Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის კონვენცია რუსი დიპლომატების წინააღმდეგ


„პერსონა ნონ გრატად“ - „არასასურველ პირად“ - დიპლომატის გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება იშვიათი არაა სახელმწიფოთა ურთიერთობებში. წელს არაერთ დიპლომატს მოუხდა, და მათ შორის ბევრი იყო რუსეთის წარმომადგენელი, მასპინძელ ქვეყანაში თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო შინ დაბრუნება. ეს საქმიანობა ყველაზე ხშირად ჯაშუშობაა. ბევრი შემთხვევა, ალბათ, საიდუმლოდაც რჩება. მხოლოდ ნაწილს გავიხსენებთ მოკლედ.

ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ განსაზღვრავს ქვეყნიდან მიზეზის დაუსახელებლად უცხო სახელმწიფოს დიპლომატების გაძევების, მათი „პერსონა ნონ გრატად“- „არასასურველ პირად“ - გამოცხადების წესებს. ხელშეკრულებით, დიპლომატებს აქვთ იმუნიტეტი, რაც ნიშნავს, რომ, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ისინი დაცული არიან სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. კონვენცია 1961 წელს გაფორმდა და 1964 წელს შევიდა ძალაში. მასში 190 სახელმწიფოა გაფორმებული.

გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა 4 დეკემბერს და ქვეყნიდან გააძევა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.


როცა დიპლომატი არასასურველ პირად გამოცხადდება, მისმა ქვეყანამ ის უნდა გაიწვიოს და შეაჩეროს მისი ფუნქციონირება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

ყველაზე ხშირად დიპლომატების გაძევება, რაც თავისთავად უკიდურესი ზომაა, ხდება ჯაშუშობაში ბრალდების გამო და ასეთ დროს დიპლომატის სტატუსისთვის შეუთავსებელ საქმიანობაზეა ლაპარაკი.

დიდია რუსეთის დიპლომატიური ქსელი, უზარმაზარია რუსი დიპლომატების არმია. ხშირად ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია რუსი დიპლომატების რომელიმე ქვეყნიდან გაძევების შესახებ და ასევე ხშირია საპასუხო „სარკისებური ზომა“ რუსეთის მხრიდან, ანუ მოსკოვიც შემდგომ გააძევებს ხოლმე თავისი დიპლომატების გამძევებელი ქვეყნის წარმომადგენლებს.

ბოლო გახმაურებული შემთხვევაა გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევება.

გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა 4 დეკემბერს და ქვეყნიდან გააძევა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბოროტმოქმედებასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. როგორც ჟურნალი Spiegel-ი იტყობინება, გაძევებული პირები არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დიპლომატებად იყვნენ შენიღბულნი.

ორი თვით ადრე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობაში დადანაშაულებულ რუს დიპლომატს 24 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ რუსეთმა არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ამ პირის 28 ოქტომბრამდე გაწვევის შესახებ.

პირველ ეტაპზე სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოფიაში განთავსებული რუსეთის საელჩოს ცხრა პირველი მდივნიდან ერთ-ერთმა ბულგარეთი 28 ოქტომბერს დატოვა. რუსეთის საელჩომ 30 ოქტომბერს დაადასტურა იმ წერილის მიღება, რომელშიც რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი „პერსონა ნონ გრატად“ იყო გამოცხადებული და მას ბულგარეთი 24 საათში უნდა დაეტოვებინა. რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ მისი თანამშრომელი ამ ვადას დაიცავდა.

პირის სახელი არ გაუმჟღავნებიათ. გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილი საიდუმლო შეხვედრებს მართავდა ბულგარეთის მაღალჩინოსნებთან და ერთ-ერთ შეხვედრაზე მისთვის ხელმისაწვდომი გახდა საიდუმლო ინფორმაცია ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის საქმეებზე. ბულგარეთის გენერალური პროკურორის ოფისი ამბობს, რომ ეჭვმიტანილი ამ ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას გეგმავდა.

2019 წლის 13 აგვიტოს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი. უწყების განცხადებაში მას ეწოდება „მზვერავი“, რომელიც „ლვოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდა“.

ცნობით, დიპლომატმა საიდუმლო ინფორმაცია მიიღო 2014 წელს გადაბირებული უკრაინის მოქალაქისგან - სამხედრო პენსიონერისგან.

ინფორმაცია, კერძოდ, შეეხებოდა უკრაინელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობას, სამართალდამცველ უწყებებს, სპეცსამსახურებს, შეიარაღებულ ძალებსა და რეგიონში მყოფ უცხოელ ინსტრუქტორებს. უკრაინელი მოქალაქე ბრალდებულია ჯაშუშობაში და მისი საქმე გადაეცა სასამართლოს.

თებერვალში შვედეთის პრესა იტყობინებოდა, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან მოითხოვდა რუსეთის დიპლომატის ქვეყნიდან გაყვანას, რადგან ის ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის თაობაზე გაზეთი „დაგენს ნიჰეტერი“ წერდა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი, ვიქტორ ტატარინცევი, და მოსთხოვა, ნებაყოფლობით გაეყვანათ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დიპლომატი. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ თებერვლის ბოლოს შვედეთის უშიშროების პოლიციამ დააკავა უკანონო სადაზვერვო საქმიანობაში შემჩნეული პირი, რომელიც გადაიბირა რუსეთის დაზვერვის აგენტმა, დიპლომატიურ სტატუსს ამოფარებულმა პირმა.

მსგავსი ინციდენტები უფრო ხშირი იყო შარშან, 2018 წელს. ამ წელს გამორჩეული იყო რუსეთის დიპლომატების გაძევების დიდი ტალღა 2018 წლის მარტში, როცა რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ არასასურველ პირებად აცხადებენ რუსეთის დიპლომატებს.


დიპლომატის გაძევების კლასიკური შემთხვევა არ იყო, მაგრამ აღნიშნვის ღირსია სერბიის ყოფილ ოლქ კოსოვოდან რუსი დიპლომატის გაძევების მცდელობის ინციდენტი. კოსოვომ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა გაეროს მისიის რუს თანამშრომელს, რომელსაც ბრალად ედებოდა კოსოვოს პოლიციის მუშაობისათვის ხელის შეშლა. ინციდენტი მოხდა მაისის ბოლოს, 2019 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს თანამშრომლებზე არ ვრცელდება ვენის კონვენცია, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რამუშ ჰარადინაიმ, 31 მაისს ფეისბუკში დაწერა, რომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს მიხაილ კრასნოშჩოკოვი არასასურველ პირად. ჰარადინაიმ ასევე მოუწოდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კოსოვოში, დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას.

მაგრამ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ჯერ კიდევ იანვარში, სომალიში განვითარებული მოვლენების დროს, განაცხადა, რომ „პერსონა ნონ გრატას შესახებ დოქტრინა არ ვრცელდება გაეროს ოფისსა და მის თანამშრომლებზე“.

რუსი დიპლომატი მიხაილ კრასნოშჩოკოვი 28 მაისს დააკავეს პოლიციელების რეიდების დროს სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში. რეიდების დროს დააპატიმრეს „კრიმინალურ საქმიანობასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პოლიციის 19 თანამშრომელი, ხოლო კრასნოშჩოკოვი და მასთან ერთად კიდევ ექვსი ეთნიკური სერბი დააკავეს პოლიციის ოპერაციისათვის ხელის შეშლის გამო.

რუსი დიპლომატი მალევე გაათავისუფლეს და სამკურნალოდ მოათავსეს ჩრდილოეთ მიტროვიცის საავადმყოფოში, საიდანაც შემდეგ ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში გადაიყვანეს.

მსგავსი ინციდენტები უფრო ხშირი იყო შარშან, 2018 წელს. ამ წელს გამორჩეული იყო რუსეთის დიპლომატების გაძევების დიდი ტალღა 2018 წლის მარტში, როცა რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ არასასურველ პირებად აცხადებენ რუსეთის დიპლომატებს. სულ ასზე მეტი იყო მათი რიცხვი. მათი გაძევება უკავშირდებოდა ინციდენტს ბრიტანეთში, სოლსბერიში, სადაც 4 მარტს მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს, ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი, რომელიც ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, და მისი ქალიშვილი. დიდი ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ სკრიპალები მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით - „ნოვიჩოკით“, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო წარმოებული. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

26 მარტს ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებულ იქნა, დაახლოებით, ასი დიპლომატი. აშშ-მა გადაწყვიტა გაეძევებინა 60-მდე რუსი დიპლომატი, რომელთაგან 48 დიპლომატიურ მისიებში მუშაობდა, 12 - გაეროს მისიაში. აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ასევე, დაეხურა აშშ-ის საკონსულო სიეტლში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის დიპლომატების გაძევება გერმანიიდან ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორე შემთხვევაა. შარშან „სკრიპალების საქმესთან“ კავშირში გერმანიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე იტყობინებოდა გერმანიის ხელისუფლება. ასევე ოთხ-ოთხი დიპლომატი გამოაცხადეს „პერსონა ნონ გრატად“ საფრანგეთსა და პოლონეთში, სამ-სამი - დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდში, ასევე - ჩეხეთში, ლიტვასა და მოლდავეთში, ხოლო ფინეთმა და რუმინეთმა თითო-თითო რუსი დიპლომატი აიძულა წასულიყო ქვეყნიდან. და ეს სია სრული არაა, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლები არასასურველ პირებად გამოცხადდნენ სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირი იტყობინებოდა, რომ მისი წევრი 28 სახელმწიფოდან 14-მა გააძევა რუსი დიპლომატები.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG