Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერმაკი: უკრაინას სჭირდება არა გაყინული კონფლიქტი, არამედ სამართლიანი მშვიდობა


ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი
ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი

უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა და ამას არ დასთანხმდება. ეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც 14 იანვარს 80-ზე მეტი ქვეყნის და ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით განიხილეს უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი კონფლიქტის გაყინვას არასდროს დასთანხმდებიან, რადგან ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას სჭირდება არა გაყინული კონფლიქტი, არამედ სამართლიანი მშვიდობა და სამომავლოდ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის აღკვეთა.

რაც შეეხება უკრაინის გეგმის, „მშვიდობის ფორმულის“ დეტალებს, ერმაკის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრის მონაწილეებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა ყველა ეთანხმება გეგმის ზოგად პრინციპს, რომ დაცული უნდა იყოს უკრაინის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს წესდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს წარუდგინა 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ - რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

2023 წელს უკრაინის გეგმის განსახილველად შეხვედრები გაიმართა მალტასა და საუდის არაბეთში. რუსეთი, რომლისთვისაც უკრაინის გეგმა მიუღებელია, შეხვედრებში არ მონაწილეობს.

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

XS
SM
MD
LG