Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქული გემები ოკუპირებულ აფხაზეთში - რა ხდება


თურქული თევზსაჭერი გემების ოკუპირებული აფხაზეთში ყოფნას არც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.
თურქული თევზსაჭერი გემების ოკუპირებული აფხაზეთში ყოფნას არც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.

თურქული გემები, უკონტროლო თევზჭერა და საშინელი სუნი, რომელიც სოხუმშიც იგრძნობა - სოციალურ ქსელებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გავრცელებული ვიდეოების ავტორები ბოლო დღეებში ამ სამ რამეს უჩივიან. თურქული თევზსაჭერი გემების იქ ყოფნას არც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც პირველი წელი, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება.

შეთანხმებულია თუ არა თბილისთან თურქული გემების შესვლა ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თუ ირღვევა ოუპაციის შესახებ კანონი?

გემები და კვოტები

აფხაზეთიდან გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოზე ჯგუფურად შეკრებილი ფერადი გემები ჩანს - წარწერა იუწყება, რომ ეს „სოხუმის ყურეში“ ხდება.

მამაკაცის ხმა ამბობს, რომ „ხელისუფლებამ“ შემოუშვა „თურქეთის ფლოტილია“, „ბრაკონიერები“ „შავ ზღვაში ხოცავენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია“, ხოლო ადგილობრივებს თევზი აღარ რჩებათ.

ვიდეოს ავტორი ასევე ამბობს, რომ ამდენივე თურქული გემი დგას ოჩამჩირეში; აღწერს, რომ ზოგიერთი გემი მაცივრებით არის აღჭურვილი და იქვე გამოთქვამს ეჭვს, რომ - თურქული გემების მიზანი მხოლოდ ქაფშიის დაჭერა არ არის და ხელს უფრო ძვირფას სახეობებსაც აყოლებენ..

შეჯგუფებული გემების ხილვა არ აკვირვებს საველი ჭითანავას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტში ეკოლოგიურ საკითხებს კურირებს. ამბობს, რომ ასეთი სურათის ხილვა ყოველთვის შესაძლებელია ცუდი ამინდის მოახლოებისას და ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ ნაპირთან ახლოს თევზჭერა არ ხდება.

„წელს თევზი არის. იჭერენ 3 წლის ქაფშიას და თუ ახლა არ დაიჭერენ, მეოთხე წელს ქაფშია კვდება. თევზჭერა მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კვოტებთან მკაცრი შესაბამისობით“, - ამბობს ჭითანავა და ასევე განმარტავს, რომ საშინელი სუნი, რომელსაც სოხუმშიც უჩივიან, თევზჭერის დიდი მოცულობითა და არასათანადო ტექნოლოგიური აღჭურვილობით არის განპირობებული.

ეკოლოგიის საკითხებზე პასუხისმგებელი ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მურმან სოლომკომ „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ამჟამად აფხაზეთში მუშაობს 9 ქარხანა, რომლებიც თევზის ფხვნილსა და ქონს აწარმოებენ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სანაპიროებზე თევზის ქონის სქელი ფენაა მოდებული და ისღა უხარიათ, რომ ქაფშიის რეწვა ზამთარში ხდება და არა ზაფხულში, ზღვის სეზონის დროს.

აფხაზეთში თევზჭერის სეზონი 1 დეკემბრიდან 31 მარტამდეა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი აფხაზეთიდან იტყობინება, რომ შარშან თევზჭერის სეზონი შეუსაბამო წყლის ტემპერატურის გამო ჩავარდა და ქაფშიისთვის გამოყოფილი კვოტა - 30 ათასი ტონა - ვერ აითვისეს; ხოლო 2023 წლის 1 დეკემბერს დე ფაქტო მთავრობა 90 ათასი ტონის პროგნოზზე შეჯერდა.

კვოტები თურქულ გემებსაც ეხებათ.

ბოლო წლების რუსულენოვან წყაროებში ვხვდებით ცნობებს იმის შესახებ, რომ თურქული გემები აფხაზეთის აკვატორიაში უკანონო თევზჭერასაც ეწეოდნენ და რუსეთის დახმარებით - არაერთი მათგანი დაჯარიმდა.

ხმაური იყო 2020 წელსაც

აფხაზი აქტივისტები მაშინაც აცხადებდნენ, რომ - თევზჭერა აფხაზეთის აკვატორიაში უხეში დარღვევებით ხდებოდა. თევზსაჭერი ბადეები ბიჭვინთაში, ე.წ. სახელმწიფო აგარაკების სიახლოვეს იყო გადაჭიმული და უკვირდათ კიდეც, რატომ არავინ იღებდა ხმას.

„სახელწიფო აგარაკების“ ტერიტორია ახლა უკვე სრულად რუსეთის განკარგულების ქვეშ არის - შენობებიც, მიწაც და ზღვის აკვატორიის ეს მონაკვეთიც. ოპოზიციამ და აქტივისტებმა პროტესტი კი გამოხატეს, მაგრამ რუსეთის მადის წინაშე ვერაფერს გახდნენ.

2020 წელს გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანდა აფხაზეთის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მოძრავი რამდენიმე სეინერი, ერთ-ერთი თურქული წარწერით - „შაჰინ ბალიქჩილიქი“ (Şahin Balıkçılık). ამ სახელს ატარებს თურქული კომპანია, რომელიც ზღვის პროდუქტების ბიზნესის სრული ციკლით არის დაკავებული.

როგორ მოხვდნენ თურქული გემები აფხაზეთის აკვატორიაში? აქვთ თუ არა თურქულ კომპანიებს ლიცენზიები? შეთანხმებულია თუ არა ეს თბილისთან?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც თევზჭერისათვის აუცილებელ ლიცენზიებს გასცემს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „თურქულ კომპანიებზე ლიცენზიები გაცემული არ არის“ და თევზჭერის ლიცენზიებს ამჟამად მხოლოდ ხუთი ქართული კომპანია ფლობს და ისინი, თავის მხრივ, „თურქულ გემებს ქირაობენ“.

უწყებაში ვერ გვპასუხობენ შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ იგივე თურქული გემები იჭერდნენ თევზს ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში, საქართველოს წყლების სხვა ნაწილის მსგავსად.

რადიო თავისუფლებისთვის აჭარიდან მიწოდებული დაუდასტურებელი ცნობებით, საქართველოს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ნაწილებში, თევზის დასაჭრად, ერთი და იგივე თურქული გემები დაცურავენ.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ თურქულ გემებს ადგილზე, აფხაზური კომპანიები ქირაობენ.

„თავისუფლების მონიტორის“ მიერ 2023 წლის თებერვალში მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახულია დარღვევები, რომლებიც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიების 2036 წლამდე გაგრძელების პროცესში გამოიკვეთა.
ლაპარაკია მასშტაბურ ზიანზე, რომელიც ექსპერტებთან შეუთანხმებლად მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტს. ჟურნალისტური გამოძიების ნახვა შესაძლებელია აქ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების შეკითხვებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის აკვატორიაში თევზის რეწვის პროცესში თურქული კომპანიები, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის დროსაც იყვნენ ჩართული.

„ოკუპაციის შესახებ კანონში აკრძალვებიც არის და გამონაკლისებიც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თურქულ კომპანიებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქვთ აღებული გარკვეული ნებართვა, რომ ეს საქმიანობა აწარმოონ. ისინი თევზის რეწვას აწარმოებენ არა აფხაზეთის, არამედ საქართველოს წყლებში“, -

პაატა ზაქარეიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ, თბილისთან შეთანხმების ჩარჩოს ფარგლებში, შემდეგ უკვე, ეს თურქული კომპანიები, „საერთო ენას ნახულობენ სოხუმშიც და ალბათ - რუსეთთანაც, ისინი ადგილზე რომ დაუშვან“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG