Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მიმალვა სცადა, მაგრამ ის ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავა გერმანიის პოლიციამ.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბოროტმოქმედებასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში.

როგორც ჟურნალი Spiegel-ი იტყობინება, გაძევებული პირები არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დიპლომატებად იყვნენ შენიღბულნი.

ჩეჩნეთში მეორე ომის დროს ზელიმხან ხანგოშვილი ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო და რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა.

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ყალბი პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე. დოკუმენტი მან უცხოეთში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი სინამდვილეში არის ვადიმ კრასიკოვი. 2014 წელს რუსეთმა კრასიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ძებნა შეწყდა.

3 დეკემბერს გერმანიის მედია იტყობინებოდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობას არა პოლიცია, არამედ გენერალური პროკურატურა გამოიძიებს, საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის გამო.

კრემლი მკვლელობასთან კავშირის თაობაზე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

XS
SM
MD
LG