ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის, მტკიცებით, ბოლო ხანებში გახშირდა მუქარა მისი მხარდამჭერების, ახლობლებისა და ნათესავების მიმართ. რობაქიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აიძულებენ კანდიდატურა მოხსნას მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის, სასარგებლოდ და მისი შტაბის წევრებმა გოგლიჩის მხარდასაჭერად იმუშაონ. ვახტანგ რობაქიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ შალვა კიკნაველიძე მას რამდენიმე პირთან ერთად შეხვდა და კეთილდღეობის სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სთხოვა. რობაქიძე სამართალდამცავ სტრუქტურებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ვახტანგ რობაქიძე ამბობს, რომ შეხვედრის აუდიოჩანაწერს გაასაჯაროებს იმ შემთხვევაში, თუ მის განცხადებას რეაგირება დროულად არ მოჰყვება. რობაქიძის მტკიცებით, ბოლო ხანებში ის ვეღარ ახერხებს ამომრჩევლებთან შეხვედრას, რადგან მათ აშინებენ და ემუქრებიან:
„ხალხი გარეთ ვეღარ გამოდის. ჩუმად როცა მხვდებიან, მეუბნებიან, რომ შენსკენ ვართ, მაგრამ არ გამოგვაჩინოო“.
იბარებენ მუშებს და აფრთხილებენ. კონტროლის მექანიზმიც შეიმუშავეს, ტელეფონით სურათის გადაღებას ავალებენ.დავით ჭუმბურიძე
ვახტანგ რობაქიძის ინტერესების დამცველ დავით ჭუმბურიძის განცხადებით, დაშინებასა და მუქარაზე მოქალაქეები ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დავით ჭუმბურიძის მტკიცებით, ზესტაფონში დასაქმებულებს მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე კერძო კომპანიებში, წინააღმდეგ შემთხვეაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან:
„იბარებენ მუშებს და აფრთხილებენ. კონტროლის მექანიზმიც შეიმუშავეს, ტელეფონით სურათის გადაღებას ავალებენ. ჩვენ კი ვცდილობთ ავუხსნათ ამომრჩეველს, რომ კაბინაში მარტონი რჩებიან და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ“.
ამ შეხვედრაზე საუბარი იყო მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზეც, რაც პოლიტიკური პროცესია, თუმცა სხვა ბრალდებებს რაც შეეხება, მზად ვარ ვითანამშრომლო შესაბამის სტრუქტურებთან და ყველა კითხვას გავცე პასუხი.შალვა კიკნაველიძე
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძისა, და მისი ინტერესების დამცველის, დავით ჭუმბურიძის, ბრალდებებს ცილისწამებად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვახტანგ რობაქიძესთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ეს თავად რობაქიძის ინიციატივით მოხდა და შეხვედრისას საუბარი იყო არჩევნების მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე:
„ამ შეხვედრაზე საუბარი იყო მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზეც, რაც პოლიტიკური პროცესია, თუმცა სხვა ბრალდებებს რაც შეეხება, მზად ვარ ვითანამშრომლო შესაბამის სტრუქტურებთან და ყველა კითხვას გავცე პასუხი. ეს არის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სიცრუის ტირაჟირება“.
შალვა კიკნაველიძე ზემოთქმულს დასძენს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ თავად შეიტანს სარჩელს სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის წინააღმდეგ და ბრალდებების ფაქტებით დადასტურებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. შალვა კიკნაველიძისავე განცხადებით, ზესტაფონში საარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს და მერობის ყველა კანდიდატს აქვს ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ვახტანგ რობაქიძე ამტკიცებს, რომ მას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მაღალი რეიტინგი აქვს, რის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ ის მათ კანდიდატს, გიორგი გოგლიჩიძეს, ხმებს წაართმევს და პირველსავე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ბაქარ ხიჯაკაძე, გაიმარჯვებს. ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის, ინფორმაციით, 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, 2013 წლიდან კი „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ვახტანგ რობაქიძისავე განცხადებით, მან მმართველი პარტია ორი წლის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც „ქართული ოცნების“ მართვის სტილი წინამორბედი ხელისუფლებისას დაემსგავსა.
ვახტანგ რობაქიძე გამორიცხავს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ზესტაფონის მერის არჩევნებში.