Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რწმენები, რომლებიც ელიტად გვაქცევს: ამერიკა და საქართველო


გია ნოდიას თვალსაზრისი
გია ნოდიას თვალსაზრისი

ადამიანი იერარქიული ცხოველია. ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა სოციალური სტატუსის მიმართ. მისთვის მნიშვნელოვანია, რაღაცით მაინც სხვაზე მაღლა იდგეს, ან, სულ მცირე, არ ჩამორჩეს თავის სოციალურ ჯგუფს (ახლა „ბაბლი“ რომ დავარქვით).

მას შემდეგ, რაც ელემენტარულ მოთხოვნილებებს დავიკმაყოფილებთ, ფულიც ხშირად პირველ რიგში სტატუსის ასამაღლებლად გვინდა.

საზოგადოების მოწინავე ჯგუფს, რომელიც სხვაზე აღმატებულად მიიჩნევა, „ელიტას“ უწოდებენ. ოღონდ ნიშნები, რითაც ელიტა სხვებისგან გამოიყოფა, მუდმივად იცვლება.

ფუფუნების საგნები​

ელიტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ფუფუნების საგნების ფლობაა. ისინი გვჭირდება არა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ ჩვენი სტატუსის საჩვენებლად. ​

ასეთი საგნები სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაა. მაგალითად, ბევრგან მეფეს ან დიდებულს ასობით ან ათასობით ცოლი თუ ხარჭა უნდა ჰყოლოდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ სხვაზე ძლიერი სექსუალური მადა ჰქონდათ: სტატუსი მოითხოვდა ასე. ასეთივე დანიშნულება ჰქონდა სასახლეებს, ბრილიანტის კოლიეებს, ბედაურების კოლექციებს და ა.შ. ​

მაგრამ მხოლოდ ფუფუნების საგნების ფლობა საკმარისი არ არის. საჭიროა გარკვეული კულტურული კოდების ათვისება, რასაც სხვანაირად „გემოვნება“ ჰქვია. გემოვნების გარეშე, ძვირფასი საგნებით თავის მოწონება „გოიმობის“ ნიშანია. ​

ეს განსაკუთრებით აქტუალური ბურჟუაზიის კლასის აღზევებამ გახადა. ტრადიციული არისტოკრატია ბურჟუაზიას უყურებდა როგორც „გააზნაურებულ მდაბიოებს“, „ნუვორიშებს“, რომლებიც ელიტურ სტატუსს უსამართლოდ იჩემებენ. მათგან სიმდიდრის დემონსტრირება ჭყეტელა, ქაჯური, „გოიმური“ იყო. ​

თანასწორობის იდეის და მასზე დამყარებული დემოკრატიის გავრცელებამ საქმე გაართულა. ჩაითვალა, რომ თავად იერარქიულობა, სხვაზე აღმატებულობისკენ სწრაფვა გასაკიცხი და დასაძლევია. ​

მაგრამ ადამიანები საკუთარ ბუნებას ვერ გაექცევიან. ისინი ელიტურ სტატუსს დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ესწრაფვიან, თუმცა ამის ხმამაღლა აღიარებას ხშირად ერიდებიან. ოღონდ ახლა ელიტურობის პრეტენზია სხვაგვარად გამოიხატება და ფუფუნების საგნების ხასიათიც იცვლება. ​

პროგრესული იდეები, როგორც სტატუსის სიმბოლო​

ამერიკელმა მწერალმა რობ ჰენდერსონმა შემოიტანა საინტერესო ცნება: „ფუფუნება-რწმენები“. იდეოლოგიურად ეგალიტარულ საზოგადოებაში ტრადიციული ფუფუნების საგნებით „მარიაჟობა“ სამარცხვინოა, მაგრამ მათ ადგილს რწმენები იკავებს. ​

ეს აზრი მას იელის უნივერსიტეტში სწავლისას ჩამოუყალიბდა. ეს და ამერიკის სხვა წამყვანი უნივერსიტეტები ამერიკული ელიტის ციტადელია; ისინი ყველაზე გავლენიან ინტელექტუალებს აერთიანებს და, ამავე დროს, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესსა და სხვა სფეროში მოქმედი ელიტების სამჭედლოა. სოციალური კვლევები ადასტურებენ, რომ დღეს შენი წარმატება მჭიდროდ უკავშირდება იმას, თუ სად გაქვს განათლება მიღებული.​

თუ ასეთ დაწესებულებაში აღმოჩნდით, ელიტურობის გარეგნული ნიშნები თვალში არ მოგხვდებათ: ყველას დაახლოებით ერთნაირი მაისურები, ჯინსები, კედები და ქოშები აცვია. აქ ძალიან ბევრი უმდიდრესი ოჯახის შვილია, მაგრამ ამის ხაზგასმა „გოიმობად“ ჩაითვლებოდა. ​

