Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ იცავს უსაფრთხოებას კახეთის ტურისტულ ზონებში


ლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის ნაკრძალი

კახეთში ტურისტული ობიექტები აქტიური მუშაობისთვის ემზადებიან.

რამდენად არის დაცული დამსვენებელთა უსაფრთხოება კონკრეტულ ობიექტებზე და ვინ უნდა გააფრთხილოს ადამიანები მოსალოდნელ შედეგებზე?

ზაფხულის ცხელი დღეების გრილად გატარების შესაძლებლობა კახეთში ბევრია, მათ შორის: ტყე, მთა, ტბები, მდინარეები, კერძო დასასვენებელი კომპლექსები და ასე შემდეგ. მდინარეებსა და ტბებზე დამსვენებლთა აქტივობა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა უკვე შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც თავისუფალ დროს მდინარეებსა და ტბებზე ატარებენ. სეზონი გაიხსნა ყვარელში მდებარე ილიას ტბაზე. კომპლექსი დამსვენებელს, ტბაში ბანაობის გარდა, წყლის ნავებს, ველოსიპედებსა და სხვა მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის დაცული ტბაზე მისულის უსაფრთხოება, თუკი ის ტბაში ჩასვლას გადაწყვეტს. უბედური შემთხვევები ილიას ტბაზე თითქმის ყოველ წელს ხდება. ამ ტბაში 40 წლამდე მამაკაცი გასულ წელსაც დაიხრჩო. კომპლექსის ხელმძღვანელი დიმიტრი სოლომნიშვილი გვეუბნება, რომ დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია და სპეციალური სამაშველო ჯგუფი იცავს. სოლომნიშვილისავე თქმით, თითქმის ყველა შემთხვევაში, რომელიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ის ტბაში ნასვამ მდგომარეობაში იყო ჩასული:

ლაგოდეხის ტურისტული ცენტრი
ლაგოდეხის ტურისტული ცენტრი

„მაშველების არყოფნის გამო არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ტბაში გარდაცვალება მაშინ ხდება, როცა ნასვამები შედიან საბანაოდ. ჩვენ გვაქვს გამაფრთხილებელი აბრები. ამასთანავე, მაშველები მუდმივად პერიმეტრზე არიან და სისტემატიურად აფრთხილებენ თითოეულ დამსვენებელს. არის დაუმორჩილებლობის შემთხვევებიც, როცა ეუბნებიან, რომ წყალში არ ჩავიდნენ და მაინც ჩადიან“.

კახეთში ზაფხულის თვეებში პოპულარულია მდინარე ალაზანიც, რომლის ნაპირსაც დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი სტუმრობს, თუმცა მდინარის იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობა მიდის, უსაფრთხოების არანაირი ნორმა არ არსებობს. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე გვეუნება, რომ ალაზანზე უსაფრთხოების დაცვა წარმოუდგენელია:

„არის რამდენიმე ადგილი, სადაც ბანაობა სახიფათოა, რადგან მორევია. საკმაოდ ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. ეგ ადგილი ყველამ იცის, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინ ჩადიან. ერთ ადგილას შეიძლება რაღაც ლოკაციაზე მოახდინო უსაფრთხოების ზომების მიღება, მაგრამ მარტო ის ერთი ადგილი ხომ არ არის?! მთელი ალაზნის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება“ .

ლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის ნაკრძალი

ზაფხულობით კახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი დამსვენებელი ჰყავს ლაგოდეხის ნაკრძალს, სადაც ტყეც არის, მთაც და მდინარეც. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთაში გადაადგილება უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. ყველაზე გრძელი მარშრუტი ლაგოდეხში შავი კლდეების ტბაა, რომელიც ქალაქიდან 42 კილომეტრით არის დაშორებული და სადაც მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენით არის შესაძლებელი. ამ ადგილზე მოსახვედრად უმეტესად ციცაბო და ვიწრო ბილიკებია გასავლელი. ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული, უფრო კონკრეტულად კი, ვიზიტორებს გზადაგზა ხვდებათ საინფორმაციო სახის ბანერები, რომელიც მათ სირთულის შესახებ ატყობინებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ გვაქვს სამი საინფორმაციო სადგური, სადაც რეინჯერები მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში. ეს ჩვენ გვეხმარება, რომ ვიზიტორთა ნაკადებს მონიტორინგი გავუწიოთ და ვიცოდეთ, ტურზე დარჩენილი არის თუ არა ადამიანი. თუ არის უამინდობა, სტიქიური მოვლენა, მაგალითად, წყალდიდობა, ჩვენ ვატყობინებთ მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. გვაქვს იმის პრეცედენტიც, რომ კონკრეტულ მარშრუტზე წასვლა შეგვიჩერებია, მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე. პირველ რიგში ვიზიტორების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული“.

რას ფიქრობს ხალხი, რამდენად აუცილებელია ტურისტულ ზონებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა? აი, მათი აზრი:

„ქვეყანა ხალხი მოძრაობს - ტურისტებიც და ადგილობრივებიც - და, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს მათი უსაფრთხოება, სიცოცხლე. ბევრი იკარგება ტყეში. მაგალითად, მე აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ტყეში მეც კი მერევა გზა“.

„ადრე იყვნენ სპეციალური გამყოლები, რომლებსაც უკან მიჰყვებოდნენ ტურისტები. ისინი დაცულები იყვნენ უბედური შემთხვევისაგან ან, თუნდაც, გზის აბნევისგან. ახლა არ ვიცი, როგორ ხდება“.

„ყველა უნდა იყოს დაინტერესებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, თუმცა მე, მაგალითად, სადაც მივდივარ, დაზღვევას ვაკეთებ“.

აღსანიშნავია, რომ ტურისტთა უსაფრთხოების დაცვისა და მართლწესრიგის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტული პატრულის ჯგუფები შექმნა, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, ისინი თბილისისა და ბათუმის გარდა კიდევ რომელ რეგიონებში იმუშავებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG