Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ჩავლეიშვილი თუ სანდრა ჰულერი? 


რეჟისორ ჟიუსტინ ტრიეს ფილმი „დაცემის ანატომია“ (2023 წელი, საფრანგეთი) 
რეჟისორ ჟიუსტინ ტრიეს ფილმი „დაცემის ანატომია“ (2023 წელი, საფრანგეთი) 

კვირის დასაწყისში სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ - ეკა ჩავლეიშვილი, ეთეროს როლის შესრულებისთვის ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ევროპის კინოაკადემიის ფინალურ ნომინანტებს შორის მოხვდა.

„დაცემის ანატომია“ (2023, საფრანგეთი, რეჟისორი ჟიუსტინ ტრიე)

ამ პრემიის მოსაპოვებლად ეკას ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს სანდრა ჰულერის სახით; გერმანელი მსახიობი „ევროოსკარის“ ფინალში ერთდროულად ორი ფილმით, ჟიუსტინ ტრიეს „დაცემის ანატომიით“ და ჯონათან გლეიზერის „ინტერესების ზონითაა“ წარმოდგენილი. თუკი „დაცემის ანატომიას“ დაძებნით ინტერნეტში და ტრიეს ორსაათნახევრიან ფილმს ბოლომდე ნახავთ, უთუოდ დარწმუნდებით, როგორი დიდი არტისტია ჰულერი. სწორედ მისი დამსახურებაა, ალბათ, საშუალო ნიჭის ფრანგი რეჟისორის გამარჯვება კანში, სადაც „დაცემის ანატომია“ ფესტივალის მთავარი პრიზით, ოქროს პალმის რტოთი აღინიშნა.

ვფიქრობ, რომ არა ჰულერის ოსტატობა, „დაცემის ანატომია“ გამოვიდოდა ერთი ჩვეულებრივი „პარიზული ფილმი“, რომელიც ხანდახან უბრალოდ იხრჩობა ფსიქოანალიზში და ინგმარ ბერგმანის „ცოლქმრული ცხოვრების“ ასლს ჰგავს. არის კიდევ ერთი, ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილი შედევრი, რომლის ციტირებას ჟიუსტინ ტრიე „დაცემის ანატომიის“ სათაურშივე აღიარებს - ესაა ამერიკელი რეჟისორის, ოტო პრემინჯერის „მკვლელობის ანატომია“ (1959)... ჟიუსტინ ტრიე არ მალავს, რომ მიმართავს ე.წ. სასამართლოს ჟანრის დეკონსტრუირებას, ცდილობს რა თავი მოუყაროს ისეთ თემებს, როგორიცაა ოჯახი და ქალის პროფესიული აქტიურობა, სექსიზმი, მიზოგინია... სხვა საქმეა, რომ დეკონსტრუირება სიახლის ეფექტს არ იძლევა - „დაცემის ანატომია“ ვერ უახლოვდება ამ ჟანრის ფილმ-ეტალონებს. მეტიც, ნამდვილად არ არის წლევანდელი კანის ფესტივალის საუკეთესო ფილმი; რჩება შთაბეჭდილება, რომ კანის ფესტივალი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ხალიჩას უგებდა (პირდაპირი მნიშვნელობით) ჰარვი ვაინსტინს, ამ „ოქროს პალმით“ თავისივე ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს.

პრემინჯერის ფილმის მსგავსად „დაცემის ანატომია“ იწყება როგორც კლასიკური დეტექტივი. მამაკაცი ვარდება თავისი ვილის ზედა სართულიდან. მის ცხედარს აღმოაჩენს შვილი, 11 წლის დანიელი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს. რა მოხდა? ეს თვითმკვლელობაა, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? არის თუ არა დამნაშავე დაღუპულის ცოლი სანდრა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ეჭვმიტანილად ცნეს. აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს თავის არე უბედურ შემთხვევამდე დაუზიანდა.

ამის შემდეგ შევიტყობთ, რომ სანდრა, გერმანელი ქალი, რომელიც თავის დროზე ფრანგს გაჰყვა ცოლად და გრენობლში გადმოსახლდა, წარმატებული და პოპულარული მწერალია, განსხვავებით ქმრისგან, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი და დეპრესია აქვს. დაიწყება ეჭვმიტანილი ქალის სასამართლო, რომელიც ნელ-ნელა სანდრას წამებას ემსგავსება. თუკი ქალმა რამდენჯერმე უღალატა ქმარს, თუკი ხშირად ვერ ნახულობდა დროს ერთადერთ შვილთან კონტაქტისთვის... საერთოდ, თუკი „უწესოდ იქცეოდა“, რატომ არაა ეს საკმარისი იმისთვის, რომ მკვლელად ვაღიაროთ?

ფრანგულმა მედიამ „დაცემის ანატომიას“ ქება-დიდება არ დააკლო. თუმცა გამარჯვებამ კანის ფესტივალის ძალიან ძლიერ კონკურსში, არაერთი კრიტიკოსი გააოცა და გააღიზიანა. თუ არ ვცდები, პირველად უკანასკნელ წლებში, საფრანგეთის კინოაკადემიამ „ოსკარზე“ წარადგინა არა კანში გამარჯვებული ფილმი, არამედ ჟიუსტინ ტრიეს კონკურენტის, ვიეტნამული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის ცან ან ჰუნგის „დოდენ ბუფანის ვნება“ (საერთაშორისო სახელწოდება The Pot-au-Feu), რომლის ორიგინალურმა სახვითმა გადაწყვეტამ, მოულოდნელმა დრამატურგიულმა სვლებმა, სახიერებამ ყველა მოხიბლა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ კრიტიკოსები, რომლებმაც კანის ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილება დაუწუნეს, „დაცემის ანატომიის“ ღირსებებსაც კი საეჭვოდ მიიჩნევდნენ. მაგალითად, ჟიუსტინ ტრიეს ფილმში მნიშვნელოვანია, რომ ეჭვმიტანილი გერმანელია, ფრანგული ცუდად იცის - დაკითხვაზე სასოწარკვეთილი ქალი ხშირად ვერ ახერხებს გამონახოს ზუსტი სიტყვა თავის გასამართლებლად და გადადის ინგლისურზე, რომელიც აქ ყველას არ ესმის. მაგრამ სამართალი სიტყვებზე იგება და არა ჟესტსა და მზერაზე (ე. ი. კინოზე!). ეს ძალიან საინტერესოდ მოფიქრებული დეტალიც კი ტრიეს ოპონენტებმა აღიქვეს, როგორც „ლინგვისტური ოინი“, რომელიც „დაცემის ანატომიას“ ამერიკულ ბაზარში გაუხსნის გზას.

არადა, „დაცემის ანატომიის“ ღირსება და ავტორების მთავარი გზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ ტრიეს ნამუშევარი ხანდახან უბრალო სატელევიზიო ფილმს გვაგონებს, მიუხედავად ინდივიდუალური მანერის და სტილის უქონლობისა (რასაც ფსიქოლოგიზმზე პრეტენზიულობის გამო ზოგჯერ უბრალო მანიერიზმამდე მივყავართ), სწორედ სიტყვის, მზერისა და ხმოვანი ეფექტების თამაშით იხატება.

ავტორი გვეუბნება, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტები არასდროს იქნება 100 პროცენტით მართალი, რადგან რეალური ფაქტი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ნებისმიერი ამბავი, რომელსაც ადამიანი სასამართლოში ჰყვება, არის ინტერპრეტაცია, მთხრობელის მიერ არჩეული რაკურსით დანახული სინამდვილე.

„დაცემის ანატომიაში“ ხანდახან კამერა დანიელის, პატარა ბიჭის მზერით უყურებს. ბავშვს მხედველობა დაქვეითებული აქვს, თუმცა შესაბამისად გაძლიერებული სმენა. ასე გადაიქცევა ხმა ფილმის ლამის მთავარ გამომსახველობით საშუალებად. ვხედავთ ერთს და გვესმის სხვა. ვუყურებთ სანდრა ჰულერის ახლო ხედებს და ვგრძნობთ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი ფილმი არის მართლაც რომ ამოუხსნელი ამოცანა. ფილმის ბოლომდე მაყურებელი ყოყმანობს, არ იცის, დაუჯეროს თუ არა სანდრას, რომ ის უდანაშაულოა ქმრის სიკვდილში. რეჟისორი ერიდება კარნახს და არ ცდილოს დახმარებას. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, ვისი მხარე დავიჭიროთ, თავად ვხდებით მსაჯულები. ფილმის ავტორი დარწმუნებულია - სიმართლე შეიძლება ვერ გავიგოთ, თუკი ინტუიციას არ ვენდობით და მხოლოდ ფაქტებით ვხელმძღვანელობთ. რეალობას ვერ ჩავწვდებით, თუკი ფანტაზიას არ მოვიხმობთ და ფაქტის გარდა, „ფაქტის კონტექსტს“ არ ვაღიარებთ. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სამართალს, კანონს და ქალის გასამართლებას სწორედ იმ კანონებით, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს და დაამკვიდრეს.

და სწორედ აქ იქმნება წინააღმდეგობა სათქმელსა და გამოხატვას შორის. ამ გრძელ, მე ვიტყოდი, გაუთავებელ ფილმში სანდრა ჰულერის ოსტატობა, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, „ბევრია“, დამღლელია და უბრალოდ, არტისტის ბენეფისს ემსგავსება. არადა, „დაცემის ანატომია“ არ არის მონოდრამა, დრამატურგიულად აქ სხვა პერსონაჟების ქმედებასაც მნიშვნელობა აქვს. ეგაა, რომ თითქმის ყველა მამაკაცის სახე ზედაპირულია. თითქმის ყველა მამაკაცი ცუდად თამაშობს (განსაკუთრებით ადვოკატი და პროკურორი) - როგორც კი ყურადღების ცენტრში ექცევიან, მაშინვე კარიკატურულები ხდებიან. ხანდახან შეიძლება დაგებადოთ აზრი, რომ ბალანსის ასეთი დარღვევა სრულიად გააზრებულად ხდება - მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელი განსასჯელის მხარეს დადგეს. ასეთი მანიპულაცია კი მხატვრულ ნაწარმოებს უბრალო პუბლიცისტიკად აქცევს და, რაც მთავარია, ჩანაფიქრს აუბრალოებს.


ასევე ნახეთ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG