იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები ქუთაისში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა.
ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი.
ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.
ახალაშენებულ კორპუსში ბინა მიიღო დევნილმა ზაირა ვეკუამაც, რომელიც საცხოვრებელს 25 წელი ელოდა.
"კოჩარიდან ვარ დევნილი. 25 წელი ველოდი საცხოვრებლის გადმოცემას. ვცხოვრობდით უმძიმეს პირობებში. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. 8 სულიანი ოჯახი ვართ და ორი ოროთახიანი ბინა გადმოგვცეს,"-განაცხადა ზაირა ვეკუამ.
ქუთაისში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით კიდევ 245 ბინაა შესყიდული, 480 ოჯახისათვის კი 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.2019 წელს 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1300 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.