მაგრამ ამ ხალხს იერარქიული ინსტინქტები დაკარგული სულაც არა აქვს. დღეს ისინი ყველაზე ცხადად გარკვეული რწმენების, „პროგრესული“ იდეოლოგიის დაცვაში მჟღავნდება. ამ ადამიანებს შეიძლება გულწრფელად სწამდეთ, რომ მათი იდეოლოგია ღარიბ, ჩაგრულ ფენებთან სოლიდარობითაა ნაკარნახევი. მაგრამ ობიექტურად, ამ იდეების დაცვის სოციალური ფუნქცია სხვებზე, „ჩამორჩენილ“, „რეაქციულ“ ხალხზე აღმატებულების დემონსტრირებაა. ამასთან ერთად, ამ იდეოლოგიის შინაარსი ვნებს დაბალი კლასების ინტერესებს, ვისაც თითქოს ემსახურება, თავად პრივილეგირებული კლასი კი ამით არაფერს აგებს. ​

ჰენდერსონს მოჰყავს თავისი საუბარი ამ წრის ახალგაზრდა ქალთან, რომელიც შეძლებულ და მყარ ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ასეთი ოჯახის შექმნას აპირებდა. ოღონდ ის იდეოლოგიურად უპირისპირდებოდა ოჯახის ინსტიტუტს, როგორც რეაქციულს და კონსერვატულს. პარადოქსია: რატომ გინდა შენთვის ისეთი რამ, რაც ზოგადად ცუდი გგონია? ​

ყველანაირი ობიექტური კვლევით, ამერიკაში მყარი (არ აგერიოთ პატრიარქალურში!) ოჯახის ქონა კორელაციაშია ელიტურ სტატუსთან. გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, წარმატებულ ამერიკელთა დიდი უმრავლესობა მყარ ოჯახში (ანუ ორი მშობლის ხელში) გაიზარდა და თავადაც ასეთი ოჯახი ჰყავს, ხოლო ნაკლებად წარმატებული ადამიანების შემთხვევაში საქმე პირიქითაა. რატომ უნდა ებრძოლო ინსტიტუტს, რომელიც წარმატების და ცხოვრებით კმაყოფილების შანსებს სერიოზულად ზრდის?

ასეთი რწმენების ერთობლიობას დღეს ამერიკაში ხშირად „ვოუქიზმს“ უწოდებენ. მათ ძირითადად ინტელექტუალური ელიტა იცავს, თუმცა მათი გავრცელება საფრთხეს შეიცავს ღარიბი ფენებისთვის. მაგალითად, პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის კამპანიამ მემარცხენე აქტივისტების მხრიდან პირდაპირ დაარტყა ღარიბებს, ვინც გაცილებით უფრო ხშირადაა დანაშაულის მსხვერპლი, სამაგიეროდ ნაკლებად დააზიანა დაცულ უბნებში მცხოვრები ელიტა. ​

„ვოუქისტურ“ იდეებს უმცირესობა იზიარებს, მაგრამ მას გარკვეული, თუმცა შეზღუდული გავლენა აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მასზე უკურეაქცია ნაწილობრივ ხსნის დონალდ ტრამპის აღზევებასაც, რომლის პოპულარობას რაღაც ზომით სწორედ „ვოუქიზმის“ წინაშე შიში ხსნის. ​

ფუფუნება-იდეების ბედი საქართველოში

რა არის ელიტურობის ნიშანი დღევანდელ საქართველოში? მატერიალური ნივთებით „მარიაჟობა“, ცხადია, არსად წასულა. მაგრამ შეიქმნა ელიტურობის ახალი განზომილებაც: დასავლეთთან კავშირი. ​

ეს სრულიად ბუნებრივია და, არსებითად, მოსაწონიც. დასავლეთმა შექმნა თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სამართლის უზენაესობაზე აგებული ცივილიზაცია, რომელიც, ამავე დროს, მატერიალური კეთილდღეობის და შეფარდებითი პოლიტიკური სტაბილურობის ნიმუშია. ის, რომ ამ სამყაროს ნაწილად გახდომა და მისი წარმატებული გამოცდილების სწავლა გვინდა, მიანიშნებს, რომ საღ აზრზე ვართ. ​

ამ კონტექსტში ჩამოყალიბდა ახალი ელიტა, რომლის სტატუსი დიდწილად დასავლეთთან კავშირზეა აგებული. დასავლეთში მიღებული განათლება, იქაური მუშაობის და ცხოვრების გამოცდილება, ან თუნდაც დასავლური კულტურის და ნორმების ღრმა ცოდნა სოციალური აღიარების და დაწინაურების წინაპირობა გახდა. მეორე მხრივ, ადამიანები, ვინც ამ ნიშნით ელიტაში ვერ ხვდება, ბრაზობენ და ეს ბრაზი დასავლეთზე გადააქვთ. ​

ეს ყველაფერი ლოგიკურია - ისევე, როგორც ის, რომ ახალი ელიტა ნახსენები ფუნდამენტური „დასავლური“ (თუმცა თავისი შინაარსით უნივერსალური) ღირებულებების მხარდამჭერია. მაგრამ ბოლო წლებში ახალი, პარადოქსული ტენდენციაც გამოიკვეთა: დასავლურ კულტურასთან ნაზიარევი ახალი თაობის გარკვეული ნაწილი - არც ისე დიდი, მაგრამ აქტიური - დასავლეთის გავლენით ანტიდასავლურ დღის წესრიგს ავითარებს. ​

ამ პარადოქსის ძირი თავად დასავლეთშია: აქ გავრცელებული ექსტრემისტული „ვოუქიზმის“ ერთ-ერთი მთავარი შინაარსია კოლექტიური თვითგვემა, დასავლეთის, „თეთრკანიანების“ რეალური თუ წარმოსახვითი ცოდვების გამო. ერთგვარი არაპირდაპირი ანტიდასავლურობა შეიძლება გამოჩნდეს იმ ფუნდამენტური ინსტიტუტების უარყოფაშიც, რასაც დასავლეთის წარმატება ემყარება - მაგალითად, ასეთია საბაზრო ეკონომიკა (ნუ ავურევთ მის რადიკალურ კრიტიკას ზო შემიერ სოციალ-დემოკრატიასთან, რომლისთვისაც კაპიტალიზმის ძირითადი პრინციპები მისაღებია).​

რაც გინდა ექსტრავაგანტული იყოს ბევრი ეს იდეა, დასავლურ იდეოლოგიურ კონტექსტში მათ გავრცელებას თავისი ლოგიკა აქვს: ცივილიზაციური თვითკრიტიკა აქაური ინტელექტუალური ტრადიციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგრამ საქართველოში იმპორტირებული ვერსიები ხშირად უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ​

რაც არ უნდა იყოს დასავლური ფუფუნება-რწმენების თავისთავადი ხიბლი, მათი იმპორტით ამ იდეების მატარებლების ელიტური სტატუსის დემონსტრირება ხდება. ამის ნიშანი ისიცაა, რომ ვოუქისტური „კრიტიკული თეორიების“ გარშემო რაიმე სახის ინტელექტუალური დისკუსია არ მიმდინარეობს: არგუმენტების ადგილს იკავებს მინიშნება იმაზე, რომ დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში ასე ფიქრობენ. ვინც ბოლო დასავლურ ინტელექტუალურ მოდას ასცდა, „გოიმია“. ​

რატომაა ეს პრობლემური? პირველ რიგში, ყოველგვარ ექსტრემიზმს კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ახასიათებს. განსხვავებული აზრი და მისი მატარებლები უნდა „გაუქმდნენ“, ანუ საჯარო სფეროდან განიკვეთონ. საქართველოში ეს, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ვერ ხდება, მაგრამ პათოსი იგივეა. ამ დროს, დასავლური ინტელექტუალური ტრადიციის ძალა სწორედ აზრების პლურალიზმსა და საჯარო დისკუსიის შესაძლებლობაშია.​

კომიკური მხარე ისაა, რომ ახალი იმპორტის ნაწილია „პოსტკოლონიური თეორია“, რომლის ერთ-ერთი თეზისი ისაა, რომ დასავლური იდეების (მათ შორის, თავისუფლების, თანასწორობის, მერიტოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის) გავრცელება დასავლეთის დანარჩენებზე დომინირების ფარული იარაღია. მაგრამ ჩვენ რატომ უნდა გავიზიაროთ ეს თეორია? იმიტომ, რომ ის დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებშია პოპულარული. აგრესიული ინტელექტუალური პროვინციალიზმი, ამავე დროს, ავტოკოლონიალიზმია. ​

მთავარი პრობლემა იგივეა, რაც დასავლეთში: ექსტრემიზმი ყველაზე მეტად ვნებს არა მის მატარებელ ელიტურ ჯგუფებს, არამედ იმ „უბრალო ხალხს“, ვის ინტერესებსაც ის ვითომ იცავს (რამდენად გულწრფელად, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს). მაგალითად, კაცობრიობის ისტორიულმა გამოცდილებამ ცალსახად დაადასტურა: საბაზრო ეკონომიკა ერთადერთი გზაა, რითაც სიღარიბიდან გამოსვლა შეიძლება. რადიკალური ანტიკაპიტალიზმის ქადაგება ბევრს არაფერს აკლებს ინტელექტუალურ ელიტას, მაგრამ - თუ მისი რეკომენდაციები განხორციელდა - ღარიბებს წელში გამართვის გაცილებით ნაკლები შანსი ექნებათ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG