საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე, დასმულ ერთ-ერთ კითხვას "პროვოკაციული" უწოდა. მისთვის უცნაური იყო, რატომ ჩავიდა ბრატისლავაში ამ კითხვის ავტორი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩი შოთა ღვინერია.
ღარიბაშვილს ღვინერიამ ჰკითხა, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდის შემდეგ, უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, რა შედეგები ელოდება საქართველოს?
"დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი - ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის. იყო ჩვენი მთავრობის წევრი ორიოდე წლის წინ. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში და შემდეგ ბრატისლავაში და მკითხა ეს პროვოკაციული კითხვა?!" - ასე დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა ღვინერიას კითხვაზე პასუხის გაცემა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ "საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას":
"ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ".
ღვინერიას შემდეგ ღარიბაშვილს კითხვა ფრანგმა ჟურნალისტმა დაუსვა - მას პოლარიზაციის საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით პრემიერის ხედვა აინტერესებდა, პოლარიზაციის ერთ-ერთ მაგალითად კი რამდენიმე წუთით ადრე ფორუმზე მომხდარი შემთხვევა მოიყვანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე მას ჰკითხეს, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესრულება.
"თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ შემდეგი GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში", - თქვა ღარიბაშვილმა.
ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, პირდაპირი ფრენების აღდგენაა.
პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დემარში გამოუცხადეს.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.