წელს ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ბრიუსელიდან მომავალი სიგნალები მიგვანიშნებს, რომ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგი რეალისტურია.
თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა. ამავე დროს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობას აბრალებს.
ასეთი ვითარება აძნელებს ამ საკითხთან დაკავშირებული რეალური პრობლემების დანახვას. ბევრი მათზე საუბარს ერიდება, რადგან ნებისმიერი გამონათქვამი ოპონენტმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს.
ვეცდები, რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა დავსვა. თუმცა, ჯერ ჩემს პირად დამოკიდებულებას გამოვხატავ. წელსვე კანდიდატის სტატუსის მიღება გამიხარდება; ამავე დროს, დღეს ამას მთავარ საკითხად არ ვთვლი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ევროპული გზით მიდის.
რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი?
საქართველოს ევროპული კურსის ზოგი მხარდამჭერი თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა გაბერილია. მაგალითად, თურქეთი 1999 წლიდანაა წევრობის კანდიდატი და 2016 წლამდე გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ავტორიტარიზმისკენ შებრუნება აშკარა გახდა, მოლაპარაკებები შეწყდა და კანდიდატობა ცარიელ სიტყვად იქცა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს კანდიდატობასაც ხელშესახები არაფერი მოჰყვება - განსაკუთრებით, თუ არსებულ პოლიტიკას გავაგრძელებთ.
სავსებით ლოგიკური მსჯელობაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მომენტში სტატუსის მიღება-არმიღებას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია კონტექსტი: როცა უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ჩვენ კი უარი გვითხრეს. ამით ამ ორმა ქვეყანამ უფრო მაღალ ლიგაში გადაინაცვლა, ჩვენ კი ისევ იქ ჩავრჩით. ამით ჩვენი სტატუსი, ყოველ შემთხვევაში, ევროპასთან და, ზოგადად, დასავლეთთან მიმართებით, რეალურად დაქვეითდა. კი, ევროპული პერსპექტივის მიღება თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ „ტრიოდან“ „გარიცხვას“ მაინც ვერ გადაფარავს.
ვიმსახურებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს?
ამ საკითხზე ხელისუფლების პასუხი სრულიად ცხადია: შარშან ზაფხულშიც სტატუსს მოლდოვასა და უკრაინაზე უფრო ვიმსახურებდით. ევროკავშირმა ეს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ჩვენი ომში ჩათრევა არ გამოუვიდა. გაგვეხსნა რუსეთისთვის მეორე ფრონტი და ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
აბსურდული შეთქმულების თეორია გვერდზე გადავდოთ და ისე ვიკითხოთ: მაინც, ვიმსახურებთ თუ არა?
ხელისუფლების კრიტიკოსთა შორის ამაზე საერთო აზრი არ არსებობს, თუმცა არც საჯარო დისკუსიაა გაჩაღებული. თუ იტყვი, რომ „არ ვიმსახურებთ“, შეიძლება არაპატრიოტად მიგიჩნიონ, თუ ამტკიცებ, რომ „ვიმსახურებთ“ - შეფარულად პრომთავრობულად. ჯობია, შარს მოერიდო.
მაინც, სამართლიანია თუ არა, რომ ეს ორი ქვეყანა ჩვენზე მაღლა დააყენეს? ხელისუფლების ბევრი კრიტიკოსისგან გამიგია: კარგი, უკრაინა ომშია, მაგრამ მოლდოვა მაინც რით გვჯობია? ნუთუ მარტო კობახიძე-ღარიბაშვილის უშნო ბჟუტურისთვის გვსჯიან?
ჩემი პასუხია: კი, უკრაინას და მოლდოვას სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა ჩვენთან შედარებით. არის მთელი რიგი პარამეტრები, რითაც მოლდოვაზე წინ ვართ. მაგრამ მოლდოვას პროევროპული მთავრობა ჰყავს, ჩვენ კი - ანტიევროპული. მოლდოვა დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს, ჩვენ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. კონტრასტი აშკარაა. ეს გადაწონის იმას, რომ ნაკლები კორუფცია გვაქვს ან გარკვეული საშინაო დავალებები უკეთ შევასრულეთ.
პოპულარული საპირისპირო არგუმენტია, რომ, რა პოლიტიკაც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ქვეყანამ მაინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი წლების განმავლობაში გატარებული პროევროპული პოლიტიკით და ევროპული იდეის მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერით. დიახ, ამას ევროპაშიც ხედავენ. თუ წელს კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ალბათ ამ გადაწყვეტილებას სწორედ ამით გაამართლებენ (იმის მტკიცება, რომ თორმეტი წინაპირობა შევასრულეთ, შეუძლებელი იქნება).
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას ხელისუფლება წარმოადგენს. ხალხი ყოველთვის პასუხისმგებელია მასზე: როგორც რუსი ხალხი აგებს პასუხს პუტინის ქმედებებზე, ჩვენც ვაგებთ პასუხს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე. ასე რომ, თუ კანდიდატის სტატუსი ახლაც არ მოგვანიჭეს, ვერ ვიწუწუნებთ, რომ ევროკავშირმა დაგვჩაგრა.
უნდა თუ არა ჩვენს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი?
ხელისუფლების პასუხია, რომ უნდა, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ, არც ამაზე ინერვიულებს. ის აღიარებს, რომ ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის აქტიურ საბოტაჟს ახდენს. შარშან ნიკა გვარამიას ციხეში დამწყვდევა იმ დღეებში, როდესაც სტატუსის მიღების საკითხი წყდებოდა, სერიოზული არგუმენტია ამ ბრალდების სასარგებლოდ. ანალოგიური შეფასება შეგვიძლია მივცეთ ე.წ. აგენტების კანონის შემოტანას. ხელისუფლება, რომელსაც სტატუსის მიღება უნდა, ასეთ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს.
ეს მსჯელობა ლოგიკურია, მაგრამ სხვა ლოგიკაც არსებობს. ხელისუფლების კურსს განსაზღვრავს ერთი კაცი, რომელიც თავის რეალურ სტრატეგიას არავის უმხელს. შეიძლება, მას სტატუსის საკითხის ჩავარდნა მართლაც უნდოდეს, რადგან ამით პუტინის გულს მოიგებს. მეორე მხრივ, თუ სტატუსი მაინც მოგვცეს, ეს ხელისუფლებისთვის შიდაპოლიტიკურად მეტად მომგებიანი იქნება: „ხედავთ, ქვეყანას ომიც ავაცილეთ და არც ევროპასთან გავაფუჭეთ საქმე“. პუტინისთვის კი ყოველთვის ექნებათ სათქმელი, რომ კანდიდატის სტატუსი თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს (რაც არსებული ხელისუფლების ხელში სრულიად მართალია).
ჩემი აზრით, ამაზე კამათი უსაგნოა: მთავარია, რეალურად რას აკეთებს ხელისუფლება. მისი კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება სამართლიანად შევაფასოთ სტატუსის მიღების საბოტაჟად. ამ დროს რა ტრიალებს ივანიშვილის თავში, ზუსტად მაინც ვერ გავიგებთ. რატომ უნდა ვხარჯოთ დრო უსაგნო ბჭობაზე?
უნდა უნდოდეს თუ არა ქართულ პროდასავლურ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელში?
ეს ყველაზე საჩოთირო და ობიექტურად რთული საკითხია. დიდი უმრავლესობისთვის პასუხი ცხადია: რა თქმა უნდა, უნდა გვინდოდეს. ივანიშვილის უვარგის მთავრობას ჩვენი ჭირიც წაუღია: ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას.
მაინც რატომაა ქვეყნის ინტერესში, რომ ანტიდასავლური მთავრობის ხელში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ? ზოგადი პასუხი ისაა, რომ სხვა პოზიცია შეუთავსებელი იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ არჩევანთან: ამ მიმართულებით ნებისმიერ პროგრესს უნდა მივესალმოთ, თუნდაც ამ ეტაპზე ის მხოლოდ სიმბოლური იყოს.
არსებობს უფრო კონკრეტული არგუმენტიც. შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ შარშან იანვარში კანდიდატის სტატუსზე ოცნებაც კი გვიჭირდა. თუ ევროპელი ელიტების გონებაში ჩაიბეჭდა, რომ უკრაინა და მოლდოვა ერთია, საქართველო კი - სულ სხვა, სტატუსის პერსპექტივა შეიძლება საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. გეოგრაფიაც ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს: ამ ნიშნით, მოლდოვის და უკრაინის ევროპულობა გაცილებით უფრო თვალსაჩინოა.
არის მესამე მოსაზრება, რომელზეც ხმამაღლა ნაკლებს საუბრობენ. ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ, თუ კანდიდატის სტატუსზე ისევ უარს ეტყვიან, ეს ოპოზიციას გადააბრალოს (როგორც ეს შარშან უკვე გააკეთა). ის ხელზე დაიხვევს ნებისმიერ გამონათქვამს, რომელიც ოდნავ მაინც დაშორდება ორთოდოქსულ პოზიციას, რომ სტატუსის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში გვინდა: „ხედავთ, როგორ მუშაობს ოპოზიცია სტატუსის წინააღმდეგ“. მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
გარდა ამისა, ორთოდოქსიისგან გადახრა წამგებიანი იქნება ოპოზიციური ამომრჩევლის თვალშიც. პოლიტიკური კლასის მიმართ ისედაც უნდობლობით შეპყრობილი, თუმცა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება იტყვის: „ესენი პარტიულ ინტერესს ქვეყნისაზე მაღლა აყენებენ“. რატომ უნდა მისცე ამის საფუძველი?
მაგრამ საპირისპირო არგუმენტიც არსებობს. როგორც ზევით უკვე ვთქვი, სტატუსის მიღება გააძლიერებს სახელისუფლებო პარტიის პოზიციებს და გაზრდის შანსებს, რომ ის 2024 წლის შემდეგ დარჩება ხელისუფლებაში. ის დააიმედებს საკუთარი ამომრჩევლის პროდასავლურ ნაწილს, რომლის ოპოზიციისკენ გადახრა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა. ასეთი შედეგი კი მხოლოდ ოპოზიციის პარტიულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება. კანდიდატის სტატუსი გააძლიერებს „ქართული ოცნების“ მანდატს, თავისი ანტიევროპული და, შეფარულად მაინც, პრორუსული პოლიტიკა გააგრძელოს. ეჭვი მაქვს, რომ ეს მოსაზრება ევროპელი პოლიტიკოსების თავებშიც ტრიალებს.
ობიექტურად რთული დილემის წინაშე ვდგავართ: მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას სერიოზული ნეგატიური მხარე აქვს. ასე რომ, ორივე პოზიცია პატივისცემის ღირსია: ისინი რეალური პრობლემების გააზრებას ემყარება და არა სუბიექტურ ახირებას.
ამ შემთხვევაში, საპირისპირო არგუმენტები კი არ უნდა უკუვაგდოთ, არამედ ავწონოთ. „ფანჯრის დახურვის“ საფრთხე არსებობს, მაგრამ გადაჭარბებულია. როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, ძნელი წარმოსადგენია, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. ამ პირობებში, სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მნიშვნელობა ევროკავშირისთვის გაიზრდება (თუ წელს კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ეს სწორედ ამიტომ მოხდება). გარდა ამისა, წევრობის პერსპექტივას ევროპა უკან ვერ წაიღებს. თუ მომავალში საქართველოში რეალურად პროდასავლური მთავრობა მოვიდა და დემოკრატიული რეფორმების ნება გამოავლინა, არა მგონია, კანდიდატის სტატუსი ვინმემ დაგვიკავოს.
მეორე მხრივ, ისიც გადაჭარბებული მგონია, რომ თუ კანდიდატის სტატუსი წელს მოგვანიჭეს, „ოცნება“ ამის ხარჯზე მოიგებს არჩევნებს. ეს ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მნიშნელოვანი ფაქტორი, რაზეც 2024-ში ოპოზიციის წარმატების პერსპექტივაა დამოკიდებული, ორია.
ერთია უკრაინის ომში გამარჯვება, რაც ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს. მეორე და მთავარია, ოპოზიციამ თავი წარმოაჩინოს ძალად, რომელსაც ხელისუფლების გადმობარება და ქვეყნის ეფექტიანი მართვის უნარი გააჩნია (რაც ჯერჯერობით არ გვაქვს). უკრაინის გამაჯვებისთვის ვერაფერს ვიზამთ, ამიტომ მეორე ამოცანაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია.
რაც შეეხება საკუთრივ სტატუსის საკითხს, პარტიული თუ არაპარტიული ოპოზიცია მასზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. მოსაზრება: „ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაოთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“ გულუბრყვილოა; ასეთ თანამშრომლობას (თუ ის არსებობს) წმინდა რიტუალური მნიშვნელობა აქვს.
მეორე მხრივ, ევროპელების მორალური შანტაჟი: „თუ ახლა არ მოგვცემთ სტატუსს, ქართველი ხალხი ევროპაზე გულს აიცრუებს“ არსებითად არასწორია (შარშან რომ არ მოგვცეს, ავიცრუეთ გული?) და ირიბად ანტიდასავლური ძალების პროპაგანდაზე ასხამს წყალს („ევროპას არაფერში ვჭირდებით, ის უსამართლოდ გვჩაგვრავს“).
მთავარი, რაც ოპოზიციურმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა, იყო იმის დემონსტრირება, რომ დასავლური ორიენტაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს. ჯერჯერობით ეს მისი ერთადერთი წარმატებაა; მეორე წარმატება იქნება იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, „ოცნების“ სანდო და ევროპულად მოქმედი პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.