ვირთხა, იგივე ვირთაგვა, ისედაც სინანთროპული ცხოველია ( ბერძ. σύν - „ერთად“ და ἄνϑρωπος - „ადამიანი“) - მისი ცხოვრების ნირი დაკავშირებულია ადამიანთან, მის საცხოვრისსა და მის მიერ შექმნილ პირობებთან, თბილისში კი თაგვის მაგვარი მღრღნელებისთვის, განსაკუთრებით ვირთხებისთვის, გამრავლებისა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი: ამორტიზებული შენობების სარდაფები/სხვენები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ქუჩები, რასაც ემატება ვირთხების გადარჩენის სტრატეგია - რაც შეიძლება სწრაფად გამრავლდნენ, რათა არ განადგურდნენ შიდასახეობრივ, სელექციურ ბრძოლაში. ვირთხების ყველაზე დიდი და სასტიკი მტრები სხვა ვირთხები არიან, ხოლო არსებობისათვის ბრძოლაში რაოდენობას გადამწყვეტი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ვირთხა - იმდენად ხშირად გამოყენებული მეტაფორაა, რომ, როცა ვინმე ვირთხას ახსენებს, აუცილებლად უნდა დააზუსტოს, გულისხმობს ვის, თუ გულისხმობს რას.
ვირთხას იტყვიან ვერაგ, ხარბ, სახიფათო, საძაგელ და მოღალატე ადამიანზე, რადგან ცნობილია, რომ გემს პირველი ვირთხები ტოვებენ. არიან „კანცელარიის ვირთხები“ - უსულგულო ბიუროკრატი ადამიანები; ასევე არიან „მშიშარა ვირთხები“, „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხები“, „ბიუჯეტის ვირთხები“, „ჭირიანი ვირთხები“... ალბერ კამიუს მეტაფორებით გაჯერებული „შავი ჭირი“ ასეც იწყება, სამსახურში მიმავალი ექიმი რიე ფეხს წამოჰკრავს თავისი სახლის კიბეებზე გაგორებულ მკვდარ ვირთხას, რომელსაც უახლოეს დღეებში ათობით, ასობით და ათასობით სისხლის მნთხეველი მღრღნელი დაემატება. მკვდარ ვირთხებს მალე მოჰყვება პირველი მსხვერპლი და... შიში, რომელიც განსჯის უნარს აკარგვინებს ადამიანებს.
ვირთხა, როგორც ჭირის, დაავადების გავრცელების მეტაფორა, ალბათ, ყველაზე ობიექტური აღწერაა იმ საფრთხისა, რომელიც ამ არსებიდან მომდინარეობს მრავალი საუკუნის განმავლობაში. მღრღნელების ეპიდემიური და ეპიზოოტური მნიშვნელობის შესახებ მსჯელობისას მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისტორიის მანძილზე ვირთხების მიზეზით დაიღუპა მეტი ადამიანი, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ომებისაგან.
ეპიზოოტია - გადამდები სენის ფართოდ გავრცელება ცხოველთა შორის.
ვირთხა, როგორც ჭირის გამავრცელებელი
ვირთხებს შეუძლიათ გადაიტანონ ბევრი ინფექციური დაავადების აღმძვრელები, რომლითაც ავადდებიან ადამიანები და შინაური ცხოველები. საუბარია ისეთ განსაკუთრებულ საშიშ დაავადებებზე, როგორიცაა: შავი ჭირი, ტულარემია, ციმბირული წყლული, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცოფი, თურქული, ლეპტოსპიროზი, ბაცილარული თიაქარი, ქოლერა და სხვ.
ვირთხები ზოგიერთ ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ ტკიპების, რწყილებისა და სხვა მწერების მეშვეობით, რომლებიც მათზე პარაზიტობენ. მაგალითად, შებრუნებითი ტიფის აღმძვრელი ინახება ვირთხისა და სხვა მღრღნელების სისხლში, თუმცა ისინი არ ავადდებიან ამ სნეულებით, საკმარისია ტკიპამ გამოსწოვოს სისხლი მღრღნელს და შემდეგ უკბინოს ადამიანს, რომ ადამიანი მძიმედ დაავადდება შებრუნებითი ტიფით.
ვირთხებს შეუძლიათ ინფექციები გადაიტანონ მექანიკურად საკვები პროდუქტების დასვრის გზით. როგორც ვეტერინარები ამბობენ, „ვირთხები და თაგვები, წარმოადგენენ მთელი რიგი პათოლოგიური მიკრობების აღმძვრელების ბუნებრივ კერასა და რეზერვუარს“.
