Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაითვალისწინეს თეთრუაშვილის თანხმობაც შეღავათების გამოყენებაზე - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მამალაძის გათავისუფლებაზე


დეკანოზი გიორგი მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განმარტავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე.

"ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

გიორგი მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვლის საღამოს გათავისუფლდა. მას სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დაცვის მხარემ საბჭოს საქმის განხილვისთვის 2023 წლის ნოემბერში მიმართა.

2022 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სასამართლო განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევის საკითხს.

სასამართლომ დაადგინა:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

XS
SM
MD
LG