Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უნდა ვიყოთ მზად" - ზელენსკის "მშვიდობის ფორმულაზე" დავოსში მსჯელობენ


შვეიცარიაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნასიო კასისი დახვდა. 15 იანვარი, 2024 წელი.
შვეიცარიაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნასიო კასისი დახვდა. 15 იანვარი, 2024 წელი.

უკრაინას ომში გამარჯვების იმედი აქვს, მაგრამ პარალელურად, რუსეთთან მოლაპარაკებებზეც მსჯელობს. „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად მისი ავტორი - პრეზიდენტი ზელენსკი თავად ჩავიდა შვეიცარიაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.

წინა დღით კი, დავოსში, შვეიცარიის თანათავმჯდომარეობით „უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მეოთხე შეხვედრა გაიმართა - 80-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.

პროცესი რუსეთის გარეშე მიმდინარეობს და ჯერ არავინ იცის, როდის გამოადგებათ სამშვიდობო დოკუმენტი, რომლის პირვანდელ ვერსიაზეც მონაწილე ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

უკრაინა უარს აცხადებს უპირობო მოლაპარაკებებზე რუსეთთან. პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ რუსეთისგან ითხოვს - დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

ზელენსკი შვეიცარიაში

უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა: ბერნში - ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად და შემდეგ დავოსში - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

„გამოვხატავ მადლიერებას შვეიცარიის მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ „მშვიდობის ფორმულაში“ შვეიცარიის მონაწილეობა და ასევე მისი სათანადო გამოცდილება, დაგვეხმარება სწრაფად მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე [ყოფილი ტვიტერი]. ამავე განცხადების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში ასევე გეგმავს საუბარს: რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების, სანქციების, რუსეთისთვის გაყინული აქტივების გამოყენების, ფინანსური დახმარებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ.

განრიგის თანახმად, პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდება მსოფლიოს ლიდერებს და ასევე ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს. მისი სიტყვით გამოსვლა 16 იანვარს იგეგმება.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში [15-19 იანვარი] წელს 60 ქვეყნის ხელისუფლებათა და საერთაშორისო სტრუქტურათა უმაღლესი პირები მონაწილეობენ. მათ შორის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ენტონი ბლინკენი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი - ლი კეციანი, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურზულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი - ანტონიუ გუტერეში.

აზრთა სხვადასხვაობა და უკრაინის მიზანი

10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის 15 ნოემბერს გაახმაურა.

დოკუმენტის მთავარ ამოსავალს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა წარმოადგენს, დროებით ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. კიევის ცნობით, საერთაშორისო ფორმატში მისი განხილვა ნაწილ-ნაწილ და ძირეულად მიმდინარეობდა. სულ ბოლო, მე-4 შეხვედრაზე, რომელიც დავოსში 14 იანვარს გაიმართა, ყურადღების ცენტრში იყო შემდეგი საკითხები:

  • „რუსეთის ჯარის გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“;
  • „სამართლიანობის აღდგენა“;
  • „ეკოლოგიური უსაფრთხოება“;
  • „ესკალაციისა და ხელახალი აგრესიის არდაშვება“.

ასევე, საგანგებო სადისკუსიო პანელებზე განიხილეს სასურსათო უსაფრთხოებისა და ომის ჰუმანიტარული საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხების მრჩევლების დონეზე გამართულ შეხვედრას 82 მონაწილე ჰყავდა, ნაწილი - ონლაინ.

უკრაინასა და მის მოკავშირეებს ახარებთ ის ფაქტი, რომ „მშვიდობის ფორმულის“ მონაწილეთა რიცხვი სულ უფრო მზარდია.

შვეიცარიისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩევლების მიერ ორგანიზებული დანარჩენი სამი შეხვედრა გაიმართა: 2023 წლის 24 ივნისს - დანიაში, 2023 წლის 5 აგვისტოს - საუდის არაბეთში, ხოლო 2023 წლის 28 ოქტომბერს - მალტაში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პირველ შეხვედრაზე, კოპენჰაგენში, მხოლოდ 16 მონაწილეს ითვლიდნენ.

„მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად, დავოსში, მიწვეული არ იყო რუსეთი და არ მონაწილეობდა ჩინეთის წარმომადგენელი. თუმცა წარმოდგენილი იყვნენ „ბრიკსის“ (BRICS) წევრი სხვა ქვეყნები: ბრაზილია, ინდოეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთი აფრიკა. მათი პოზიციის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ანდრეი ერმაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილე ყველა ქვეყანა არ ეთანხმება უკრაინის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის ყველა პუნქტს; მაგრამ საერთო პოზიციაა, რომ დაცული უნდა იყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს წესდება.

ერმაკის თქმით, მთავარია რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ინფორმირება სამართლიანი მშვიდობის მიდგომების შესახებ და საბოლოოდ, აზრთა სხვადასხვაობაში, დაიბადება ერთიანი, ყველასთვის მისაღები პოზიცია.

მკაფიო წითელი ხაზებიც არსებობს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავოსში განაცხადეს, რომ კიევი არასოდეს დაეთანხმება: კონფლიქტის გაყინვასა და ტერიტორიების ჩამოჭრას; ხოლო თუკი რუსეთი ომს გააგრძელებს, უკრაინა არასოდეს დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას საბოლოოდ გამარჯვებამდე.

აქვს თუ არა უკრაინას კვლავ მხადაჭერის იმედი - რომ მიიღებს მოკავშირეებისგან სამყოფ სამხედრო დახმარებას? ერმაკი ამბობს, რომ - კიევის განწყობა ოპტიმისტურია.

საერთაშორისო მედიის სკეპტიკურ შეკითხვებზე საპასუხოდ, ზელენსკის მრჩეველი იხსენებს წარსულს - როცა არავის ეგონა, რომ, მაგალითად - უკრაინა შეძლებდა გაეძლო რუსეთის შემოტევისთვის და არ დაეთმო კიევი, დაებრუნებინა წართმეული ტერიტორიების ნაწილი, გაერღვია მარცვლეულის ბლოკადა და შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტი შეევიწროებინა.

რა იქნება შემდეგ?

უკრაინის მიზანია, „მშვიდობის ფორმულის“ მომდევნო შეხვედრა უკვე სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას; თუმცა ასევე განმარტა, რომ ახლა მხოლოდ საფუძველი იქმნება და საბოლოო შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება რუსეთის ჩართულობის გარეშე - რადგან დოკუმენტი რუსეთს შეეხება.

რუსეთი მხოლოდ საკუთარ პირობებზეა თანახმა.

„თუკი ლაპარაკია ცალკეული ქვეყნების სურვილზე - დააღწიონ თავი ჩიხს, სადაც ისინი ვაშინგტონმა შეიყვანა, ეს ცალკე საკითხია... მაშინ მათ უნდა შეწყვიტონ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, არ მიიღონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და არ გააკეთონ რუსოფობიური განცხადებები“, - საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა კრემლის მოთხოვნებს აჟღერებს. მისი თქმით, თუკი დასავლეთი რუსეთს საკუთარი პოზიციის თავს მოხვევას უპირებს, მოსკოვს „ამ ხაფანგში ვერ შეიტყუებენ“.

უკრაინისა და რუსეთის პოზიციები იმდენად არის დაშორებული ერთმანეთისგან, რომ ექსპერტებსა და საერთაშორისო მედიას შედეგის მიღწევა ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ აუცილებელია მზადება შესაბამისი ხელსაყრელი მომენტისთვის.

„ცხადია, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა ზეგავლენას მოახდენს - თუ როდის მოინდომებს რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. არ შეიძლება დავუცადოთ ამ მომენტს და მერე გადავწყვიტოთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. სწორედ ამიტომ ვემზადებით ახლა“, - განაცხადა იგნასიო კასისმა დავოსში კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არავის აქვს პროცესში რუსეთის სწრაფად ჩართვის ილუზია, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებითაც უნდა წარიმართოს.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, დავოსში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა რადიო თავისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ მიიღო ინფორმაცია - მონაწილეობდა თუ არა საქართველოს წარმომადგენელი, 14 იანვარს, „უკრაინის მშვიდობის ფორმულის“ განხილვაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG