Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიჭერენ თუ არა მ.კ.-ს, რომელსაც ზაზა სარალიძე თავისი შვილის მკვლელად თვლის?


სერგი კაპანაძე, ზაზა სარალიძე. პარლამენტი, 2018 წლის 8 ივნისი
სერგი კაპანაძე, ზაზა სარალიძე. პარლამენტი, 2018 წლის 8 ივნისი

უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე - ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ამ ორი რეკომენდაციის პროექტების განხილვა 2 ივლისისთვის გადადო. გ.მ.-ს საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ არსებობს, თუმცა მ.კ.-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიიჩნევს „ქართული ოცნება“. კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ კი თვლის, რომ საქმეში ყველაფერი იმდენად ნათელია, სამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მ.კ. სწორედ ის მოზარდია, რომელსაც ზაზა სარალიძე თავისი შვილის მკვლელებს შორის ასახელებს. 30 ივნისს პარლამენტში რეკომენდაციათა პროექტების განსახილველად საპარლამენტო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც მიიწვია.

ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ წარმოადგინა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საქმის მასალები შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის ოფისსაც და მათაც სწორედ ის ეჭვები და კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რაც გამოიკვეთა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს იზიარებს „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“, რომლის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ 30 ივნისის შეხვედრაში. „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად არის შემუშავებული და მათი დასაბუთება სავსებით არგუმენტირებულია“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაზა სარალიძის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ნესტან ლონდარიძემ, ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მ.კ.-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კარგა ხნით ადრეც უნდა დაწყებულიყო.

კომისიის რეკომენდაციების გარშემო სრულ კონსენსუსს ისურვებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე. დახურული შეხვედრის დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ, მისი განცხადებით, არის გარკვეული რისკები, რომლებიც ადეკვატურად უნდა შეფასდეს, ვიდრე რეკომენდაციათა პროექტები დამტკიცდება. „მე მოვისმინე ბევრი როგორც მხარდამჭერი, ასევე უფრო რბილი პოზიცია და ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი უნდა იყოს გაანალიზებული და ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან მხოლოდ ერთთან და, კერძოდ, მ.კ.-ს შემთხვევაში აქვს „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა 30 ივნისს გამართულ კომისიის სხდომაზე, კარგად არის დასაფიქრებელი, „რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება მოქმედ რეგლამენტს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პირის მიმართ, რამდენად არის საუბარი მიზეზობრივ კავშირზე, რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს დღეს არსებული მტკიცებულებები და უნდა დაველოდოთ თუ არა შემდგომ გამოკითხვებს“. იმის გამო, რომ კონკრეტული მოზარდები - გ.მ. და მ.კ. - ჯერ არ გამოუკითხავს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მათ შესახებ რეკომენდაციებს ამზადებს, არასერიოზულ მიდგომად მიაჩნია კომისიის წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილსაც.

სალომე ზურაბიშვილს კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განუმარტა, რომ გამოსაკითხად მ.კ.-ს დაბარება „გარკვეულ პროცესუალურ უხერხულობას“ შექმნიდა, რადგანაც როდესაც რეკომენდაცია ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, გამოდის, რომ ახსნა-განმარტებაზე უნდა დაიბარონ პოტენციური ბრალდებული. ამასთან, კახიძის თქმით, საქმეში ყველაფერი იმდენად ნათლად არის ზედაპირზე წამოწეული, რომ მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების განხილვის პროცესი ორშაბათს, სავარაუდოდ, დიდი კამათის თანხლებით ჩაივლის. თუკი საკითხი კენჭისყრაზე დადგება, „ევროპული საქართველო“ კომისიაში თავისი 9-კაციანი უმრავლესობით მაინც მოახერხებს ამ რეკომენდაციების გატანას, თუმცა შემდეგ, ვიდრე პროკურატურას გადაეგზავნება, დოკუმენტს მთლიანი პარლამენტის დასტურიც ესაჭიროება, იქ კი უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG