Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიცავს ასლან ბჟანიას რკინის 4-მეტრიანი მესერი?


რკინის მესერი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ. სოხუმი
რკინის მესერი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ. სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას რკინის მესერი შემოავლეს, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სოხუმში შიშობენ, რომ ასლან ბჟანია ანტიაფხაზური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს და წინასწარ იჭერენ თადარიგს.

როდესაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვა დაიწყო, ბევრმა გაიხსენა, რომ იმავე შინაარსისა და სულისკვეთების კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტშიც იყო ინიციირებული. როდესაც ამ დღეებში სოხუმში ადგილობრივმა საზოგადოებამ უკმაყოფილება გამოხატა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისათვის 4-მეტრიანი რკინის მესრის შემოვლების გამო, ასევე ბევრმა გაიხსენა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი დანიშნულების კონსტრუქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინაც იყო აღმართული. სოხუმში ეჭვობენ, რომ ასლან ბჟანიას ხელისუფლება აფხაზი ხალხისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადება. საუბარია, პირველ რიგში, ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებასა და ამოქმედებაზე.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის "ეხო კავკაზას" სოხუმელი თანამშრომელი იტყობინება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აფხაზურ ინტერნეტსაზოგადოებაში მწვავე დისკუსიაა გაჩაღებული Telegram-არხის „აფხაზური პორტალის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გარშემო. საქმე ის არის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რკინის მესერი შემოავლოს სამთავრობო შენობების კომპლექსს, მათ შორის, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას. არხზე გამოქვეყნდა სოხუმის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსის გარშემო ორ რიგად შემოვლებული მესრის ფოტოები. ღობის აღმართვამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კრიტიკული პოზიცია გამოხატა.

„ღობე არა მხოლოდ შიშის დემონსტრირებაა, ეს არის აფხაზური ტრადიციების უპატივცემულობა. არ არსებობს მანძილი მმართველსა და ხალხს შორის, რომელსაც ხალხი ვერ გადალახავს, დღეს თუ არა ხვალ მაინც”, - განაცხადა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლიანა კვარჩელიამ.

აფხაზეთის ბავშვთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომია ნიშნის მოგებით გამოეხმაურა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და, შესაბამისად, ღობის აღმართვის მომხრეთა ერთ-ერთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ღობე შემოვლებული აქვს ამერიკის თეთრ სახლსაც.

„რაც შეეხება უკვე საქვეყნოდ ცნობილ ჩვენს ღობესა და მის შედარებას თეთრი სახლის მესერთან. ჩვენ გვადანაშაულებენ ამერიკის მიბაძვასა და წამხედურობაში, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გადმოსაღებია მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. არ არის საჭირო იმის კოპირება, რაც ჩვენს საზოგადოებას არ უხდება. სწორედ ეს კრიტიკოსები, როცა აწყობთ, იოლად ივიწყებენ თავიანთ სიძულვილს ყოველივე დასავლურის მიმართ და იღებენ იქიდან ყველაზე ცუდ გამოცდილებას. ორმაგი სტანდარტების ნამდვილი ზეიმია".

ასიდა ლომია
ასიდა ლომია

Telegram-ის არხმა „Respublica” გამოაქვეყნა რამდენიმე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) პარლამენტის შენობების ფოტოები, რომლებსაც დართული აქვს ტექსტი:

„აფხაზეთის რესპუბლიკა პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც პარლამენტი შემოღობილია წამახულწვერიანი მაღალი მესრით“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „არუაას“ ხელმძღვანელის ტიმურ გულიას თქმით, სამთავრობო შენობების გარშემო მაღალი ღობის აღმართვა იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც შეუთავსებელია ხალხისა და აფხაზეთის სახელმწიფოს ინტერესებთან.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ხელისუფლებაზე ძლიერები ვართ. ძლიერები იმიტომ, რომ ჩვენთანაა იმ ჩვენი ძმებისა და დების სულები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის. ჩვენთანაა ჩვენი ხალხის სული. ჩვენთანაა ვლადისლავის სული. აფხაზეთი ჩვენი ქვეყანაა. სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა ტიმურ გულიამ.

ტიმურ გულია
ტიმურ გულია

აფხაზეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქმა" ღია წერილით მიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მოუწოდა მას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და დაშალოს ღობე, რომელიც „არღვევს აფხაზი ხალხის ყველა მორალურ-ზნეობრივ პრინციპსა და ტრადიციას“:

„ეს ღობე არის განხეთქილების, ჩვენი ხალხის გაყოფის სიმბოლო. აფხაზეთის არცერთ ლიდერს არ აუგია ღობეები და კედლები და არ გამიჯნულა თავისი ხალხისგან.

რომაელი ლეგიონერების შემოჭრის დროიდან მოყოლებული აფხაზეთში კედლებსა და ღობეებს მხოლოდ ოკუპანტები აშენებდნენ .

ხელისუფლება პირველივე დღეებიდან დაადგა ხალხის გახლეჩისა და გაყოფის გზას!

ეს არის განხეთქილების გზა, რომელსაც დაადგა პრეზიდენტი ავტორიტარულ-ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და, რომელიც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

მტკიცედ ვაცხადებთ - წინააღმდეგი ვართ ღობეებისა და კედლების, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დაყოფისა და დაპირისპირების პოლიტიკის! ჩვენ ვართ დიალოგის, ურთიერთპატივისცემის, ცვლილებებისა და რეფორმების, სამართლიანობისა და თანასწორობის მომხრე გამონაკლისის გარეშე ყველა მოქალაქისთვის.

ვისარგებლებთ შემთხვევით და მოვუწოდებთ სახალხო კრების დეპუტატებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები რკინის ღობის მშენებლობასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეჩერდეს, გონს მოეგოს, გააუქმოს გადაწყვეტილება ღობეებისა და კედლების აშენების შესახებ, არ გაამწვავოს ქვეყანაში არსებული ისედაც მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა აფხაზეთის რესპუბლიკაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. არ შეეცადოს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების, მათ შორის აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებას რკინის ღობეს ამოფარებულმა.

ნუ უბიძგებთ ჩვენს ხალხს, ნუ მიიყვანთ სიტუაციას ძალადობრივ დაპირისპირებამდე. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, ბატონო პრეზიდენტო!“

აღშფოთებულ საზოგადოებას ვრცელი კომენტარით უპასუხა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა გუნდა ცვიჟბამ, რომლის თქმითაც, მისთვის მთავარია არა შენობისთვის შემოვლებული მესერი, არამედ ის, თუ რა კეთდება ამ ღობის მიღმა და რამდენად ეფექტიანია შენობაში მყოფი ადამიანების საქმიანობა.

„პირადად მე საერთოდ არ მაწუხებს ის, რაც შენობის ირგვლივ შენდება და გეტყვით რატომაც! <…> განა ჩვენ არ ვაწყდებით სამარცხვინო ქცევას, როცა არმატურით ხელში, კარ-ფანჯრების მტვრევით პერიოდულად ხელისუფლებაში მოვდივართ! განა სწორია, როცა პარლამენტის ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესასვლელთან თავს უფლებას აძლევენ, ყვირილითა და გინებით შეურაცხყოფა მიაყენონ კონსტიტუციის გარანტს - პრეზიდენტსა და მის გარემოცვას! ალბათ ასეთი პრაქტიკა არ უნდა იყოს მისაღები! ასეთი ჩვევების გამეორება შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოსთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან მორიგ გამოცდას ის ვეღარ გაუძლებს! არ გამოვრიცხავ, რომ ამ მესრის ავტორებს სწორედ ეს ფაქტი ჰქონდათ მხედველობაში, ანუ ძველი შეცდომების თავიდან აცილება! ახლა მოდით გონივრულად ვიმსჯელოთ ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებზე! ღობე არის ძალისა და ნების დემონსტრირება, ეს არის რაღაც განსხვავებული, ვიდრე ჩვენი ჩვევებია! ის ვერანაირად ვერ შეგვიშლის ცხოვრებას! მეტიც, არ მოგვცემს საშუალებას დავამახინჯოთ სასახლის წინა მოედანი და მიმდებარე პარკი! პირიქით, გვასწავლის სიფრთხილესა და თავშეკავებას!“

დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ხელისუფლების წარმომადგენლებს მალევე შეახსენეს ის ძალადობრივი მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავდნენ წინა პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. ბჟანიას ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უპასუხა ბლოგერმა საშა აგრბამ:

„მათი ლოგიკით გამოდის, რომ ღობე თავიანთი თავისგან დასაცავად აღმართეს, რადგან სწორედ ისინი, ვინც დღეს ღობეს აშენებენ, ამ სამთავრობო კომპლექსში მოხვდნენ არმატურის კეტების ტრიალითა და კარ-ფანჯრების შემტვრევით. ყოველ ჯერზე ეს ადამიანები, რომლებმაც ბოროტად ისარგებლეს ხალხის სახელით მთავრობის გადაყენების უფლებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყებენ მსჯელობას იმაზე, რომ ასეთი მავნე ჩვევების გამეორება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის, რადგან ის ვეღარ გაუძლებს მორიგ განსაცდელს. ყველა მსგავსი გონივრული განცხადება მხოლოდ მაშინ ნახულობს დღის სინათლეს, როცა ეს ადამიანები უკვე ხელისუფლებაში იმყოფებიან. თუ სხვა ვინმეა ხელისუფლებაში, მაშინ ნორმად ცხადდება აქციები, დარბევები, გზების გადაკეტვები, შსს-სა და სხვა უწყებების შტურმი. ეს ღობე, ყველა თვალსაზრისით სამარცხვინოა და წარმოადგენს სისუსტისა და შიშის გამოვლინებას. სხვაგვარად არ შეიძლება აღვწერო ამ უხამსობაზე სახელმწიფო სახსრების ფლანგვა. აფხაზეთში შეუძლებელია მთელი ცხოვრების გატარება ღობის მიღმა. ადრე თუ გვიან მოუწევთ ქვეყნის დატოვება ან უბრალო ხალხის რიგებში გადასვლა. ღობის მიღმა ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ხალხთან ეს შეხვედრა შეიძლება არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს. ვფიქრობ, მესერს ამოფარებულები პირველ ვარიანტს ამჯობინებენ“.

მაინც რამ აიძულა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება, სამთავრობო შენობების გარშემო აეშენებინა ლითონის მაღალი წამახულწვერიანი მესერი?

ადგილობრივი ანალიტიკოსები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. „აფსნიხაბარის“ მთავარი რედაქტორი ლეუან ლაგულაა წერს:

1. ხელისუფლება ემზადება ანტიხალხური, ანტიაფხაზური კანონების მისაღებად. მათ შორის, სავარაუდოდ, აპარტამენტების კანონისაც. გავიხსენოთ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გარშემო შექმნილი ვითარება, როდესაც ხალხი პარლამენტის წინ იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე ხელისუფლება მოძრავ ზღუდეებს მიიტანდა. როგორც ჩანს, ახლა მთავრობამ გადაწყვიტა აღმართოს კაპიტალური ნაგებობა.

2. მშენებარე მესრის კაპიტალური ხასიათი ხაზს უსვამს იმას, რომ ასლან ბჟანია აპირებს მრავალი წლის განმავლობაში დაეყრდნოს ხიშტებს და არა უბრალოდ ამოწუროს პირველი ვადა. ეს ღობე არის ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების სრული უარყოფა და ავტორიტარულ რეჟიმზე გადასვლა.

3. სამარცხვინო ღობე აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახეც არის. იმ ხელისუფლებისა, რომლისთვისაც ყველაფერი აფხაზური უცხოა. ეს არის საკუთარი ისტორიისა და პოლიტიკური ტრადიციების უცოდინრობა. თუმცა, შესაძლოა, ასლან ბჟანია არც არასდროს გეგმავდა რაიმე აფხაზურზე დაყრდნობას“.

ლეუან ლაგულაა
ლეუან ლაგულაა

ლეუან ლაგულაა გამოთქვამს იმედს, რომ ეს მთავრობა დაემხობა ღობესთან ერთად ისე, როგორც დაემხო ბერლინის კედელი:

„მაგრამ საჭირო იქნება ღობის მცირე ნაწილის დატოვება და მახლობლად აბრის დაყენება წარწერით: „პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დროს, სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ აღმართეს ოთხმეტრიანი რკინის მესერი, რომელიც ხელისუფლებას ხალხისგან ყოფდა. ბჟანიას ძალაუფლება დაემხო, ღობე კი დაიშალა, მაგრამ ეს პატარა ნაჭერი დატოვებულია აფხაზეთის ყველა მომავალი მმართველის ჭკუის სასწავლებლად“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG