Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის პირველი მსურველი ცნობილია


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში კენჭს იყრის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი ასლან ბჟანია. ამის შესახებ მან დღეს, 13 იანვარს განუცხადა რუსულ სააგენტო „ტასს“.

ბჟანიამ უპირველეს ამოცანად დაასახელა სამართლებრივი კულტურის დამკვიდრება: „ეს ძალიან ტევადი ტერმინია. სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურნი უნდა იყვნენ და ყველანი სამართლებრივი წესებით უნდა მუშაობდნენ. აფხაზეთს ორი პატრონი უნდა ჰყავდეს - ხალხი და კანონი“.

მისი განცხადებითვე, სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაა აუცილებელი პირობა აფხაზეთის განვითარებისთვის.

ასლან ბჟანია, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში 2020 წლის 9 იანვარს დაბრუნდა, 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საარჩევნო მარათონს გამოეთიშა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ იგი მოწამლეს, რადგან გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ასლან ბჟანიას ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდნენ. მის ნაცვლად ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად და მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მთავარ კონკურენტად ალხას კვიცინია დაასახელა.

დღეს, 13 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 32 ხმით მიიღო ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადება გადადგომის შესახებ. ხაჯიმბამ „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, ღამით მიმართა.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოს პრეზიდიუმში გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ უარი თქვა.

რაულ ხაჯიმბას თანამოაზრეთა ინფორმაციით, ის ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG