Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური გერმანიაში, დუმილი საქართველოში


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) ბერლინში მკვლელობის გამო - გამოძიება დანაშაულში რუსეთის ხელისუფლების კვალს ხედავს. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს საგანგებო განცხადებები არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლებამ შეკითხვებზე ზოგადი და ბუნდოვანი პასუხები მიიღო.

რით არის განპირობებული საქართველოს ხელისუფლების თავშეკავება ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით? რას ფიქრობენ პანკისელები სახელმწიფოს ქმედებებსა და ბერლინში მიმდინარე ხმაურიან გამოძიებაზე?

საქმე მერკელსაც მისწვდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე უმაღლეს დონეზე მსჯელობის საგანი ხდება. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც დაელაპარაკება. მანამდე კი, ბერლინის პირველი სასჯელი მოსკოვისთვის უკვე დაწესებულია. შემდგომი სასჯელის ბედი სამომავლოდ, ვითარების მიხედვით განისაზღვრება.

  • ბერლინმა ორი რუსი დიპლომატის (სავარაუდოდ - საიდუმლო აგენტების) ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის მიერ ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტის გამოძიების იგნორირების გამო;
  • გერმანიის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი ისევ უარს იტყვის მკვლელობის საქმის გამოძიებაში თანამშრომლობაზე;
  • გამოძიების პროცესში რუსეთის ჩართვას ბერლინი ისევ დაჟინებით ითხოვს, რადგან გამოძიებამ სწორედ რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურების კვალი გამოკვეთა;
  • რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება გერმანიას.

საერთაშორისო მედია სულ უფრო მეტ მსგავსებას ხედავს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესა და ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტებს შორის.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის პარკში მოკლეს. დამნაშავე, რუსეთის მოქალაქე, 49 წლის კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს.

ის, რაზეც მედია აგვისტოს შემდეგ ლაპარაკობდა, 3 დეკემბერს გერმანიის სახელმწიფომაც თქვა - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის ხელისუფლების კვალი იკვეთება.

„გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა საქმის გამოძიება გადაიბარა იმ საფუძვლით, რომ არსებობს საკმარისი ხელჩასაჭიდი ფაქტობრივი ნიშნები იმისა, რომ მკვლელობა დაკვეთილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მიერ“, - წერია გფრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საეჭვო კავშირების შესახებ მეტ დეტალს აქვეყნებს თავად ფედერალური პროკურატურა. ტექსტი დიდწილად იმეორებს ჟურნალისტური გამოძიების მიგნებებს - ვადიმ სოკოლოვი (იგივე ვადიმ კრასიკოვი) გაყალბებული დოკუმენტებითა და კონკრეტული მხარდაჭერით მოქმედებდა.

V
V

მკვლელი და ზელიმხან ხანგოშვილი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ.

საქართველოს სახელმწიფოს თავშეკავება

გერმანიაში გამოვლენილ პროცესებს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საგანგებო განცხადებები არ მოჰყოლია. შეკითხვების დასმის შემდეგ კი, რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ზოგადი კომენტარები მიიღო.

  • „გვაქვს კავშირი გერმანელ პარტნიორებთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ვიმოქმედებთ მათთან კოორდინირებულად“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • „პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე, განხორციელდა გერმანული მხარისათვის, გამოძიებისათვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება დანაშაულთან შემხებლობაში შესაძლო მყოფი პირების და სხვა გარემოებათა შესახებ. საქმეზე თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე გამოძიებას“, - აცხადებს სუსი.
  • „საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში უწყება თანამშრომლობს გერმანულ მხარესთან“, - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო სტრუქტურების არაადეკვატურ დუმილს „საგანგაშოდ“ მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი, ალეკო კვახაძე. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება 2015 წელსაც რუსეთის დადანაშაულებას მოერიდა და ახლაც რუსეთის გაღიზიანებას არიდებს თავს.

კვახაძის თქმით:

  • „საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, თავის მოქალაქესთან დაკავშირებული ინტერესები დაიცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“;
  • „საქართველოს სახელმწიფომ ზელიმხან ხანგოშვილის ინტერესები არც მის სიცოცხლეში დაიცვა - როდესაც 2015 წელს მას თბილისში 8 ტყვია ესროლეს“;
  • „არც ობიექტური გამოძიება ჩატარდა და არც ხანგოშვილის დაცვა იქნა უზრუნველყოფილი - ამიტომ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო“.

ზელიმხან ხანგოშვილზე 2015 წელს თავდასხმის ფაქტზე ყურადღებაა გამახვილებულია გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაშიც. ნათქვამია, რომ თავდამსხმელის ვინაობა დღემდე უცნობია.

ზელიმხან ხანგოშვილზე 2015 წელს თავდასხმის საქმის გამოძიების პროცესში გამოვლენილი უხეში დარღვევებისა და გულგრილობის შესახებ მუდმივად მიუთითებდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). მისი კრიტიკა ძირითადად პროკურატურას უკავშირდებოდა.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ამჟამად რა ეტაპზეა გამოძიება:

  • პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ ამ საქმეს მათი უწყება არ იძიებს და შს სამინისტროში გადაგვამისამართეს;
  • შს სამინისტროში კი მოკლედ და ზოგადად გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

რას ფიქრობენ პანკისელები?

„ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ გერმანიაში მიმდინარე გამოძიებას გამოეკვეთა კავშირი რუსეთთან. რადგან ამით პირდაპირ ეხდება ფარდა, რომ 2015 წელს საქართველოშიც იგივე ხდებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის მკვიდრმა, ჟურნალისტმა, სულხან ბორძიკაშვილმა.

ის ასევე ამბობს:

  • „მე ვფიქრობ, რომ 2015 წელს ხანგოშვილზე თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ან კონკრეტულ პირებთან შეთანხმებით განახორციელეს“;
  • „ზუსტად ამიტომ მოახერხა თავდამსხმელმა ქვეყნიდან უპრობლემოდ გასვლა და არც წესიერი გამოძიება ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილი კამერების მეთვალყურეობის ქვეშ იყო“.

მადლიერება გერმანიის ხელისუფლების მიმართ - ასეთია ახლა პანკისელების ემოცია და განცდა.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ მაინცდამაინც დიდი იმედი არ გვქონდა, რომ გერმანია ასეთ მაღალ დონეზე წარმართავდა ამ საქმეს... შეიძლება იქ სხვა პოლიტიკური მიზნებიც იყოს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის მკვიდრმა, მექა ხანგოშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციებს, ხანგოშვილი ამბობს, რომ - „რა თქმა უნდა, არ იყო ადეკვატური რეაქციები... ჩვენ უფრო მეტს მოველოდით... რომ ყოფილიყო მეტი თანადგომა, გაგვიხარდებოდა“.

პანკისელები იმედოვნებენ, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და გერმანიის ხელისუფლება შეძლებს დაამტკიცოს რუსეთი განზრახვები იჩქერიის თავისუფლებისთვის მებრძოლების მიმართ - „რუსეთი მათ ცოცხალს არსად ტოვებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG