Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინა-საქართველოს ტანდემი დაიშალა“: კიევი ნატოს გზაზე წინ მიდის, თბილისი კი სულ უფრო ჩამორჩება


საქართველოს და უკრაინის დროშები თბილისში გამართულ აქციაზე. 24 ივნისი, 2022 წ.
საქართველოს და უკრაინის დროშები თბილისში გამართულ აქციაზე. 24 ივნისი, 2022 წ.

2008 წელს ნატო საქართველოსა და უკრაინას შეჰპირდა, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ ამ ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი გადაჯაჭვული ჩანდა: რუსეთის პოსტსაბჭოთა მეგობრები ერთობლივად ცდილობდნენ დასავლეთს შეერთებოდნენ.

დღეს კი, როდესაც ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრები ვილნიუსში 11-12 ივლისის სამიტისათვის ემზადებიან, ლაპარაკი მხოლოდ უკრაინას შეეხება. მსჯელობენ, თუ როგორ დაუახლოონ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა ნატოს.

საქართველოს, სადაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა რუსეთის მორიგი აგრესიის შიში გააჩინა, თითქმის არც ახსენებენ.

„საქართველო და უკრაინა 2008 წლის შემდეგ ერთგვარი ტანდემი იყო. ისინი ალიანსისაკენ სხვადასხვა სისწრაფით მიდიოდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ერთად ახსენებდნენ. მგონია, რომ უკრაინა-საქართველოს ტანდემი დაიშალა, ალბათ შეუქცევადად“, - ამბობს ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე თბილისში, რომელიც ახლა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის მესვეურია. „რაც უნდა მოხდეს ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით, ... საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე არავინ ლაპარაკობს“.

უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები, გრაფიტი ძველი თბილისის ერთ-ერთ კედელზე. 23 მაისი, 2023 წ.
უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები, გრაფიტი ძველი თბილისის ერთ-ერთ კედელზე. 23 მაისი, 2023 წ.

მართალია, უკრაინის ომმა დააჩქარა საქართველოს ხშირად არათანაბარი სვლა ევროკავშირის კანდიდატობისაკენ, თუმცა, დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, შეანელა ნატოსაკენ მიმავალი გზა. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს კავშირები ნატოსთან იმდენად ახლოა, რომ მოსკოვის რისხვას თავიდან ვერ ირიდებს, თუმცა ეს ბმა არც ისეთი მჭიდროა, რომ დააზღვიოს რუსეთის სამხრეთით მდებარე პატარა ქვეყანა.

ეს დაძაბულობა ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გასული კვირის გადაწყვეტილებაშიც გამოჩნდა. მან ტრადიცია დაარღვია და ნატოს ვილნიუსის სამიტზე ნაცვლად იმისა, რომ თავად წასულიყო, საგარეო მინისტრი გააგზავნა.

„ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებასაც და ჩვენს თავსაც - რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას.

ანალიტიკოსების აზრით, ნატოს მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს, არ სურთ, ნატოს წევრობა - და უსაფრთხოების მთავარი გარანტია, რომელიც მეხუთე მუხლის სახელითაა ცნობილი - შესთავაზონ სუსტ ქვეყანას, რომელსაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს.

ამასობაში, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისეთი ნახევარზომები, რომლებსაც ალიანსი რუსეთისგან სამხედრო დაცვის სანაცვლოდ სთავაზობს.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა?“ - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა 30 მაისს ბრატისლავაში ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში. „ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს მის სამშობლოში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას ბრალი დასდეს კრემლის რიტორიკის გამეორებასა და მცდელობაში, საქართველო რუსეთისკენ მიაბრუნოს.

„მაშინ, როცა უკრაინა ვილნიუსის სამიტზე სავარაუდოდ გარკვეულ შედეგებს მიიღებს, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იმპულსი, როგორც ჩანს, მინავლდა“, - წერს ნატა ქორიძე, Civil.ge-ს რედაქტორი და ყოფილი დიპლომატი. „ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატო ხელგაშლილი მიიღებს ქვეყანას, რომლის პრემიერ-მინისტრიც კრემლის რიტორიკას იმეორებს და ალიანსს ადანაშაულებს უკრაინის ომში“.

