Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ირჩევს ყაველაშვილს პრეზიდენტად


მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილი ყაველაშვილის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს - მას დეპუტატის მანდატი 10 დეკემბერს შეუწყდა.
მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილი ყაველაშვილის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს - მას დეპუტატის მანდატი 10 დეკემბერს შეუწყდა.

„ქართული ოცნება“ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება. 14 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებზე ერთადერთ, უკონკურენტო კანდიდატს უყრიან კენჭს - ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ ყოფილ ფეხბურთელსა და პარლამენტარს, მიხეილ ყაველაშვილს.

პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად - აქვს ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კოლეგიის შემადგენლობაში ფორმალურად ირიცხებიან, რადგან მათი მანდატები ჯერ კიდევ ძალაშია. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს.

ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

  • საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
  • პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.

კოლეგიის 300 წევრიდან უშუალოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან: 89 წევრი - სადავო პარლამენტიდან, 109 წევრი - საკრებულოებიდან, 13 წევრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან.

ეს უკვე, ჯამში - კოლეგიის 211 წევრია. ეს რაოდენობა უკვე საკმარისია როგორც კენჭისყრის ჩასატარებლად, ასევე პრეზიდენტის ასარჩევად.

წესით, საკრებულოების კვოტის 109 წევრიდან 55 უნდა წარედგინა 8 ოპოზიციურ პარტიას [თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგების შესაბამისად], ხოლო 54 წევრი - „ქართულ ოცნებას“. თუმცა, ცესკოს მონაცემების თანახმად, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს სიები არ წარადგინეს და ამიტომ ეს 55 ადგილიც დამატებით „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო.

თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგების შესაბამისად, წევრების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ შემდეგ პარტიებს: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 36; „გახარია საქართველოსთვის“ - 9; „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 4; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1; „ევროპული საქართველო” - 2; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1; “ლეიბორისტული პარტია - 1; „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 1.

ოპოზიციური პარტიები მე-11 მოწვევის პარლამენტს, არჩევნების გაყალბების გამო, არალეგიტიმურად თვლიან; შესაბამისად, არც საპრეზიდენტო არჩევნებს აღიარებენ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ. მაგრამ კოლეგიის წევრთა შორის მაინც ირიცხებიან იმ ოთხი ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც, ცესკოს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს.

კოლეგიის წევრთა სიაში მოხვედრას ოპოზიციის თანხმობა არ ესაჭიროებოდა. რადგან ისინი ჯერ ისევ ითვლებიან დეპუტატებად, მათი მონაცემები ცესკოს პარლამენტიდან ავტომატურად გაეგზავნა. ასევეა აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც.

შედეგად, ფორმალურად, კოლეგიის შემადგენლობაში, ჯამში, ოპოზიციის 69 წარმოდგენილი ირიცხება:

  • საქართველოს პარლამენტიდან - 61;
  • აჭარის უმაღლესი საბჭოდან - 8.

რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს [აფხაზეთიდან დევნილი საბჭო 1900-იანი წლების შემდეგ, ოკუპაციის გამო, აღარ აურჩევიათ] - ამჟამად საბჭოს წევრთა რაოდენობა სულ 20-ია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან კოლეგიის სიაში არიან: ეთერ ასტემიროვა, ჯემალ გამახარია, ელგუჯა გვაზავა, ბორის კაკუბავა, თემურ კალანდია, მურმან კვარაცხელია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ნაპოლეონ მესხია, თეიმურაზ მჟავია, ოლგა ნაგარნინა, ჯემალ საჯაია, რაისა უბილავა, რაისა ქარაია, ვახტანგ ყოლბაია, როსტომ შამუგია, რუდიკ ცატავა, ანზორ წოწონავა, თამაზ ხუბუა და ზურაბ ჯგუბურია.

11 დეკემბერს ცესკომ დაამტკიცა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც კოლეგიის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ 8 წევრი შეიცვალა. კერძოდ, სიიდან ამოიღეს „ოცნების“ პარლამენტის 8 წარმომადგენელი: მაკა ბოჭორიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით სონღულაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი [პრეზიდენტობის კანდიდატი], რომლებსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტში, 10 დეკემბერს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

მათი ადგილები, როგორც სადავო პარლამენტში, ასევე კოლეგიის წევრთა სიაში დაიკავეს: თორნიკე ბერეკაშვილმა, არჩილ გორდულაძემ, გიორგი გუგუჩიამ, ლევან მაჭავარიანმა, პაატა სალიამ, თორნიკე ჭეიშვილმა, ირაკლი ჭეიშვილმა და სალომე ჯინჯოლავამ.

ამ ცვლილების შედეგად, კოლეგიაში „ოცნების“ შემადგენლობის ჯამი არ შეცვლილა.

14 დეკემბერს, არჩევნებს, პარლამენტის შენობაში, ცესკო ჩაატარებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცესი დილის 9 საათიდან დაიწყება და ყველაზე გვიან - 14:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრის შედეგებს ცესკო იმავე დღეს შეაჯამებს, სხდომაზე, უშუალოდ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

  • პრეზიდენტის არჩევნები შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს კოლეგიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი [150-ზე მეტი];
  • პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია კოლეგიის წევრთა 2/3-ის [200] მხარდაჭერა.

არჩევნების ჩასატარებლად, ცესკომ განკარგულებით შექმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის აპარატის რამდენიმე ათეული თანამშრომელი შედის. ნაკადის მომწესრიგებლის, რეგისტრატორის, საარჩევნო ყუთის ზედამხედველისა თუ მთვლელის ფუნქციებს მათ ცესკოს თავმჯდომარე უნაწილებს.

კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე თავადაც არის ჩართული საარჩევნო პროცედურებში.

ცესკომ დაბეჭდა სპეციალური ბიულეტენები, რომელშიც კოლეგიის წევრებმა სასურველი კანდიდატი უნდა შემოხაზონ. რადგან კანდიდატი ერთადერთია, სრულად გამოირიცხება მეორე ტურის ჩატარების ალბათობა.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს მიერ მომზადებულ ბიულეტენებში ერთადერთი კანდიდატია
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს მიერ მომზადებულ ბიულეტენებში ერთადერთი კანდიდატია

შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენებს კოლეგიის წევრები სპეციალურ გამჭვირვალე ყუთში ყრიან.

საარჩევნო ყუთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
საარჩევნო ყუთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

წინასწარვე ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებთან ერთად ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG