მამალაძის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საიდუმლო წესით განხილულ საქმეში თუ საქმის მიღმა, არსებობს ბევრი დეტალი, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის.
გიორგი ფანცულაიას თქმით, უდანაშაულო დეკანოზი „საპატრიარქოს პრორუსული ჯგუფის“ ინტერესებს შეეწირა და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - პატრიარქის ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი იყო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გვითხრეს, რომ დეკანოზ მამალაძეს მიტროპოლიტ დიმიტრის მიმართ წყენის საფუძველი არა აქვს.
რა უნდა ითქვას და ვის შესახებ?
„იმკურნალებს, გამოჯანმრთელდება, ფეხზე დადგება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. უდანაშაულოა და ამას სულ ვამბობდით.. ბრძოლა არ გაგვიჩერებია, ბრძოლა გრძელდება“, - გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ამ ეტაპზე სხვა სახის ბრძოლის შესაძლებლობას არ იძლევა და ის, უახლოეს პერიოდში, საჯაროდ გამოჩენას ვერ შეძლებს.
„პოზიცია არაფერზე შეგვიცვლია“, - ამატებს თორნიკე მამალაძე.
7 წლის განმავლობაში, ვიდრე დეკანოზი მამალაძე ციხეში იყო, მისმა ძმამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ის ღიად ადანაშაულებდა საპატრიარქოს, თავად პატრიარქსაც და პერიოდულად - სკანდალური მასალების გამოქვეყნებითაც იმუქრებოდა.
ლაპარაკი იყო არა მხოლოდ საფინანსო და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე, არამედ „პედოფილიაზე, მამათმავლობასა და ინცესტზე“. თორნიკე მამალაძე ამბობდა, რომ - მისი ძმის ციხეში დატოვება ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმებით ჭიანურდებოდა და მთავარ მიზანს - სიმართლის დამალვა წარმოადგენდა. ამას კატეგორიულად უარყოფდა საპატრიარქო.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არსებობს ბევრი ისეთი ფაქტი და დეტალი, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის.
„არის ისეთი საკითხები, რომლებიც საქმის მასალებში დევს და დღემდე არ თქმულა და არის ასევე საკითხები, რომლებიც მასალებში არ არის, მაგრამ არსებობს. ბევრი რამ თანდათან გახდა ცნობილი“, - ფანცულაია გვეუბნება, რომ „გაუთქმელობის ვალდებულება“ მათ საჯაროდ ლაპარაკში კვლავ ზღუდავს, თუმცა დეკანოზი მამალაძე არ იზღუდება ილაპარაკოს „საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს“ თემებზე.
თავდაპირველად, როცა გიორგი მამალაძე დააკავეს (2017 წლის 10 თებერვალი) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მკაფიოდ მიანიშნებდნენ, რომ დეკანოზის სამიზნე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელიც იმ დროს გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა.
გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ „[გიორგი მამალაძეს] უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა ნატრიუმის ციანიდით“, რა მიზნითაც ის მიემგზავრებოდა გერმანიაში.
2020 წელს, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალებაზე თავის უარს განმარტავდა, თქვა, რომ - „პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას“, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ მამალაძეს პატიმრობა არა - კათოლიკოს-პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით მიესაჯა.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამალაძის 7 წელი და ჯანმრთელობა „საპატრიარქოს შიდა ინტრიგებს“ შეეწირა.
„ეს იყო არარსებული შეთქმულების დაბრალება, რათა მომხდარიყო გარკვეული ჯგუფის განეიტრალება, რომელიც თვალში არ მოსდიოდა პრორუსულ ჯგუფს [საპატრიარქოში]... ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, მიტროპოლიტი დიმიტრი [შიოლაშვილი - პატრიარქის ძმისშვილი] ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და დეკანოზი მამალაძეც მას შეეწირა“, - ფანცულაია გვეუბნება, რომ დამგეგმავმა მიზანს მიაღწია - „განეიტრალებულია მიტროპოლიტ დიმიტრის ორი მთავარი დასაყრდენი: გიორგი მამალაძე, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსია და სოსო ოხანაშვილი - მიტროპოლიტის სიძე და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი - გავლენიანი პირი“.
„ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის“, - თქვა ციხიდან ახლად გამოსულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მიტროპოლიტ დიმიტრის შესახებ.
მამალაძე მიანიშნებს, რომ ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა სიმართლისთვის არ იბრძოლა.
გიორგი მამალაძეს 2017 წელს ნათქვამი აქვს, რომ პროკურატურა მას სთხოვდა, ილია მეორის მკვლელობის განზრახვაში თანამონაწილეებად დაესახელებინა მეუფე დიმიტრი და მისი სიძე - სოსო ოხანაშვილი.
მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძეს, მატროსოვის ციხეში, 2017 წლის ოქტომბერში შეხვდა. იქიდან გამოსულმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიორგი მამალაძის ნაამბობთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა რჩება.
