირველი და მეორე დღის სიზუსტით“, - ხარისხი 23 მარტის ბრიფინგზეც ახსენა ჯანდაცვის მინისტრმა.
ექიმების ერთი ჯგუფის აზრით, ხარისხის დაცვის ფაქტორი არგუმენტად ვერ გამოდგება. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერდა სოციალურ ქსელ ფეისბუკში - „სადღეისოდ ვერც ერთი რეაქტივის ხარისხზე ვერავინ დადებს თავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა მათგანი სახელდახელოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაშია შექმნილი და მათი რეალური ვალიდაციის პროცედურები ვერ იქნებოდა დაცული“.
დააგვიანა თუ არა სახელმწიფომ სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში?
ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 22 მარტს საქართველომ საშინელი ამბავი გაიგო - კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის გამო მთელი მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა და საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის სწრაფად გავრცელების რისკი გაიზარდა მთელი საქართველოსთვის.
22 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ არაფერი დაგვიანებულა და რომ სირცხვილია ტესტების თემის მერკანტილური გამოყენების მცდელობა.
„სწრაფი ტესტები - ეს არ არის პანაცეა... ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს - ამ სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის საერთოდ ქვეყნის აღებული სტრატეგია - გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს“.
„განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს“ სწრაფ ტესტებს და ზოგადად რა შესაძლო ეტაპები არსებობს, ეს პრემიერ-მინისტრს აღარ დაუკონკრეტებია. თუმცა სწრაფ ტესტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი რომ ეკისრება, ეს მსოფლიო პრაქტიკამაც კარგად აჩვენა.
- სამხრეთ კორეაში, სადაც მოსახლეობას მართლაც მასობრივად უტარდებოდა ტესტირება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,7-0.9%-ს შეადგენს;
- იტალიაში კი, სადაც გავრცელების ფაზაში ტესტირებას აუარეს გვერდი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ლამის 7-8 %-ს უტოლდება;
- ვენეციასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში (3-4 ათასი მოსახლე) ჩატარდა ექსპერიმენტი - სწრაფი ტესტირების 10-დღიანი ინტერვალით ჩატარებამ და იზოლაციის შესაბამისმა პროცესმა ინფიცირებულთა რიცხვი 90%-ით შეამცირა.
როგორც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სწრაფი ტესტირება ხელშესახებ, უმნიშვნელოვანეს შედეგს იძლევა, რადგან:
- ხდება ინფიცირებული (მაგრამ უსიმპტომო) პირების დროული გამოვლენა და იზოლირება - სხვების ინფიცირების თავიდან არიდების გზით;
- ხდება ასევე დაავადებულთა დროულად გამოვლენა, დროულად მკურნალობა და ლეტალური შედეგების ალბათობის შემცირება;
- სწრაფი ტესტების მეთოდი გაცილებით იმაზე იაფი ჯდება, ვიდრე საკარანტინო სივრცეების შექმნა.
„სწრაფი ტესტით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დანახარჯით მივიღოთ ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათი... ახლა ორი მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა (მარნეული, ბოლნისი), ბევრი ხალხია განთავსებული საკარანტინე სივრცეებში და თუ სწრაფი ტესტირების მექანიზმი ადეკვატურად არ გამოვიყენეთ, მალე საკარანტინე სივრცეებიც არ გვეყოფა... მარნეულის მაგალითმა თვალნათლივ აჩვენა, რომ სწრაფი ტესტირება ყველაზე ეფექტური იქნებოდა ახლა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
როგორც ამირან გამყრელიძემ გასულ კვირაში განაცხადა, ტესტირების დანერგვაზე წვდომა ექნებათ კერძო კლინიკებსაც. თუმცა რადგან პანდემიის დროს პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, გამყრელიძე მხარს არ უჭერს პროცესის კომერციულ კალაპოტში გადაყვანას. ამ სცენარით, კერძო კლინიკები პაციენტებს სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ტესტებით მოემსახურებიან და, ასევე, დაწესდება ერთიანი ფასები.
კერძო კლინიკების ნაწილის პოზიციით კი, მეტი ეფექტიანობისა და უფრო დიდი არეალის დაფარვისთვის აუცილებელია, რომ ტესტების შემოტანის საშუალება კერძო დისტრიბუტორებსაც ჰქონდეთ.