ვირთხების ქცევაზე ბევრ ჩვენგანს წარმოდგენა აქვს შექმნილი ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან, რომელშიც ქუჯი თორია დათა თუთაშხიას და მოსე ზამთარაძეს უყვება თორიების საგვარეულო ხელობის - კაციჭამია ვირთხების გამოყვანის - შესახებ:
„კაციჭამიების გამოზრდა ორი ხერხით შეიძლება: შიმშილით და სიმაძღრით. საბოლოო ჯამში ორივე ერთნაირ კაციჭამიას იძლევა, მაგრამ მე შიმშილის ხერხს ვამჯობინებდი, ნაკლები დრო სჭირია. აუცილებლად შვიდი ან ცხრა ცალია საჭირო. დაჭერილი ცხოველები უნდა ცარიელ კასრში მოვათავსოთ. თუ კაციჭამიას გამოყვანას შიმშილის ხერხით ვაპირებთ, კასრი ლითონის უნდა იყოს, თორემ ძალიან რომ მოშივდებათ, ხისას გაღრღნიან და გაიქცევიან. სიმაძღრის ხერხის დროს კი ჩვეულებრივი კასრის გამოყენებაც შეიძლება - მაძღარი ცხოველები კედლებს არ ერჩიან. სიბნელეც აუცილებელია! სიბნელე თუ არ იქნა, კაციჭამია ვერ გამოიზრდება. კასრში და მის ფსკერზე სიბნელეა, აბა რა იქნება, თუ არ ჩაანათე შიგ. თუ შიმშილის ხერხია - წყლის მეტი არ უნდა მივცეთ არაფერი. თუ სიმაძღრის არის - თავსაყრელი უნდა ჰქონდეს ერთი რომელიმე საკვები - სიმინდი ან ხორბალი, თუ გნებავთ, ამას მოკლედ გელაპარაკებით, თვარა, მთელი პედაგოგიური სისტემაა ეს“.
როგორც რომანიდან ირკვევა, დამშეულები ერთმანეთს ჭამენ, მაძღრებს კი (ერთი და იგივე საჭმელი რომ მოჰყირჭდებათ) ბოლში გამოყვანილ ღორის ტყავს ჩაუგდებენ კასრში:
„რომელიც ღონიერი და ავია, ის დაისაკუთრებს იმ ტყავს. ვერ ჭამს, ქვასავით ტყავია, მართალია, მაგრამ სუნი აქვს კარგი, იზიდავს სხვებს და ესეც ვერ ელევა, სიკვდილის ფასად არ დაუთმობს სხვა ვირთაგვას. ბოლოს და ბოლოს წასართმევად დაეცემიან, იმ ომში შეიჭმევა რომელიმე და ღორის ტყავის ნაჭერი ისევ ერთ ცხოველს დარჩება. მერმე მისი ჯერიც მოვა და ასე შემდეგ“.
სინამდვილეში (და არა ხელოვნურ მოცემულობაში) ასე არ ხდება. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი ზოოლოგი კონრად ლორენცი (Konrad Lorenz) წერს სტატიაში „ვირთხები“, არსებობისთვის ბრძოლაში იმარჯვებს ის ვირთხა, რომელიც პირველი იპოვის მეწყვილეს:
„თუ რამდენიმე წყვილი ერთდროულად წარმოიქმნება, მაშინ ბრძოლა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს; თუ ერთი რომელიმე წყვილი ადრე შეიქმნა, მაშინ ორივე მეუღლის გაერთიანებული ძალითა და შესაძლებლობით იმდენად ითრგუნებიან დანარჩენები, რომ ვეღარ ახერხებენ წყვილებად ჩამოყალიბებას. მარტოხელა ვირთხები თვალშისაცემად ქვეითდებიან რანგით და, შესაბამისად, ან განიდევნებიან, ან განადგურდებიან უკვე არსებული წყვილის მიერ. <...> გამარჯვებულ წყვილში ორივე მეუღლე ერთნაირად სასტიკია დამარცხებულების მიმართ, ოღონდ მამალი ვირთხა მამრების ტანჯვას ამჯობინებს, დედალი კი - მდედრებისას. დამარცხებული ვირთხები ვეღარ იცავენ თავს და სასოწარკვეთილი ცდილობენ გაქცევას“.
გამარჯვების შემდეგ წყვილი იწყებს გამრავლებას, იქმნება ე.წ. ოჯახი/საზოგადოება, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება, თანაც ბევრისთვის გასაოცრად, დიდ სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვაში:
„სიმშვიდე და სინაზე, რაც ახასიათებთ ძუძუმწოვრებში დედებს თავიანთი ნაშიერებისადმი, ვირთხებში დამახასიათებელია არა მხოლოდ მამებისთვის, არამედ ბაბუების, ასევე ყველა სახის ბიძების, დეიდების, მამიდების და სხვა ნათესავებისთვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეული მათგანი არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე ზრუნავს, არამედ მთელ სანათესაოზე. სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ხდება ამ გიგანტურ ოჯახში, თუნდაც მასში ათეულობით და ასეულობით არსება იყოს“.
ცხადია, გამრავლების ტემპსა და სიხშირეს მხოლოდ „ნათესაური მზრუნველობა/სიყვარული“ არ განაპირობებს. ვირთხების ერთი ოჯახის არსებობას საფრთხეს უქმნის ვირთხების სხვა ოჯახი.
„რაოდენობრივი ჩამორჩენა ძალიან სწრაფი განადგურების საფრთხეს შეიცავს, - ამბობს ლორენცი, - ბუნებრივმა გადარჩევამ პრიზი დააწესა უდიდესი ოჯახისთვის. ვინაიდან მისი წევრები უპირობოდ ეხმარებიან ერთმანეთს სხვებთან ბრძოლაში. პატარა გუნდი აუცილებლად წააგებს უფრო დიდთან. ფრიც შტაინიგერმა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულ ნორდეროგზე აღმოაჩინა, რომ ვირთხების რამდენიმე გუნდმა კუნძულის ტერიტორია გაიყო ისე, რომ შუაში დაიტოვეს მიწის ზოლი, დაახლოებით 50 მეტრის სიგანის, ე.წ. no rat's land, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს ომი“.
რუხი ვირთხები, რომელთა გადარჩენის სტრატეგია გამრავლებაა, მართლაც საოცარი ტემპით მრავლდებიან. წყვილ ვირთხას თავისი ნამატით წლის განმავლობაში შეუძლია შთამომავლობას მისცეს 800-900 ნამატი და 1000 სულამდეც კი, ხოლო თავიანთი სიცოცხლის 3 წლის მანძილზე 20 მილიონზე მეტი ნამატი. რუხი ვირთხა სქესობრივ მომწიფებას 2,5 თვის ასაკიდან აღწევს. დედალი ვირთხა წელიწადში 6-ჯერ დაყრის შვილებს. თითოეული დაყრისას იძლევა 8-12 ნამატს. მაკეობის ხანგრძლივობა 21-25 დღეა. ჩვილი ვირთხები იბადებიან ბრმები და უბეწვოდ, ერთი კვირის შემდეგ ბეწვი ამოსდით, ორი კვირის შემდეგ ეხილებათ თვალები და უნარი აქვთ საჭმელი მოძებნონ, ხოლო 2,5 თვის ასაკის მიღწევის შემდეგ უკვე სქესობრივად მწიფდებიან. რუხი ვირთხების სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-3,5 წელია.
რით იკვებებიან
ჭაბუა ამირეჯიბთან ქუჯი თორია ამბობს, რომ მშიერ ვირთხას შეუძლია მუხის კასრი გამოხრასო. როგორც ირკვევა, ამის გაკეთება მაძღარი ვირთხისგანაც მოსალოდნელია, რადგან მღრღნელების დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მათი კბილების წყობის სისტემა, რომელიც შეგუებულია მაგარი საგნებისა და საჭმლის ღრღნისათვის. მღრღნელებს აქვთ ძლიერ განვითარებული და თავისებურად მოწყობილი წინა (საკბეჩი) კბილები, მათ შორის ორი ზედა და ორი ქვედა ყბაზე. მღრღნელების საკბეჩ კბილებს არ აქვთ ფესვები და ისინი თავისი ძირებით დამაგრებული არიან მკვებავ სისხლძარღვებზე, რაც იწვევს საკბეჩი კბილების განუწყვეტლივ ზრდას. ამის გამო ვირთხები იძულებული არიან ღრღნან ისეთი საგნები, რომლებსაც არავითარი დამოკიდებულება არ აქვთ არც კვებასთან და არც სოროების კეთებასთან. ვირთხები ღრღნიან ხეს, აგურს, ცემენტს, ტყვიას და თუნუქსაც კი. ვერ ღრღნიან მხოლოდ რკინას, ქვას, დამტვრეულ მინაში არეულ ცემენტს...
რუხი ვირთხები ე.წ. ყველაფრის მჭამელი მღრღნელებია. მათ საჭმელს წარმოადგენს ადამიანის ყოველგვარი საჭმელი და მისი ნარჩენები. მიუხედავად ამისა, ისინი ამჯობინებენ ხორბლის პურს, ყველა სახის ფაფებს, სხვადასხვა ხარისხის ძეხვს, ქონს, თევზს, რძის პროდუქტებს, ხორცს, ბოსტნეულს, მცენარეულ და ცხოველურ ზეთებს. ვირთხებს უყვართ საკვების მომარაგება.
ვირთხებს შორის გავრცელებულია კანიბალიზმიც. შიმშილობის შემთხვევაში ისინი თავიანთი სახეობიდან ჭამენ სუსტებსა და ავადმყოფებს. კარგად აქვთ განვითარებული გრძნობის ორგანოები, განსაკუთრებით განვითარებული აქვთ ყნოსვა. მათ შესწევთ უნარი შეიგრძნონ ისეთი მცირედი სუნი, რომელიც შეუმჩნეველია ადამიანისათვის. ეს თავისებურება ეხმარება მათ ადვილად მიაგნონ და გამონახონ საჭმელი ყველაზე ძნელ პირობებშიც კი.
განსაკუთრებით იზიდავთ შემდეგი ნივთიერებების სუნი: მცენარეულობის ზეთი, სპირტი, კამის წყალი, გამონაწურები და ასე შემდეგ,
აფრთხობთ სკიპიდარის, ქაფურის, გოგირდწყალბადი, ნახშირწყალბადის, ნაფთალინის, კარბოლის მჟავის სუნი.
ვირთხებს ძლიერად აქვთ განვითარებული მხედველობა, სმენა და შეხებითი შეგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ ტვინის ხვრელები, ავლენენ მნიშვნელოვან მიხვედრილობას, მოხერხებულობას; მათ შესწევთ უნარი მიზანშეწონილად აწარმოონ რთული მოქმედებები, განსაკუთრებით საჭმლის ძებნისას და დამჭერი ხაფანგების შემოვლის დროს. კონრად ლორენცის მიხედვით, ვირთხები სწრაფად ავრცელებენ სიახლეს (ინფორმაციას) განწყობების გადაცემის სახით:
„რაც მთავარია, რუხ ვირთხებს შეუძლიათ ერთხელ შეძენილი გამოცდილების შენარჩუნება და მისი შთამომავლობაზე გადაცემა. თუ ვირთხები აღმოაჩენენ ახალ საკვებს, რომელიც ადრე მათთვის უცნობი იყო, მაშინ - ფრიც შტაინიგერის დაკვირვებით - უმეტეს შემთხვევაში პირველი ვირთხა, რომელიც მას იპოვის, წყვეტს, შეჭამს თუ არა მას ოჯახი. თუ ოჯახის რამდენიმე ცხოველი დაიწუნებს სატყუარას, ოჯახის სხვა არცერთი წევრი არ გაეკარება მას. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ცოდნა კონკრეტული სატყუარას შესახებ თაობიდან თაობას გადაეცემა და დიდხანს ცოცხლობს. რუხ ვირთხასთან - ადამიანის ყველაზე წარმატებულ ბიოლოგიურ მტერთან ბრძოლის სირთულე, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ ვირთხა იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც ადამიანი: გამოცდილების ტრადიციული გადაცემა და მისი გავრცელება მჭიდროდ შეკრულ საზოგადოებაში“.
ვირთხებსა და თაგვებს ასევე ახასიათებთ ხშირი მიგრაციის მიდრეკილება. ყველა მათი მიგრაცია შეიძლება დაყოფილ იქნეს ორად: მიგრაცია გამოწვეული საჭმლის ძებნით და მიგრაცია გამოწვეული დაავადებით. პირველ შემთხვევაში მიგრაცია ხდება მაშინ, როდესაც ადგილობრივი საკვები ბაზა გამოილევა; მეორე შემთხვევაში კი - დაავადებების მასობრივი გავრცელების გამო.
სად ცხოვრობენ
ქალაქებში რუხ ვირთხებს განსაკუთრებით უყვართ საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელი, ამიტომ რუხ ვირთხებს ზოგან „კანალიზაციის ვირთხებსაც“ უწოდებენ. რუხი ვირთხები აგრეთვე სიამოვნებით სახლდებიან სანიაღვრე ორმოების, სანაგვე და ნაგვის დასაყრელი ადგილების მახლობლად.
რუხი ვირთხები ცხოვრობენ დიდ სოროებშიც. კარგად დაძვრებიან კუთხეებსა და გამონაშვერებზე, მაღლა ხტებიან 70 სმ-ზე. შესანიშნავად ცურავენ და ყვინთავენ. შეუძლიათ გაცურონ 2 კილომეტრამდე და დარჩნენ წყალში 3 საათზე მეტხანს. კარგად თხრიან მიწას და აკეთებენ გრძელ გასასვლელებს.
რუხ ვირთხებს უნარი აქვთ გაიარონ გრძელი გზა და გადასახლდნენ სხვა ადგილებში, რაც ხშირად შეინიშნება მაშინ, როდესაც ვირთხებს შორის ვლინდება რომელიმე ეპიზოოტია.
ცნობილია ვირთხების მასიური გასვლები წყალსატევებთან - სასმელი წყლისათვის, თევზების დაჭერის მიზნით ზღვის ნაპირებზე და ა. შ. ასეთ შემთხვევაში ისინი გადიან მნიშვნელოვან მანძილს ღია ადგილებში. აღწერილია შემთხვევები, როცა ვირთხები გროვდებოდნენ დიდ მასებად და კვალდაკვალ მისდევდნენ ჯარს მათი მოძრაობის დროს.
ასევე ცნობილია, რომ რუხი ვირთხები იჭრებიან რკინიგზის ვაგონებში და მიჰყვებიან სარკინიგზო შემადგენლობებს მეტად შორ მანძილზე საკვებ ტვირთებსა და ადამიანებთან ერთად.
როგორც ზოოლოგები შენიშნავენ, რუხი ვირთხა ფრთხილი, ცბიერი და გამბედავია, ზოგიერთ შემთხვევაში ავლენს უკიდურეს თავხედობას. ის თავს არიდებს ადამიანს, მაგრამ, როდესაც საშიშროება ექმნება, მაშინ დიდ გამბედაობას იჩენს და თავს ესხმის მდევნელს - ძაღლი იქნება, კატა თუ ადამიანი. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როცა რუხი ვირთხების მიერ სასიკვდილოდ იყვნენ დაგლეჯილი შახტში მომუშავე ადამიანები, უყურადღებოდ მიტოვებული მცირეწლოვანი ბავშვები. ვირთხები თავს ესხმიან ავადმყოფ, დაუძლურებულ ადამიანებს, შინაურ ცხოველებს.
რუხი ვირთხები, როგორც წესი, ღამით (საღამოდან დილამდე) აქტიურობენ. თუ დაუძლურებული ვირთხები დღისით გამოდიან და არ გაურბიან ადამიანებს, ე.ი. მათ შორის გაჩენილია დაავადება (ეპიზოოტია).
დერატიზაცია და ბრძოლის მეთოდები
ვირთხებთან (მღრღნელებთან) ბრძოლის (განადგურების) მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის
- მექანიკური
- ქიმიური
- საკვები მისატყუარები
- ქიმიურად მოწამლული სატყუარების გამოყენების ხერხები
- თხიერი სატყუარები
- სოროებში შხამების შეფრქვევა
- ბიოლოგიური მეთოდები
თუმცა თითქმის ყველა მათგანი ან სახიფათოა (ძლიერი შხამების გამო), ან - ნაკლებად ეფექტიანი. როგორც დერატიზაციის სპეციალისტები ამტკიცებენ, ბევრად უკეთესი იქნება, თუ ვირთხებს არ მიეცემათ სიცოცხლისა და გამრავლების ხელსაყრელი პირობები
დერატიზაცია - (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, rattus ვირთაგვა) - ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის დროსაც ხორციელდება მავნე მღრღნელების განადგურება სპეციალური საშუალებებით (ხაფანგებით, შხამებით და სხვ.).
რუხი ვირთხების გამრავლება დამოკიდებულია მრავალ ხელსაყრელ პირობაზე, უპირველეს ყოვლისა, საკვების (ე.ი. საყოფაცხოვრებო ნარჩენების) სიუხვესა და ხარისხზე. დადგენილია, რომ თუ დედალ ვირთხას საკვები აკლია, აღარ მაკდება. საკვების ნაკლებობა ამცირებს დაყრისა და ნამატის რაოდენობას. ამავე დროს, იზრდება მოზარდეულის დახოცვა. მშიერი დედა ვირთხები ხშირად თავიანთ შვილებს ჭამენ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რუხი ვირთხები იმდენად ძლიერ მგრძნობიარენი არიან შიმშილისადმი, რომ საჭმლისა და წყლის უქონლობისას იხოცებიან ორი დღე-ღამის შემდეგ; მარტო წყლის უქონლობისას - ორ დღე-ღამეში, ხოლო მარტო საჭმლის უქონლობისას - 2-3 დღე-ღამის შემდეგ.
ფორუმი