ღარიბაშვილის თანაგუნდელმა, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც ქვეყნის კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა. მისი აზრით, დასავლელი პარტნიორები არ აფასებდნენ საქართველოს წინსვლას და მას გამუდმებით უცრუებდნენ იმედებს.

2023 წლის 7 მარტს, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციის წევრები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მათ დაშლას წყლის ჭავლით ცდილობდა.
2023 წლის 7 მარტს, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციის წევრები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მათ დაშლას წყლის ჭავლით ცდილობდა.

საქართველო 1994 წელს გაწევრიანდა ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მალევე გამოთქვა სურვილი ალიანსის წევრი გამხდარიყო. 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციაში ეწერა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, თუმცა, რუსეთთან ხუთდღიანმა ომმა ყველა მხარეს შეუცვალა გეოპოლიტიკური გათვლები. 2012 წელს ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა და ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური კავშირების აღდგენა რუსეთთან.

„ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, დემოკრატიული ინსტიტუტები ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია“, - წერს პაპუაშვილი. „მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უსამართლო კრიტიკის ნაცვლად, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატოსა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა“.

თბილისში მყოფმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურად ესაუბრა, თქვა, რომ ნატოსთან დაკავშირებული ეჭვები საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაჩნდა. 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მხოლოდ გააძლიერა ზოგიერთი ქართველის განწყობა, რომ ნატოსთან დაახლოება სარისკო იყო, თუ ქვეყანა დასავლეთისგან დაცვის სრულ გარანტიებს არ მიიღებდა.

„გასული წლების განმავლობაში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები იმედგაცრუებას გამოთქვამდნენ, რომ პროცესი მეტისმეტად ნელა მიდიოდა და, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდიდა. მგონია, რომ ეს დამოკიდებულება ომის შემდეგ გაძლიერდა“, - თქვა დიპლომატმა. ადრე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) დადებით წინსვლად მიიჩნეოდა. ახლა კი „პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში ნათელი გახადა, რომ, შესაძლოა, მისი აღქმით, ნაბიჯები, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა, საქართველოს კი არ აძლიერებს, არამედ - ასუსტებს“.

შეკითხვაზე, მართებულია თუ არა ამგვარი შეფასება, დიპლომატმა ასეთი პასუხი გაგვცა: „მგონია, რომ მხოლოდ პუტინმა იცის, ზუსტია თუ არა. მაგრამ, არარაციონალურად არ მიმაჩნია“.

MAP-ის სანაცვლოდ ნატომ საქართველოში წლების განმავლობაში დანერგა პროგრამები, რომელთა ამოცანა იყო საქართველოსა და ალიანსს შორის კავშირების გაძლიერება. ეს პროგრამები დიდწილად აღიქმებოდა, როგორც „სანუგეშო ჯილდოები“ და მათ საბოლოოდ „ნატოსგან გადაღლა“ გამოიწვიეს, - ამბობს აშშ-ის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი უოლტერ ლენდგრაფი, FPRI-ის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელი.

თბილისში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ლენდგრაფმა თქვა, რომ, უკრაინის მსგავსად, საქართველოსაც უთხრეს „ძალიან დიდი ხნის წინ, 15 წლის წინ, რომ თუ იმუშავებ და გააგრძელებ მუშაობას, გაწევრიანების სამოქმედო გეგმას დაიმსახურებ“. თუმცა, MAP-ის ნაცვლად ნატო სულ სხვა რაღაცებს გასცემდა, - დასძინა მან.

ჰამილტონი ამბობს, რომ ნატოს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სურს, რომ წევრობა შესთავაზოს რუსეთის მეზობლებს, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. 2004 წელი, როდესაც ნატოში ბალტიის ქვეყნები მიიღეს, „აღარ განმეორდება“, - თქვა მან. „ნატო არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც ალიანსისთვის სამხედრო პასუხისმგებლობას გააჩენს. ახლა საქართველო ალიანსისთვის სამხედრო პასუხისმგებლობაა, უკრაინა კი - არა. უკრაინამ აჩვენა, რომ თავის დაცვა შეუძლია, თან ძალიან ეფექტიანად“.

ლენდგრაფი ვარაუდობს, რომ რუსეთისგან დაშორებული ქვეყნებისთვის სხვა სტანდარტებია ძალაში. 2020 წელს, როდესაც ალიანსში ჩრდილოეთი მაკედონია მიიღეს, ნატომ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის სამხედრო რეფორმის პროცესი დასრულებული არ იყო. „ჩრდილოეთი მაკედონია არ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. მას არა აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გეოპოლიტიკური კონტექსტი განსხვავებულია“, - თქვა ლენდგრაფმა და დასძინა - „ეს ჩვეულებრივ ქართველებს ალბათ სულაც არ ანუგეშებს“.

ირაკლი ღარიბაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი. 26 აპრილი, 2023 წ.
ირაკლი ღარიბაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი. 26 აპრილი, 2023 წ.

საქართველოს ნატოს მისწრაფებებს ასევე აფერხებს იგივე პოლიტიკური საკითხები, რამაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი დააზიანა: პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც უკუსვლად მოჩანს და რომლებმაც ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს ეჭვი გაუჩინეს მის გულწრფელობაში დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ნატოს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად წამოჭრიან ხოლმე ამ საკითხებს. ნატოს სამეკავშირეო ოფისმა თბილისში არ გასცა პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვებზე ამ ეჭვებთან დაკავშირებით.

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან ისეთივე ზიანი არ მისდგომია, როგორც მის პოლიტიკურ კავშირებს. „ტექნიკურ დონეზე, იქნებიან ეს სამხედრო თუ სამოქალაქო პირები, ვინც საქართველოს თავსებადობას უზრუნველყოფენ - განსაკუთრებით სამხედრო კუთხით - ეს საერთოდ არ შეჩერებულა“, - გვითხრა დიპლომატმა.

საქართველოს მოსახლეობაზე ოფიციალური პირების „ნატოთი გადაღლა“ არ აისახება. მარტში NDI-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 73 პროცენტი ნატოს წევრობის მომხრეა. წინააღმდეგი მხოლოდ 13 პროცენტია.

საქართველოს ოფიციალურ პირებს საჯაროდ ბევრი არაფერი უთქვამთ, რას ელიან ნატოს მომავალი სამიტისაგან. თავდაცვის სამინისტრომ არ გასცა პასუხი რადიო თავისუფლების თხოვნაზე ამ სტატიისთვის კომენტარის გაკეთების შესახებ.

არსებობს შეთავაზებები, რომ გაუქმდეს MAP-ი, როგორც საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური მოთხოვნა. ამ აზრს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც იზიარებენ. ეს ნაბიჯი „სწორ სიგნალს გაუგზავნიდა ქართველ ხალხს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან დოლიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში.

ვილნიუსში ალიანსის წევრობას სავარაუდოდ არც უკრაინას შესთავაზებენ. თუმცა, ელიან, რომ ნატო საგრძნობლად გაზრდის სამხედრო დახმარებას კიევისთვის და შექმნის ახალ, ნატო-უკრაინის საბჭოს.

ამასობაში, წლის დასაწყისში ალიანსის წევრი გახდა ფინეთი და მალე, ალბათ შვედეთიც გახდება. არცერთ მათგანს MAP-ის ეტაპი არ გაუვლია. მათმა დაჩქარებულმა გაწევრიანებამ გააჩინა შეკითხვა, თუ რატომ არ შეიძლება მსგავსი გამონაკლისების დაშვება კიევისთვის ან თბილისისთვის.

„მრავალი წლის განმავლობაში ნატო ამბობდა, რომ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებისათვის შემდეგი ნაბიჯი MAP-ი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, ნატომ ისიც თქვა, რომ ორივე ქვეყანას გააჩნია პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ წევრობისათვის მოამზადებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ MAP-ი პრაქტიკული ინსტრუმენტი არ არის და მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ლენდგრაფმა.

შედეგად წარმოიშობა ორმაგი სტანდარტის აღქმა, თქვა მან. სიგნალი, რომ „ერთი სტანდარტი არსებობს ფინეთისა და შვედეთის მსგავსი ქვეყნებისათვის და მეორე სტანდარტი - საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის“.

თუ კვლევებს ვენდობით, ოთხიდან სამი ქართველი იმედოვნებს, რომ ეს ასე არ არის.

XS
SM
MD
LG