სარაევოს კინოფესტივალზე, რომელიც წელს 11-დან 18 აგვისტომდე იმართებოდა, საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი გადაეცა ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს.
სარაევოს ფესტივალზე ამ ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა წითელ ხალიჩაზე ქართული კინოს მხარდამჭერი პოსტერი გაშალეს და ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესები ასე გააპროტესტეს.
„ეს პრიზი მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დაუცენზორებელ კინოს”, - თქვა ელენე ნავერიანმა ფესტივალის დახურვისას, დაჯილდოების ცერემონიაზე.
სარაევოს კინოფესტივალში „შაშვი, შაშვი, მაყვლის“ გარდა კიდევ ორი ქართული ფილმი მონაწილეობდა. დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში შედგა მსოფლიო პრემიერა გიორგი ფარქოსაძის ნამუშევრის: „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (პროდიუსერები: გიორგი ფარქოსაძე, თამთა თვალავაძე და ანგელოს ცაუსისი). ეს არის გიორგი ფარქოსაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ქართულ-ბერძნული კოპროდუქციაა.
ფესტივალზე აჩვენეს ასევე ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმი „ავტოპორტრეტი ზღვარზე“, რომელიც არქივის გამოყენებით საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფიის შექმნის მცდელობაა.
სარაევოს კინოფესტივალი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად ითვლება.