„დოდენ ბუფანის რაგუ“ („სიყვარულის რეცეპტი“. The Taste Of Things“, საფრანგეთი, რეჟისორი ცან ან ჰუნი)
საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ ვიეტნამური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, ცან ან ჰუნის ფილმს „დოდენ ბუფანის რაგუს“, რომლის სათაურს მრავალნაირად თარგმნიან. ჩვენში, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსების მიერ შერქმეული „სიყვარულის რეცეპტი“ მოიწონეს. თუმცა ასეთი სწორხაზოვნება საერთოდ არ უხდება ერთ-ერთ ყველაზე არასწორხაზოვან ფილმს ბოლო დროის ფრანგულ კინოში. ცან ან ჰუნის ახალი ნამუშევრის ღირსება სწორედ ნიუანსების სიმდიდრეა. სიყვარულის რეცეპტს „დოდენ ბუფანი“ არ გაგიზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენლად ლამაზი ფილმი-დეგუსტაცია, რომელიც აუცილებლად კინოთეატრებში უნდა ნახოთ, უამრავ სხვა რეცეპტს გაგაცნობთ.
გულახდილად რომ გითხრათ, არ მოველოდი ამ ფილმს ჩვენი კინოთეატრების აფიშაზე. „დოდენ ბუფანს“ არაფერი აქვს საერთო მასკულტურის პროდუქციასთან, რომელმაც კარგა ხანია დაიპყრო ქართული კინოგაქირავება. „ოსკარის“ ხსენებაც არ გამოვა; მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე სწორედ ეს ფილმი წარადგინა (და არა კანის ფესტივალის გამარჯვებული „დაცემის ანატომია“), „დოდენ ბუფანი“ ფინალურ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. ნამდვილად არაა ეს ფილმი იმ მაყურებლისთვის, რომელიც კინოსგან მარტივ რეცეპტებს მოითხოვს. მეტიც, „დოდენ ბუფანი“ სავარაუდოდ გააბრაზებს ვეგეტარიანელებს, რომლებიც ეკრანზე ხორციანი კერძების სიჭარბეს ვერ აიტანენ, მოაწყენს ფასტფუდის მოყვარულებს და სრულ დისკომფორტს შეუქმნის იმას, ვინც ფილმის სანახავად მშიერი მივიდა. დიდი შანსია, მათ ვერ გაუძლონ ცან ან ჰუნის კულინარიულ სანახაობას. ამას დაუმატეთ ფილმის ძველმოდური, აკადემიური ესთეტიკა. მაგრამ თუკი „დოდენ ბუფანს“ ჩემსავით მოიწონებთ, აუცილებლად შეაფასებთ როგორც ნონკონფორმისტულ კინოს, რომლის ავტორი ისევ (როგორც თავის კინოდებიუტში „მწვანე პაპაიის გემო“) ვერ დაიმორჩილა ვერც თანამედროვე ლიბერალურმა კინოკონიუნქტურამ და ვერც ბაზარმა.
„დოდენ ბუფანი“ მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთს აღადგენს. ეჟენი (ჟულიეტ ბინოში) 20 წელია მზარეულად მუშაობს სახელგანთქმულ გურმანთან, დოდენთან (ბენუა მაჟიმელი), რომელსაც ფრანგებმა „გასტრონომიის ნაპოლეონი“ შეარქვეს. დროთა განმავლობაში მათი საქმიანი ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდა. მათი სიყვარულის ნაყოფი კი გახდა საოცარი კერძები, რომლებსაც ერთად ამზადებენ. ეჟენი არ მიჰყვება ცოლად დოდენს - რა საჭიროა ეს ბანალურობა, როცა ასეთი დიდი საქმეები აქვთ გასაკეთებელი (ირონიას ის გრძნობს, ვინც იცის, რომ მაჟიმელი და ბინოში 4 წელი ცხოვრობდნენ ერთად, მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ). ასე, თანდათან, სიუჟეტური ხაზი სრულიად უმნიშვნელო ხდება ცან ან ჰუნის ფილმში. ფორმა მთლიანად სწყდება შინაარსს და მასზე ბატონობას იწყებს. ბისკვიტი, ნორვეგიული ომლეტი, საქონლის სუკი, ბაღის ჩიტის ხორცი (რომელიც დელიკატესი ყოფილა), ასევე ქვაბები, დანები, კოვზები, ჩანგლები სრულიად განდევნიან ამბავს. გმირების ხასიათები, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ როლებს ვარსკვლავები ასრულებენ (ჟულიეტ ბინოში ერთხელ უკვე გადაიღეს კულინარიის და კინოს ნარევში, ძალიან ცუდ ფილმში „შოკოლადი“), საერთოდ აღარ აინტერესებს მაყურებელს. სცენარზე, როგორც ასეთზე, მსჯელობას აზრი არა აქვს, რადგან დიალოგებიც კი მარტივია, დაახლოებით ასეთი სახის: „მარილი მომაწოდე!“, „წყალი ბევრია“...
სტუდენტობის დროს, როცა ფერწერის ისტორიას ვსწავლობდი, ჩემმა მასწავლებელმა, ხელოვნებათმცოდნე ლევან რჩეულიშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული აკადემიზმის ლიდერის, ჟან ოგიუსტ დომენიკ ენგრის ნახატების ალბომი დაგვათვალიერებინა და სულ ორი სიტყვით შეაფასა მისი ნამუშევრები - „სუფთა ფორმა!“. თუკი ენგრი ფერწერის სუფთა ფორმაა, რატომაც არ შეიძლება, „დოდენ ბუფანის რაგუ“ შევაფასოთ როგორც „სუფთა კინო“? მერე რა, რომ ფაქტობრივად ფილმის პირველივე ოქროსფერ კადრში სწორედ ფერწერის პირდაპირ გავლენას შენიშნავს მაყურებელი, ამას მოჰყვება ვერმეერის, რემბრანტის და განსაკუთრებით რენუარის არაპირდაპირი ციტირებაც, მაგრამ „დოდენ ბუფანის რაგუ“ მაინც არ არის „სურათებიანი კინო“ და სტილიზებული სანახაობა. ეს ფილმი, რომელიც თავად ნელ ცეცხლზე მომზადებულ კერძს ჰგავს, კინოხელოვნების ყველა შესაძლებლობის ტრიუმფია.
„დოდენ ბუფანში“ ძალზე ეფექტურია ნატურაზე გადაღებული ეპიზოდები. თუნდაც, გასეირნება თეთრი ყვავილების მინდორში. მაგრამ ამ ფილმის მთავარი სახე მაინც სამზარეულოა, წმინდა ადგილი, ფაქტობრივად ტაძარი ფილმის გმირებისთვის, სადაც ყველა თანასწორია, ყველას თავისი საქმე უყვარს, სადაც უნაზესი, დელიკატური ურთიერთობა ცხოვრების წესი გამხდარა. შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი სოციალური სამოთხის იდეალური მეტაფორაა. ფილმის ოპონენტებს, რომლებიც კინოს ლამის მხოლოდ კლასობრივი ბრძოლის იარაღად მიიჩნევენ, ასეთი კონსერვატიზმი და ტრადიციების გაიდეალება ყველაზე მეტად აღიზიანებთ. ისინი კანის ფესტივალს აყვედრიან საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილ პრიზსაც, რომელიც ცან ან ჰუნს გადასცეს. თუმცა, თუკი ოდნავ მაინც დავძაბავთ ყურადღებას და „დოდენ ბუფანის რაგუს“ ვუყურებთ როგორც კინოს, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ეროვნული კონსერვატიზმი, რომელიც ფრანგული სამზარეულოს ოდაში გადაიზრდება, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმა თავისებური კულინარიული ეროტიკა თამაშდება - პოეზია მაგიდასთან და თვალის სიამოვნება.
ჩვენ ვიცით, რა მოსდის სხეულს დენის დარტყმაზე, ძლიერი შუქის ნაკადზე. ეიზენშტეინმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა როგორც კინოს ენის, ასევე პირობითი რეფლექსების ანალიზს, ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ სიტყვებს „გაღიზიანება“ და „აღგზნება“ რეფლექსების მკვლევრები ხშირად სინონიმებად იყენებენ. თუკი გაღიზიანება იწვევს აღგზნებას, თუკი ძაღლები გემრიელი კერძის დანახვაზე ნერწყვს ვერ უმკლავდებიან (თანაც, კუდს აქიცინებენ), კინომ რა დააშავა? რას იწვევენ ჩვენში მოძრავი „ფეტიშები“? შეიძლება თუ არა, თვალით ვიგრძნოთ სუნი და გემო, მერე კი ჩავრთოთ ჩვენი რეცეპტორები, რომლებიც ჯერ ტვინზე მოქმედებენ, შემდეგ კი გულზე? „დოდენ ბუფანის“ ავტორი ერთადერთი კამერით(!) ცდილობს შეაღწიოს საგანი-ფეტიშების შიგნით, უარს ამბობს მუსიკალურ გაფორმებაზე, რათა არაფერმა გადაფაროს ამ საგნების ხმები. ის ძერწავს ყველა საგანს შუქით და ფილმის ბოლოს აღწევს თავის მიზანს - ულამაზესი კერძის მომზადების პროცესი, მთელი თავისი „სასპენსით“, იმდენად შთამბეჭდავია. რომ მაყურებელი ეკრანიდან კერძის სუნსაც გრძნობს და გემოსაც.
რეჟისორმა, რომელიც 13 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად ვიეტნამიდან საფრანგეთში გადასახლდა და აქ დაეუფლა კინოს ენას, მხოლოდ ფრანგულ გასტრონომიას კი არ აუხსნა სიყვარული. მან სიცოცხლის გადარჩენა მოინდომა იმისგან, რასაც ჩვენ „სასტიკ რეალობას“ ვუწოდებთ. სიცოცხლის და კინოს გადარჩენა.
ასევე ნახეთ: