Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგა თუ არა ავთენტიკურობა აღდგენის შემდეგ ბათუმის „რვაფეხამ“


ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო, კაფე “ფანტაზია”, აღდგენის შემდეგ 21 აგვისტოს საზეიმოდ გახსნეს ბათუმში სპეციალურად ჩამოსულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა, აგრეთვე სხვა ოფიციალურმა პირებმა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილ არქიტექტურულ კონსტრუქციას, რომელსაც ზღვის ბინადრების გამოსახულება აქვს და მოზაიკითაა მოპირკეთებული, ბათუმელები „რვაფეხასა“ და „ურჩხულსაც“ უწოდებენ. საბჭოთა კავშირის დროს იგი ერთ-ერთი პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო ქალაქში.

"რვაფეხა" აღდგენამდე
"რვაფეხა" აღდგენამდე

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს უფუნქციოდ დარჩენილი კაფე „ფანტაზია“ საპირფარეშოდ იქცა, 2014 წელს კი ამ ადგილით იქვე მდებარე სასტუმრო „ჰილტონი“ დაინტერესდა და „რვაფეხას“ ნაცვლად ტერიტორიაზე აუზის გაკეთების სურვილი გამოთქვა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება „რვაფეხას“ აღების შესახებ ბათუმელების აქტიური პროტესტის შემდეგ შეიცვალა, 2017 წელს კი მისი აღდგენა ფონდმა „ქართუმ“ ითავა. განახლებული კაფე „ფანტაზიის“ გახსნაზე ბათუმელებს მისი აღდგენა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა:

„მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა. წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“, და ყველა ბათუმელს მივულოცო“.

"რვაფეხა" აღდგენის შემდეგ
"რვაფეხა" აღდგენის შემდეგ

კაფე „ფანტაზიის“ ოფიციალურ გახსნაზე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც იმყოფებოდა.

„სრულად მოხდა კაფეს რეაბილიტაცია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება. მოხდა შენობის გამაგრება და მოხდა ახალი მოზაიკის დაგება. შენობა, რომელიც ძალიან უყვართ ბათუმელებს, ასოცირდება მათ ნოსტალგიურ გრძნობებთან“, - თქვა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ბათუმელებისთვის ნოსტალგიური ადგილი მისი აღდგენის შემდეგაც დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი მათ ინტერესს, ვინც 2014 წელს კაფე „ფანტაზია“ დანგრევას გადაარჩინა. მაშინ ქუჩის საპროტესტო აქციებთან ერთად ბათუმელმა აქტივისტებმა ერთ-ერთი სოციალური კამპანია წამოიწყეს ფეისბუკში. ისინი კაფე „ფანტაზიასთან“ გადაღებული ძველი და ახალი ფოტოების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს.

"რვაფეხა" აღდგენის შემდეგ
"რვაფეხა" აღდგენის შემდეგ

აქციაში ათასობით ადამიანი ჩაერთო მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროტესტს გამოეხმაურნენ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეეებიც. სოციალურ ქსელში გამოიფინა სხვადასხვა წლებში „რვაფეხასთან“ გადაღებული შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები. ამ აქციას „დაიცავი ‘რვაფეხა’“ ერქვა. ამავე სახელწოდებით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საპროტესტო აქციებს ორგანიზებას უწევდა. მათ შორის იყო ბათუმელი აქტივისტი სოფო პატარაია.

„როცა მივდიოდი სანახავად, სიხარული დამიფარა, რაც იქ დამხვდა. ეს ის „რვაფეხა“ აღარაა. არც ის მოზაიკაა, არც ის ხარისხია, ადრე რომ ჰქონდა. ულამაზესი მოზაიკა, რომელიც იყო, დაიკარგა. თუმცა კი ვამბობთ, რომ იცით, რა, რომ არ დაინგრა, მაინც გვიხარია, მაგრამ ჩემთვის ეს არ კომპენსირდება. მერჩივნა ძველი სახე და ძველი მოზაიკა შენარჩუნებულიყო და სადაც აღარ იყო, იქ აღდგენილიყო - როგორც ხდება, საერთოდ, რესტავრაცია. ეს, ფაქტიურად, ახალი ძეგლია. როგორც ნიმუშის ღირებულება, იმდენად ძლიერი აღარაა, თუმცა მაინც ძალიან მიხარია, რომ დგას დღეს ეს ძეგლი“, - გვითხრა სოფო პატარაიამ.

აღდგენის შემდეგ
აღდგენის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები კაფე „ფანტაზიას“ ძეგლად მოიხსენიებენ, არქიტექტურულ ნაგებობას კულტურული მემკციდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას აქტივისტები რეკონსტრუქციის დაწყებამდე მოითხოვდნენ.

კაფე „ფანტაზია“ შენობა და, იმავდროულად, ფუნქციური ქანდაკებაა. მისი ავტორები არიან არქიტექტორი გიორგი ჩახავა და საქართველოს დამსახურებული მხატვარი ზურაბ კაპანაძე. შემოქმედებით ჯგუფში შედიოდნენ აგრეთვე არქიტექტორი ზურა ჯალაღონია და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი ნოდარ მალაზონია. პროექტზე მუშაობდა საგზაო ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე.

ძველი კაფე "ფანტაზია"
ძველი კაფე "ფანტაზია"

ხელოვნებათმცოდნეები აქვეყნებდნენ სტატიებს მის ღირებულებაზე. თვლიდნენ, რომ იგი უდავოდ იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. მათ შორის იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი. 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერდა კაფე „ფანტაზიის“ დასავლურ კულტურასთან კავშირზე:

„’რვაფეხა’”, მართალია, საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა. მეტიც, ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. გარდა ამისა, არქიტექტორ გიორგი ჩახავას კონსტრუქცია იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია“.

აღდგენის შემდეგ
აღდგენის შემდეგ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტებისა და მათ შორის იმ ადამიანების ჩართვას ცდილობდნენ, რომლებიც ჩახავას არქიტექტურული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ შესრულდა:

„ძირითადი სული დაკარგული აქვს. ფერებში და ფორმებში და ტექნოლოგიებშიც არის ხარვეზები. ფაქტიურად, ახალი შენობაა, მაგრამ თუნდაც ამ სახით შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე არა მგონია, რომ ხელისუფლების შეგნებული ნაბიჯი იყო პირველადი სახის დაკნინება. უბრალოდ, ზერელე დამოკიდებულების ბრალი იყო“.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები იხსენებენ, არქიტექტორი გიორგი ჩახავა ამბობდა, რომ „მისი შემოქმედების მთავარი შთაგონება იყო მისი სამშობლოს სხვადასხვა მხარის უნიკალური ბუნება, თავისი ინდივიდუალიზმითა და მშვენიერებით“. ჩახავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი კაფე „ფანტაზიის“ არქიტექტურაში იყო შენობის თავზე განლაგებული ფუნქციური შადრევანი, რომლისთვისაც ნაგებობაში წყლის მილები გაიყვანეს. წყლის მტვერი ქანდაკების თავზე შეუმჩნევლად იფანტებოდა, რაც ფერადი მოზაიკისგან შექმნილ ზღვის ბინადრებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდიდა. წლის შხეფები მზის სხივებსაც ირეკლავდა და მზიან დარში „რვაფეხას“ თავზე ცისარტყელა იქმნებოდა. ხელოვნებათმცოდნე ნინი ფალავანდიშვილი, რომელიც საბჭოთა მოზაიკასა და არქიტექტურას იკვლევს, ამბობს, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალი განახლებულ „ფანტაზიას“ აღარ აქვს. მისივე თქმით, ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობას განახლების შემდეგ ძეგლის ნიშნები აღარ შერჩა:

აღდგენის შემდეგ
აღდგენის შემდეგ

„კრიტერიუმებით, როგორც იზომება ძეგლი, ვეღარ მიენიჭება სტატუსი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობისთვის არის მისი ორიგინალური სახე და ავთენტიკურობა და ამ შემთხვევაში ეს დარღვეულია უკვე. პირველ რიგში, არ არის ზუსტად აღდგენილი ფორმები, პროპორციულად ცოტა შეცვლილია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნახატი არ არის ზუსტად გამეორებული. არ არის ზუსტად გამეორებული ფერები და პროპორცია იმ ნატეხებისა, რომელიც პირველად იყო გაკეთებული, აღარ არის იდენტური. ახლა ბევრად უფრო უხეში ნატეხებია. ეს არის ორიგინალთან მიახლოებული. ის „რვაფეხა“ იყო ღირებული, ეს კი, სამწუხაროდ, ვეღარ არის ისეთი. ძალიან მიხარია, რომ აღდგა, მიხარია, რომ შენარჩუნდა და არ დაინგრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის უკვე სხვა ხელოვანის გაკეთებული „რვაფეხა“ და აღარ არის ზურაბ კაპანაძის გაკეთებული ‘რვაფეხა’“.

მხატვარ ზურაბ კაპანაძის მოზაიკითა და არქიტექტორ გიორგი ჩახავას პროექტით შექმნილი კაფე „ფანტაზიის“ გარდა, აჭარაში კიდევ ერთი ასეთი პავილიონი არსებობდა. გონიოში იდგა მსგავსი არქიტექტურული ნაგებობა - „ოთხფეხა“. შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პუნქტის მოწყობისას დაანგრიეს, დღეს კი მისი ფოტოც არაა შემორჩენილი. ჩახავასა და კაპანაძის ავტორობით შექმნილი, განსხვავებული ფორმებისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე, პავილიონები აფხაზეთში დღემდე არსებობს. ბიჭვინთასა და გაგრაში რვა მცირე ზომის ავტოპავილიონია შემორჩენილი, მეცხრე კი განადგურებულია.

XS
SM
MD
LG