Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის რიგგარეშე არჩევნები ზესტაფონში


ზესტაფონი
ზესტაფონი

19 მაისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი მერს 16 კანდიდატიდან აირჩევენ. ხმის უფლებით 55 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მერობის კანდიდატთა ნაწილი რამდენიმე კვირაა აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, ნაწილი კი მხოლოდ რეგისტრაციით შემოიფარგლა და, პრაქტიკულად, მოსახლეობას არ ხვდება. ადგილობრივ ამომრჩევლებს მერობის ზოგიერთი კანდიდატის სახელი და გვარიც კი არ სმენიათ. ზესტაფონის ცენტრალურ ქუჩებში მხოლოდ აქტიური კანდიდატების სარეკლამო და სააგიტაციო მასალებია გამოკრული, მათი ოფისებიც ერთმანეთის მოყოლებითაა განთავსებული დავით აღმაშენებლის გამზირზე. ზესტაფონელებს მერობის კანდიდატების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ქალაქის და მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემები თითქმის იდენტურია. ყველაზე ხშირად ზესტაფონელები გზის მოწესრიგებას და წყალს ითხოვენ, ასახელებენ ასევე ეკოლოგიურ და ჯანდაცვის პრობლემებს:

„ფეროშენადნობთა ქარხნის კვამლით იწამლება ხალხი და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. არ შეიძლება აქ დარჩეს და ჩვენ მოგვხმარდეს?“

„ძალიან გვიჭირს წყალი, ყოველდღე ველოდებით და ვავსებთ ჭურჭლებს“;

„ფეროს კვამლი ყოველ საღამოს ჩვენს სახლებზე გადმოდის და ვიგუდებით, ისეთ დღეში ვართ“;

„საავადმყოფოს დაგვპირდნენ და ისიც არ აშენდა“, - ამბობენ რესპონდენტები.

ზესტაფონელთა ნაწილი მერობის კანდიდატებს საერთოდ არ იცნობს და არც არჩევნებში მონაწილობას აპირებს. ზოგიერთი მისთვის ნაცნობი კანდიდატების გვარებს ჩამოთვლის, თუმცა დასძენს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, ხმა ვის მისცეს:

„პროგრამას შევინახავ, ვისაც აირჩევენ, და შემდეგ შევხედავ, რას გააკეთებს, მივაკითხავ და მოვთხოვ პასუხს. ასე თუ არ მოვიქეცით, დაპირებები ბევრია და...“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ყოფილი მერის, კახაბერ მახათაძის, გადადგომამ განაპირობა. 2017 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა, რასაც წინ უძღოდა აქციები მისი გადადგომის მოთხოვნით. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც 2017 წელს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებისთვის კი მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.

​„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის პროგრამების დირექტორის, საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტ ნოდარ ჯიქიას განცხადებით, აუცილებელია კვლევის საგნად იქცეს არჩეული მერების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი, რადგან ბოლო თვეებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი გადადგა. ნოდარ ჯიქიას თქმით, ყოფილი მერები თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ ლაპარაკობენ და გადადგომის რეალური მოტივი გაურკვეველი რჩება. თავად ნოდარ ჯიქია ორ შესაძლო მიზეზს ასახელებს - ერთის მიხედვით, საქართველოში რეალური დეცენტრალიზაცია ვერ განხორციელდა, ინსტიტუციებს შორის აღრევაა და, ამასთან, ცენტრალური ხელისუფლება უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში:

„და რაც ყველაზე მთავარია, არჩეული თვითმმართველები ვერ გრძნობენ მხარდაჭერას ამომრჩევლებისგან. მოქალაქეებიც ვერ იაზრებენ, რომ მათი არჩეული მერი ან საკრებულოს წევრი, მათივე დასაცავია“.

საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტ ნოდარ ჯიქიასავე განცხადებით, ზესტაფონსა და ჭიათურაში მერების გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც მერის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ. ნოდარ ჯიქია მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები აფერხებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას თვითმმართველობის სერვისებზე.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ვადაზე ადრე ხელმძღვანელი პირების შეცვლას უარყოფით შეფასებას აძლევს ნინო ხუხუა, ხელმძღვანელი სამოქალაქო ორგანიზაციისა „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო“. მისი შეფასებით, მსგავსი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შედეგებზე:

„გვქონდა კონკრეტული მაგალითი, როდესაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა გვსურდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მაგრამ მერმა დაწერა განცხადება და წავიდა და შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავიწყეთ თავიდან პროცესები, რაც შეფერხებაა და შედეგის მიღებას ახანგრძლივებს“.

ნინო ხუხუას ინფორმაციით, თვითმმართველობათა გაძლიერებისა და მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისთვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე ახორციელებს 5 პროექტს, რომელთა მიზანია კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმების ეფექტურად დანერგვა და ამოქმედება.

XS
SM
MD
LG