Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასეთი დიდი ნაჭერი რუსეთს აფხაზეთისთვის არასდროს ჩამოუჭრია“ - პაატა ზაქარეიშვილი


კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი

27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემაზე „ეხო კავკაზა“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ელოდით, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამაზე წავიდოდა? დღეს თბილისში ბევრი ამბობს, რომ აფხაზური საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე ამის წინაპირობას არ იძლეოდა, სანამ სოფელი აიბგა მდინარე ფსოუზე რუსეთის ფედერაციას არ მიუერთდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდა?

- დიდი ალბათობით, მოსკოვიდან მათზე ძლიერი ზეწოლა იყო. ამაზე მიუთითებს რუსეთის დე ფაქტო ელჩის (მიხაილ შურგალინი) გამოსვლა სოხუმში. შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ მუქარა იყო. ითქვა, რომ ეს პუტინის პირად ინტერესებშია. როგორც ჩანს, სხვა არგუმენტები უკვე აღარ ეყოთ - არც მოსკოვი, არც კრემლი, არც მეგობრობა... ჩანს, ეს ბოლო თვეები, როცა ჩუმად იყვნენ, ყველა დეპუტატს ელაპარაკებოდნენ (აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის). და დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის გამოკლებით. ეს კარგად იყო დამუშავებული.

გადაწყვეტილების მიღების თარიღებითა და დროით მანიპულაცია ცხადჰყოფს, თუ როგორ ეშინოდათ მასობრივი გამოსვლების. 28 დეკემბერიდან 27-ში გადაიტანეს. შემდეგ დილის 6 საათზე, როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ იკრიბება [სესია გამართეს].

ეს განხილვისა და დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. არა მგონია, პარლამენტის დილის 6 საათზე შეკრება კანონიერი იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს საომარ ვითარებაში არ ხდება. აფხაზმა იურისტებმა უნდა ჩახედონ, რატომ განიხილეს ერთი ჩვეულებრივი საკითხი ასე ადრე. თავისთავად მიწების გადაცემა არცთუ ისე სტრატეგიული მოვლენაა. მაგრამ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია. და ამიტომ დილის 6 საათზე მიიღეს გადაწყვეტილება. ესე იგი რაღაცის ეშინოდათ. ეს რომ ნორმის ფარგლებში მომხდარიყო, საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევდა.

- როგორ ფიქრობთ, აფხაზური საზოგადოება ამას შეეგუება? ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი (მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში) ვარაუდობს, რომ ვითარება დაიძაბება.

- არ ვიცი, რამდენად მზად არის საზოგადოება იმისთვის, რომ ბიჭვინთის აგარაკთან დადგეს და იქ მუშები ან ტრაქტორი არ შეუშვას. თუ ეს არ მოხდა, ესე იგი საქმე გაკეთებულია. მაგრამ ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია, რომ საზოგადოება შეეგუა. მთავარია, რომ აფხაზური საზოგადოება რუსეთს უფრო გაუუცხოვდება. ეს სხვა სფეროებში გამოვლინდება: არჩევნებზე, სხვა იმ პროექტებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც რუსეთს დარჩა - აპარტამენტები და ასე შემდეგ. ასე რომ, გაუცხოება გაგრძელდება.

- საქართველოს მთავრობის რეაქცია რა უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერზე?

- ხელისუფლება მზად უნდა ყოფილიყო. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ საზოგადოებას დიდი, სერიოზული, კონცეპტუალური ხედვა უნდა შესთავაზოს - საერთო სახელმწიფო აფხაზეთთან ერთად, ჩანაწერით, რომ არის საკითხები, რომლებიც აფხაზეთში ექსკლუზიურად ან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, მაგალითად, მიწის საკითხები, მისი გამოყენების, უძრავი ქონების. უნდა გაიწეროს ეს საკითხები. აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რა განსხვავებაა დღევანდელ საქართველოს - რას სთავაზობს მას საქართველო - და რუსეთს შორის. რუსეთი რას აკეთებს? რუსეთი არ სთავაზობს, ართმევს.

საქართველოს არ შეუძლია ასე მოიქცეს, მაგრამ შეუძლია რამე შესთავაზოს. მსგავსი არაფერი კეთდება. ის, რასაც საქართველოს მთავრობა პოსტფაქტუმ ლაპარაკობს, ერთია. ისინი ფაქტობრივად იმ შესაწირ ცხვარს აკავებდნენ, რომელსაც რუსეთი კლავდა. როდესაც შესაწირ ცხვარს ვიღაც ყელს ჭრის, ვიღაცას უკავია კიდეც. რაღაც ასეთი მოხდა - საქართველოს მთავრობა, თავისი უმოქმედობით, ფაქტობრივად მიეხმარა რუსეთს. მხოლოდ განცხადებებით და ისიც პოსტფაქტუმ, შორს ვერ წახვალ.

- საქართველომ ახლა რა უნდა გააკეთოს?

- საქართველომ ყოველთვის და ყველგან უნდა იყვიროს, რომ ეს სერიოზული ანექსიაა - მსგავსი რამ რუსეთს არასოდეს გაუკეთებია, ასეთი თავხედური რამ. ასეთი დიდი ნაჭერი რუსეთს აფხაზეთისთვის არასდროს ჩამოუჭრია. მგონია, რომ ეს ხმაურის ატეხის მიზეზი უნდა გახდეს.

თან არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რომ იქ ხალხი ცხოვრობს, ხალხი აპროტესტებს. თბილისის განცხადებებში საუბარია საერთაშორისო საზოგადოებაზე, საერთაშორისო სამართალზე, ანექსიაზე. ხალხი რომ აპროტესტებს, ამის შესახებ ნათქვამი არ არის. ეს ძალიან სამწუხაროა, ვერ ვამჩნევთ ხალხს, რომლებიც ამის წინააღმდეგი არიან.

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა შევატყობინოთ, რომ ეს მხოლოდ ანექსია არ არის, ეს ადგილობრივი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ ხდება. ისინი წინააღმდეგობას უწევენ, იბრძვიან. ბოლოს და ბოლოს (საქართველოს მთავრობამ) უნდა დაინახოს, რომ აფხაზეთში ყველა პრორუსულად განწყობილი არ არის, რომ იქ წინააღმდეგობაა.

სამწუხაროა, რომ ვერ ვხედავთ, თუ როგორ ცხადად გამოდის აფხაზური საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ. და რომ არ შეგვიძლია, ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობოთ.

XS
SM
MD
LG