არ შეიწყალეს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გიორგი მამალაძეს მიტროპოლიტ დიმიტრიზე განაწყენების არანაირი საფუძველი არ აქვს.
პრესსპიკერმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნის არაერთი ფაქტი გაიხსენა:
- „[მიტროპოლიტმა დიმიტრიმ] პრეზიდენტ მარგველაშვილს [დეკანოზ მამალაძის] შეწყალებისთვის მიმართა ორგზის, ფიქრია ჩიხრაძის დახმარებით, მაშინ ის პრეზიდენტის აპარატში მუშაობდა“.
- „შემდეგ მიმართა ქალბატონ ზურაბიშვილს - პრეზიდენტს, მასაც - ორგზის. თვითონ [პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა] შემდგომ განაცხადა, რომ საპატრიარქოდან წერილი სჭირდებოდა და შემდეგ გაათავისუფლებდა. დაზარალებულმა [შორენა თეთრუაშვილმა] წერილი მისწერა“.
- „შემდეგ, პირადი კომუნიკაციის საშუალებით, მეუფე დიმიტრისა და ირაკლი ღარიბაშვილს [მაშინ პრემიერ-მინისტრი] შორის შედგა საუბარი და სთხოვა გაეთავისუფლებინა მამა გიორგი“.
დეკანოზი ხინიკაძე გვეუბნება, რომ ღარიბაშვილს მიტროპოლიტი დიმიტრი დაახლოებით ერთი წლის წინ ესაუბრა.
„სხვა რა უნდა გაეკეთებინა მეუფეს? იურიდიული საშუალებები გამოიყენა... დებოშს ხომ არ მოაწყობდა?! ციხის კარებს ხომ არ შეამტვრევდა?!“ - გვეუბნება დეკანოზი.
რა დასტურდება და რა არა?
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე - სთხოვა თუ არა პირადად მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მამალაძის შეწყალება სალომე ზურაბიშვილს.
2020 წლის იანვარში, როცა მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ „ბოლომდე“ მოისმინა ადვოკატების არგუმენტები და „დეტალურად“ გაეცნო სინოდის შუამდგომლობას - დეკანოზის შეწყალების თაობაზე, მაგრამ შეწყალების საფუძველი ვერ დაინახა.
პრეზიდენტს მიტროპოლიტი დიმიტრი არ უხსენებია.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აპარატის ყოფილი წარმომადგენელი, ფიქრია ჩიხრაძე გვეუბნება, რომ მიტროპოლიტ დიმიტრისგან მხოლოდ ერთი ტექსტური შეტყობინება აქვს მიღებული.
„მომწერა მესიჯი მეუფე დიმიტრიმ და მისი სახელით მესაუბრა ერთ-ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი, ეს არ იყო ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტისადმი, ან თხოვნა (რეკომენდაცია) შეწყალების კომისიისადმი. ჩემს ფუნქციაში არ შედიოდა შეწყალების საქმეებთან რამე კავშირი, მაგრამ, როგორც ძალიან რეზონანსულ საქმეზე, ცხადია, მქონდა ჩემი მოსაზრება და ადმინისტრაციაშიც იყო განწყობა, რომ სამართლებრივად ეს საქმე ზედმეტად პრობლემური ჩანდა“, - ფიქრია ჩიხრაძე ასევე გვეუბნება, რომ „პრეზიდენტის დავალებით“ გაიმართა შეხვედრა გიორგი მამალაძის ადვოკატებთანაც, მაგრამ „სამწუხაროდ, შეწყალების კომისიამ მაშინ ამ საქმეზე არ გასცა დადებითი რეკომენდაცია“ .
გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე 2020 წელს ამბობდა, რომ - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი საპატრიარქოს და კერძოდ - პატრიარქის მითითებით თქვა და, რომ ეს „სოდომური ცოდვებისა“ და „არაერთი ფინანსური მაქინაციის“ გახმაურების შიშს უკავშირდებოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახაურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კი მაშინ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს სათქმელი არაფერი აქვს.
მან გიორგი მამალაძეს უწოდა მძევალი „იმ ხალხის ხელში, ვისაც დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მისაღები, სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე აი, ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა“, - ამბობდა ჯაღმაიძე 2020 წლის იანვარში.
დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების შემდეგ, საპატრიარქოს განცხადება არ გამოუქვეყნებია.
„ყველამ საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს... ვინც მართლა იბრძოდა სიმართლისთვის, მას თავის მართლება არ სჭირდება“, - ამბობს ადვოკატი ფანცულაია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, ორივე პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა მიმართეს. ფანცულაია მადლიერებით იხსენებს მაშინდელ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს.
ფანცულაია განმარტავს, რომ საბოლოოდ, დეკანოზი მამალაძე იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ [ე.წ. უდო] გაათავისუფლა, რომელსაც დაახლოებით სამი თვის წინ მიმართეს და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი - შერყეული ჯანმრთელობა იყო.
ადვოკატის თქმით, დეკანოზი წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო, მხოლოდ იწვა.