Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუდევრობა თუ უხარისხო რემონტი - დევნილები კვლავ  დახმარებას ითხოვენ


ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თოთხმეტსართულიან კორპუსებში 2017 წელს შესახლებული დევნილები ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც დევნილები ამბობენ, სამივე კორპუსში ერთნაირი პრობლემებია - ხშირად არ მუშაობს ლიფტი, იტბორება სარდაფები, ბინებში კი უხარისხოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების გამო კედლები მალევე დანესტიანდა და დაზიანდა.

„პრობლემა ძალიან ბევრია. მე ვცხოვრობ მე-12 სართულზე და დილით თუ მუშაობს, საღამოს არ მუშაობს და პირიქით. ერთი კვირის წინ გაჩერდა შუა გზაზე და ძლივს ამოგვიყვანეს“;

„მეთორმეტე სართულზე ავეჯი ხელით ავიტანეთ. საძინებლის კედელი ყოველი წვიმის შემდეგ სველია და აიბურცა“;

„სამივე კორპუსში ანალოგიური პრობლემებია. სარდაფებში წყალი დგას, სადაც ელექტროგაყვანილობაა და ვერ შევდივართ“, - ამბობენ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსების მობინადრეები.

ლიფტები შეამოწმა ეკონომიკის სამინისტრომ და ზედამხედველობის სამსახურმა ექსპლუატაციაში მიიღო, რადგან ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
მურად აბლოთია

სამ კორპუსში 110 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ ბინები საკუთრებაში გადაეცათ. იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები ამბობენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო არაერთხელ მიმართეს დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობას, საიდანაც მშენებელ კომპანია „დიზაინკომპლექსში“ გადაამისამართეს. დევნილების თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურად აბლოთია განმარტავს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსები ქუთაისის მერიამ ჩაიბარა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე და იმ დროისთვის საცხოვრებელი ფართები, სადარბაზოები და საერთო სარგებლობის ადგილები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა. მურად აბლოთია კორპუსების მობინადრეებს სარგებლობისა და ექსპლუატაციის წესების დაცვისკენ მოუწოდებს:

დაუდევრობაა, წიხლებს ურტყამდნენ. კამერები დაგვიყენეთო, დავაყენეთ და ისიც მოგლიჯეს. კამერებში უამრავი ჩანაწერებია, რაც ხდებოდა ლიფტებთან. სავსეა სულ ნარჩენით და არც კი ასუფთავებენ.
კახაბერ თუთისანი

„ლიფტები შეამოწმა ეკონომიკის სამინისტრომ და ზედამხედველობის სამსახურმა ექსპლუატაციაში მიიღო, რადგან ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. საჭიროა არა სახელმწიფოს რეაგირება, არამედ ამხანაგობის რეაგირება, რომ მოუარონ საერთო ქონებას“.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსებში ლიფტის მონტაჟსა და მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანია „სერვისცენტრის“ წარმომადგენლის, კახაბერ თუთისანის, განცხადებით, ლიფტები მოქალაქეთა დაუდევრობის გამო ზიანდება და მიუხედავად იმისა, რომ მობინადრეთა მოთხოვნით ლიფტებში და მათ მიმდებარედ სათვალთვალო კამერებიც დააყენეს, მაინც ხშირია ფიზიკური ზემოქმედებით დაზიანების ფაქტები. კახაბერ თუთისანის ინფორმაციით, დაზიანებული ან მოგლეჯილია თავად კამერებიც:

„დაუდევრობაა, წიხლებს ურტყამდნენ. კამერები დაგვიყენეთო, დავაყენეთ და ისიც მოგლიჯეს. კამერებში უამრავი ჩანაწერებია, რაც ხდებოდა ლიფტებთან. სავსეა სულ ნარჩენით და არც კი ასუფთავებენ. საჭიროა ნორმალურად მოექცნენ“.

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 110 ოჯახისთვის ქუთაისის აღმაშენებლის გამზირზე ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები 2015 -2018 წლებში მენაშენეებისგან გამოისყიდა და საკუთრებაში გადასცა.

XS
SM
MD
LG