Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებები „ოსური პასპორტის“ გამო


ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა შესაშურ მიზნად იქცა მრავალი ადამიანისათვის, რომლებსაც მასთან ძალიან შორეული ურთიერთობა აქვთ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა შესაშურ მიზნად იქცა მრავალი ადამიანისათვის, რომლებსაც მასთან ძალიან შორეული ურთიერთობა აქვთ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ბევრისთვის სანუკვარ მიზნად იქცა როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ასევე დანარჩენ რუსეთშიც. ასევე ე.წ. სამხრეთოსური პასპორტებით წყდება "არჩევნების" ბედი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

15 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი 18 წლის გახდა, თუმცა თარიღის საზეიმოდ აღნიშვნის ნაცვლად, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტი იტყობინება, დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოვიდა ინიციატივით, შეიცვალოს ძველი დოკუმენტი და მის ნაცვლად გაიცეს ახალი "პასპორტი", რათა „შეცვლის პროცესში გაიცხრილონ ის ადამიანები, რომლებმაც მოქალაქეობა უკანონოდ მიიღეს“.

ედუარდ კოკოითი შიშობს, რომ სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის უკიდურესად დაიძაბოს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იშვიათია ადამიანი, ვისაც რუსული და ადგილობრივი, „სამხრეთოსური“ პასპორტები არ აქვს. რუსული პასპორტები ცხინვალის რეგიონში 2000-იანი წლების პირველ ნახევარში დაარიგა მოსკოვმა, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების უკანონო პასპორტიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, მცოცავი ანექსიის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების თქმით, მოსკოვი ამას აკეთებდა წინასწარ განზრახული და კარგად მოფიქრებული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, დაცვის მოვალეობის წინაპირობის შესაქმნელად და პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად. პასპორტიზაცია ასევე წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციისათვის ბერკეტს, გაეფართოებინა კონტროლი მოსახლეობაზე, რომელსაც, როგორც რუსეთის პასპორტის მფლობელს, უხდიდა პენსიებს და სხვა სოციალურ დანამატებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის "ყოფილი ელჩის" (2008-2017), ელბრუს კარგიევის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებზე 32 519 პასპორტი გასცა.

ე.წ. სამხრეთოსური პასპორტი
ე.წ. სამხრეთოსური პასპორტი

თუმცა როგორც კოალიციის, „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რუსული პასპორტების პარალელურად ასევე დარიგდა ე.წ. სამხრეთოსური პასპორტები, რომლებსაც თავის დროზე მხოლოდ საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა. სწორედ ამ პასპორტების შესახებ ამბობს ედუარდ კოკოითი, რომ მათი შეცვლა აუცილებელია "რესპუბლიკაში" სამოქალაქო მშვიდობის შესანარჩუნებლადო.

„იმ ფარსის გათვალისწინებით, რადაც ბოლო დროს გადაიქცა სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა, მიმაჩნია, რომ საჭიროა ახალი პასპორტების გაცემა, რადგან სამხრეთ ოსეთში არმცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მასთან, არ უნდა შეეძლოთ გავლენის მოხდენა შიდა პროცესებზე, მათ შორის - პოლიტიკურ პროცესებზე. რესპუბლიკის მუდმივი მცხოვრებლები მოკლებული არიან თავიანთი სამშობლოს ხელმძღვანელობასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის უფლებას. ისინი იქცნენ მძევლებად იმათ ხელში, ვინც 13-15 წელია მასობრივად ჰყიდის ამ პასპორტებს. მალე სამხრეთ ოსეთის პასპორტების მიმართ აღარ იქნება კარგი დამოკიდებულება“, - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ Sapa.media-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც სეპარატისტების ყოფილი ლიდერი ამომრჩევლების ხელოვნურად გაზრდის (ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებთა ხარჯზე) შესახებ ჩივის.

ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი

როგორც ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, ჩრდილოეთ ოსეთში მართლაც დიდი მოთხოვნაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტებზე, თუმცა არ მხოლოდ პოლიტიკური განზრახულობის გამო. როგორც ირკვევა, „სამხრეთოსური პასპორტის“ მფლობელები უამრავი უპირატესობითა და შეღავათით სარგებლობენ. ამის შესახებ წერს „ეხო კავკაზაც“:

„პირველ რიგში, ეს არის შესაძლებლობა, შეღავათიანად განაბაჟოს უცხოური წარმოების ავტომანქანა. საბაჟო ტარიფები სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 20-ჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა „ოკუპირებული ტერიტორიების“ მაცხოვრებლებს სთავაზობს შთამბეჭდავ სოციალურ პაკეტს - უფასო სამედიცინო მომსახურებას, მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ მკურნალობას, ქართულ უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე მიღებას და უფასო სწავლებას. ამიტომ, რუსეთის მოქალაქეები მზად არიან, გადაიხადონ 150-200 ათას რუბლამდე სამხრეთ ოსეთის პასპორტში. ასეთი პირობებში, არჩევნების დროს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ პასპორტის მიღება, დიდ გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ მიზეზით, არჩევნებიდან არჩევნებამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება“, - წერს „ეხო კავკაზა“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის უფასო რეფერალური პროგრამით ისარგებლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა 1639 ადამიანმა და 65-მა საქართველოს მოქალაქემ (რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ). აფხაზეთისთვის ეს მონაცემები შესაბამისად არის 6 264 და 328 ადამიანი.

ავტომობილები და ე.წ. არჩევნები

როგორც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები ჩივიან, ბოლო დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების - "ადგილობრივი პასპორტის" მფლობელების - რაოდენობის გაზრდის გამო პრობლემები შეექმნათ უცხოური ავტომობილების რუსეთში დროებით შეტანასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ რუსეთის საბაჟო სამსახური რუსეთის მოქალაქეების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას განიხილავს, როგორც გადასახადების თავიდან აცილების მცდელობას და შეძლებისდაგვარად ატერორებს ე.წ. სამხრეთოსური სანომრე ნიშნების მქონე იმპორტული ავტომობილების მფლობელებს.

ბოლო ე.წ. არჩევნებზე რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის არანაკლებ მგრძნობიარე პრობლემამ იჩინა თავი. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ჩრდილოეთ ოსეთში იმდენი „თანამოქალაქე“ დაგროვდა, რომ ამ ფაქტორმა დაიწყო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა. როგორც ირკვევა, ბევრი „ამომრჩეველი“ ხმას აძლევს "პასპორტის", ბევრი კი ფულის გამო. ჩრდილოეთ ოსეთში ერთი ხმის ღირებულება 3-5 ათასი რუბლია (90-150 ლარი).

ჩრდილოეთ ოსეთის ჩარევა განსაკუთრებით საგრძნობი იყო 2024 წლის ივნისში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე. ადგილობრივი კომენტატორების შეფასებით, "საარჩევნო სიებში" ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოყვანილი "ამომრჩევლების" წილი დაახლოებით 15-20% იყო. კენჭისყრის დღეს ხალხი ავტობუსებით ჩაიყვანეს ცხინვალსა და სხვა რაიონებში.

„ჩრდილოეთიდან ამომრჩეველთა შეყვანა ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით პირველად მოხდა, რის გამოც ოპოზიციურმა „ერთიანმა ოსეთმა“ უზენაეს სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. პარტია ითხოვს შედეგების ბათილად ცნობას, მიუხედავად არჩევნებში წარმატებისა - „ერთიანმა ოსეთმა“ ხმების 31,75%-ით გაიმარჯვა“, - წერს „ეხო კავკაზა“.

ცხინვალის რეგიონში მოქმედი ოპოზიციური ინტერნეტგამოცემები ამბობენ, რომ ე.წ. მმართველი პარტია „ნიხასი“ (30,59%) მეორე ადგილს ვერ დაიკავებდა, რომ არა ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოყვანილი „შტრაიკბრეხერები“. ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, თუ მოქმედი ხელისუფლება შეეცდება ამ გამოცდილების გამეორებას "საპრეზიდენტო არჩევნებში", ყველაფერი შესაძლოა "ტრანსკამზე" (ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც ცხინვალს ვლადიკავკაზთან აკავშირებს) შეტაკებით დასრულდეს.

„პასპორტის ისტორია“

18 წლის წინ, 2006 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ე.წ. თავისი მოქალაქეებისთვის "ეროვნული პასპორტების" გაცემა დაიწყო. ინიციატივა „პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის“ ეკუთვნოდა და პირველი პასპორტიც მანვე მიიღო. როგორც კოკოითი იხსენებს, "პასპორტების" გაცემა დაიწყო „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინ, როგორც პრევენციული ღონისძიება თბილისის შესაძლო ჩარევის წინააღმდეგ“:

„ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ 2006 წლისთვის მზადდებოდა სერიოზული პროვოკაცია. საქართველოს არქივში ინახებოდა 400 ათასი ცალი საბჭოთა პასპორტი. 2006 წელს გვქონდა არჩევნები და რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. ქართული მხარე მზად იყო, თავისი მოქალაქეებისთვის დაერიგებინა პასპორტები, დაერეგისტრირებინათ ისინი სამხრეთ ოსეთის სოფლებში, სადაც ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა, რათა ოსებზე მეტი ქართველი ყოფილიყო. ისინი მზად იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებსა და რეფერენდუმში შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით“.

2006 წლის 12 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში ორი პარალელური არჩევნები გაიმართა:

  • საქართველოს ხელისუფლების არაოფიციალური მხარდაჭერით, ცხინვალის რეგიონში ე. წ. ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნები, ძირითადად, იმ ადგილებში ჩატარდა, რომლებიც თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა (თუმცა, თბილისის მტკიცებით, არჩევნებში მონაწილეობა ეთნიკურად ოსებმაც აქტიურად მიიღეს) და მასში დიმიტრი სანაკოევმა ხმათა 94%-ით გაიმარჯვა.
  • 12 ნოემბერსვე ჩატარდა სეპარატისტების "საპრეზიდენტო არჩევნები", რომელშიც ედუარდ კოკოითიმ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ე.წ. ალტერნატიულ არჩევნებში 41 737-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ცხინვალის ცნობით კი, მათ მიერ ჩატარებულ "არჩევნებში" 52 443-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

დიმიტრი სანაკოევი
დიმიტრი სანაკოევი

52,5 ათასი ამომრჩეველი, რომელმაც ე.წ. კოკოითის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, აშკარად გაბერილია, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოალიციის, „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ, კონფლიქტოლოგმა ზურაბ ბენდიანიშვილმა, რომლის თანახმადაც, „სამხრეთელების“ პარალელურად, "პასპორტები" ასევე დაურიგდათ ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათი რაოდენობა 15 ათასიდან 20 ათასამდე მერყეობდა, არგუმენტად კი ასახელებდნენ მათ დევნილობას, რომ ისინი გასული საუკუნის 20-იან წლებში ქართველი მენშევიკების მიერ "სამხრეთ ოსეთიდან" გაძევებული პირების შთამომავლები იყვნენ.

2006 წლის 12 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში არჩევნებთან ერთად ჩატარდა ასევე ორი რეფერენდუმი: რეგიონის სეპარატისტული მთავრობის მიერ კონტროლირებულმა ნაწილმა პასუხი გასცა კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სტატუსს?“ ხოლო თბილისის მიერ კონტროლირებულმა ნაწილმა, კითხვაზე: „გსურთ თუ არა თბილისთან მოლაპარაკების დაწყება საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე?“ ე.წ. სარეფერენდუმო კითხვებზე დადებითი პასუხი ორივე შემთხვევაში ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა გასცა.

2010 წლის ოქტომბერში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ პირველად შეცვალა 2006 წელს შემოღებული "პასპორტები". მიზეზად კვლავ უსაფრთხოება დასახელდა, თითქოს 2011 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართულ სპეცსამსახურებს ხელში ჩაუვარდათ რამდენიმე ათასი „ოსური პასპორტი“. სინამდვილეში, როგორც ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ჩანაცვლება გაკეთდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ამომრჩევლების შესაზღუდად, რადგან, როგორც ოპოზიციური მედია წერდა, ედუარდ კოკოითიმ "პრეზიდენტობის" მეორე ვადის განმავლობაში დაკარგა პოპულარობა ჩრდილოეთ ოსეთში, მისი პოლიტიკური ოპონენტების პოზიციები კი შესამჩნევად გამყარდა.

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

როგორც „ეხო კავკაზა" წერს, ამ დროიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის „სამხრეთოსური პასპორტების“ დარიგების იდეამ ოსები ორად გაყო. ე.წ. ნაციონალ-რომანტიკოსები მხარს უჭერენ ყველა ოსისთვის "ცხინვალის პასპორტის" დარიგებას (არ აქვს მნიშვნელობა, ვლადიკავკაზში ცხოვრობს თუ ცხინვალში) და "პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის" მუდმივი ბინადრობის ცენზის გაუქმებას. „სამხრეთ ოსეთი ყველა ოსის სახელმწიფოა!" - აცხადებენ ისინი და ამ იდეის უკან ხედავენ სახელმწიფოებრიობის ჩამქრალი პროექტის ახალი სუნთქვის გახსნის შესაძლებლობას, რადგან, მათი თქმით, „ადგილობრივმა ელიტამ აღიარებიდან 16 წლის განმავლობაში აჩვენა თავისი უუნარობა, შექმნას ცხოვრების ნორმალური პირობები, ადგილობრივი მოსახლეობა ნელა, მაგრამ მყარად გადადის ჩრდილოეთში საცხოვრებლად“.

თუმცა წონიანი საპირისპირო არგუმენტები აქვთ ე.წ. ნაციონალ-რომანტიკოსთა ოპონენტებსაც, ძირითადად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მუდმივ მცხოვრებლებს: ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ ცხინვალის რეგიონში, საკუთარ ტყავზე ვერ გრძნობენ არჩევნების შედეგებს.

ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი
ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი

„ამიტომ, ხმის მიცემის უფლებით უნდა სარგებლობდნენ მხოლოდ ისინი, ვინც რესპუბლიკაში ცხოვრობენ და თავიანთი არჩევანის საფასურსაც თვითონ იხდიან. ე.წ. რომანტიკოსების აზრით, აქტიურ ადამიანებს შეეძლოთ სამხრეთ ოსეთის განახლებული ელიტის შექმნა; ამის საპასუხოდ, მათი ოპონენტები ამბობენ, რომ ცხინვალის მთავრობაში საკვანძო თანამდებობებზე ყოველთვის საკმარისზე მეტი იყვნენ ჩრდილოელები, მაგრამ მათი მოტივებიც ისეთივე ეგოისტური იყო, როგორც შინნაზარდი ბიუროკრატიისა”, - წერს „ეხო კავკაზა“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული დისკუსიის მონაწილეები ერთგვარ კომპრომისულ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ კონფიგურაციას: მოიხსნას ცენზი და „სამხრეთოსური პასპორტები“ დაურიგდეს ყველა ოსს, მაგრამ ამავე დროს შეიზღუდოს "ამომრჩეველთა" წრე მუდმივი ბინადრობის მოთხოვნით, რაც არანაირად არ შედის 2022 წელს ე.წ. პრეზიდენტად ხუთი წლით არჩეული ალან გაგლოევისა და მისი პარტიის, „ნიხასის“ ინტერესებში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG