საქართველოში 2015 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა გაზაფხულის მიწურულს უცხოელი ტურისტები კახეთის რეგიონს უკვე აქტიურად სტუმრობენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტურიზმის საკითხებში წამყვანი სპეციალისტი ნანა კორაშვილი ამბობს, რომ, მართალია, სიღნაღს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტები უფრო შემოდგომით სტუმრობენ ხოლმე, მაგრამ მათ ნაკლებობას არც ახლა განიცდიან. ნანა ამბობს, რომ სიღნაღის სასტუმროები უცხოელი ტურისტებით, ფაქტობრივად, გადავსებულია:
„ძირითადად ნაკადები ჩამოსული არიან პოლონეთიდან, უკარაინიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და ისრაელიდან. როგორც VIP, ასევე კერძო სასტუმროები გადავსებულია ტურისტებით. ჩვენ მენტ-ნაკლებად, ფაქტობრივად, მზად ვართ სეზონის გახსნისთვის“.
სწორედ იმ დროს, როცა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას სეზონის სამზადისთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ვეწვიეთ, ლაგოდეხის ნაკრძალმა სამკაციანი ტურისტული ჯგუფი მიიღო ლიტვიდან. ტურისტმა ვლადას ნარუშავიჩუსმა გვითხრა, რომ ლაგოდეხის და, ზოგადად, საქართველოს შესახებ ინტერნეტის მეშვეობით გაიგო. მათ სურთ, რომ როგორც ვებსივრცეშია მითითებული, გარეული ცხოველები და ფრინველები პირადად ნახონ.
„ჩვენ ლიტვიდან ვართ. სანამ აქ ჩამოვიდოდით, სამ სხვადასხვა საიტზე ვნახეთ ინფორმაცია და ვიდეომასალა ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ. ცხოველები, ფრინველები... ძალიან საინტერესოა. უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. ჩვენ ვიყავით მესტიაში, ვაშლოვანის ნაციონალურ პარკში, აქედან კი ვგეგმავთ წავიდეთ დავითგარეჯში, ყაზბეგში და კოლხეთის ეროვნულ პარკში“, - განაცხადა ტურისტმა ვლადას ნარუშავიჩუსმა ლიტვიდან.
ჩვენი რესპონდენტი უცხოელი ტურისტები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა არ მოსწონთ საქართველოში, თუმცა გარკვეული სამუშაოები რომ ჩასატარებელია მომსახურების გასაუმჯობესებლად, ამის შესახებ ლაპარაკობს გიორგი სულამანიძე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი:
„ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ტურიზმის ისეთი ელემენტები, როგორიც არის ბოტანიკური ტურიზმი, ცხოველებზე, ფრინველებზე დაკვირვება. ეს ვიზიტორები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სწორედ იმიტომ იყვნენ ჩამოსული, რომ ცხოველები და ფრინველები აინტერესებდათ“.
როგორ აფასებენ კახეთის კუთხეებში არსებულ ტურისტულ მომსახურებას და ინფრასტრუქტურას ადგილობრივი ტურისტები? ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. უცხოელებისგან განსხვავებით, ადგილობრივებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ:
„მაგალითად, სიღნაღში ბაშვებმა რომ დაისვენონ, არანაირი პირობები არ არის - არც გასართობია და არც ატრაქციონები“.
„კახეთის თითქმის არც ერთ ქალაქში საცურაო აუზები არ არის და თუ სადმე არის, იქაც არ მუშაობს“.
„ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ გასართობ ცენტრებს გააკეთებდნენ“.
აღსანიშნავია, რომ კახეთში, თელავისა და ყვარლის რაიონებში არსებობს კერძო ტურისტული დასასვენებელი კომპლექსები, სადაც მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობენ, თუმცა იქ ფასები იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივთა დიდი ნაწილი იქ დასვენებას ვერ ახერხებს.