Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწყალი პრისილა


რეჟისორ სოფია კოპოლას ფილმი „პრისილა“ (აშშ, 2023)
რეჟისორ სოფია კოპოლას ფილმი „პრისილა“ (აშშ, 2023)

საქართველოს კინოთეატრებში მოეწყო სოფია კოპოლას ახალი ფილმის, „პრისილას“ პრემიერა.

„პრისილა“ (აშშ, 2023, რეჟისორი სოფია კოპოლა)

2 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ამავე კინოდარბაზებში ბაზ ლურმანის „ელვისი“ ვნახეთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ხალხი ლურმანის კინემატოგრაფიულ-მუსიკალურ შოუს, რომელიც ელვის პრესლის ეძღვნება, ადარებს „პრისილას“ - ელვის პრესლის... ცოლის კინობიოგრაფიას.

„პრისილას“ გამქირავებლებმა, როგორც ჩანს, მაყურებლის მიზიდვის მიზნით, კოპოლას ფილმის სათაურს მეორე დაუმატეს „ელვისი და მე“. გამქირავებლებმა კარგად იციან, რომ ამ ახალი ამერიკული ფილმის სანახავად კინოს ბილეთს პირველ რიგში ელვის პრესლის თაყვანისმცემლები იყიდიან. მერე კი ლურმანის ფილმს შეადარებენ. სოფია კოპოლა, ცხადია, მზად იქნებოდა ამ შედარებისთვის.

მაგრამ კინოგაქირავებას თავისი გეგმები და წესები აქვს. მოხდა ისე, რომ „პრისილა“ (ბედის ირონიით) დაწყვილდა არა იმდენად 2 წლის წინ გადაღებულ როკმიუზიკლთან, არამედ ფილმთან დიდ მუსიკოსზე, ლეონარდ ბერნსტაინზე. კოპოლას ფილმის პრემიერა დაემთხვა ბრედლი კუპერის „მაესტროს“ განთავსებას „ნეტფლიქსის“ არხზე. ორივე ფილმის გმირი დიდი არტისტის ჩრდილქვეშ მოქცეული ქალია, ორივე ფილმს ქალის მსხვერპლშეწირვის იდეა აერთიანებს. მაგრამ „მაესტროში“ ქალი (ვფიქრობ, კერი მალიგანის ფელიცია ქალის როლის საუკეთესო შესრულებაა 2023 წლის მსოფლიო კინოში) არ იქცევა მოღალატე ქმრის მსხვერპლად... სულ პირიქით, მისი შემოქმედების თანაავტორია და გარკვეული თვალსაზრისით თავის თავზეც კი იღებს პიგმალიონის როლს. „პრისილა“ კი თითქმის თავიდან ბოლომდე ქალი-მსხვერპლის ისტორიაა - ამბავი პატარა, მდიდარ გოგოზე, რომელიც თოჯინების სახლში დაამწყვდიეს.

სათაურის დამატებას სხვა გამართლებაც აქვს. „პრისილა“ ელვის პრესლის ცოლის მემუარების ეკრანიზაციაა. წიგნსაც ასე ჰქვია - „ელვისი და მე“ და მოიცავს ელვის პრესლისთან ერთად გატარებულ 14 წელს. დაწყებული 1959 წლიდან, როცა დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებმა 14 წლის გოგონამ პირველად ნახა თავისი მომავალი ქმარი, 1973 წლამდე, როცა პრისილა წავიდა...

ავტობიოგრაფიული წიგნის ეკრანიზაცია ერთია, მაგრამ როცა ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ამ წიგნის ავტორია, ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს კომპლიმენტარობის სასარგებლოდ.

„პრისილა“, როგორც არ უნდა უარყონ ეს ფილმის დამცველებმა, დაკვეთილი ბიოგრაფიული ფილმის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ამ დაკვეთაში, აღმასრულებელი პროდიუსერის მკაცრი დაკვირვების ფონზე, სოფია კოპოლა თითქოს ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს დიდ მუსიკოსზე ნაწყენ და გულგატეხილ პრისილა პრესლის, რომელსაც არაფრით უნდა დაუშვას ჯალათი როკვარსკვლავის ბეატიფიკაცია. კოპოლას ფილმში ელვისი საერთოდ არ ჰგავს როკენროლის მეფეს, ჩვენ არ გვესმის მისი სიმღერა (კოპოლამ ვერ მოიპოვა ელვის პრესლის ჩანაწერების გამოყენების უფლება), არ ვიცით მისი პოზიცია, მისი სურვილები... სექსუალური ძალადობა არ ხდება. უფრო პირიქით, ელვისი, როგორც სექსუალური პარტნიორი, სრულიად უძლურია. გაუგებარია, მისი ეს უძლურობა ნარკოტიკს უნდა დავაბრალოთ თუ, უბრალოდ, იმპოტენტია... იქნებ ჰომოსექსუალია? ამ კითხვებზე პასუხი კოპოლას არა აქვს. მისთვის მთავარია წარმოადგინოს ელვისი, როგორც ნახევრად განვითარებული ნარცისი, ჯალათი, რომელმაც თავისი თოჯინა გამოკეტა. ერთხანს ვიფიქრე კიდეც, რომ მთელი ფილმი სამაგიეროს გადახდას უფრო ჰგავს, ვიდრე საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებს. თუმცა ეს აზრი მალევე გამექცა. საქმე ისაა, რომ „პრისილაში“ არც ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია ისეთი, რომ მისი მხარი დაიჭირო და გულწრფელად თანაუგრძნო.

სოფია კოპოლა ცდილობს შექმნას 50-იანი წლების ამერიკის სურათი მამაკაცი ნარცისებით და მათ სამსახურში (და მოლოდინში) მყოფი ქალებით. ეს გარემო მსუბუქადაა მინიშნებული. კოპოლა არ მალავს, რომ აინტერესებს მხოლოდ პრისილა. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არც პრისილას, როგორც მსხვერპლის ხასიათს იკვლევს. უბრალოდ გვთავაზობს თოჯინას და აიძულებს მაყურებელს დატკბეს ვიქტიმიზაციის ამ სანახაობით. ავტორი თითქოს რაღაცის თქმას აპირებს პრისილაზე, მაგრამ ერიდება... თითქოს „ენაზე აკერია“, მაგრამ ვერ ამბობს. შეიძლება

გარკვეული მაყურებლისთვის ეს ქმნის ინტრიგას. მაგრამ პირადად ჩემთვის ეს გაუბედაობა უბრალოდ მოსაწყენია. შესაბამისად, ფილმიც ისეთივე მოსაწყენი გამოვიდა, როგორც პრისილას ცხოვრება. კი, კეილი სპენი ცუდი მსახიობი არ არის, დროდადრო აქვს ქარიზმა და დამახასიათებელი, თითქმის ჰიპნოზური მზერა. მაგრამ, სამწუხაროდ, სათამაშო ბევრი არც არაფერი აქვს. თავიდანვე თოჯინაა და თოჯინად რჩება.

სოფია კოპოლა არასდროს გამოირჩეოდა ხასიათის გაღრმავების უნარით. მის შედარებით კარგ ფილმებსაც დაჰყვებოდათ კარამელის გემო, რომელიც ფილმს მალე გავიწყებდა. მაგრამ „პრისილამ“ ეგ გემოც დაკარგა. უნდა ვაღიარო, რომ მე დიდი ხანია არ მინახავს ასეთი ცივი ფილმი, რომელშიც არაფერი ვითარდება. ეს უფრო მეტად ფოტოალბომია, მოკლე, დრამატურგიას მოკლებული სცენების თანმიმდევრობა ორ, აბსოლუტურად ცარიელ პერსონაჟზე. კინო, როგორც ასეთი, ფაქტობრივად არ არსებობს. კინო გადაქცეულია ილუსტრაციად (პარიკების, კაბების, ვარცხნილობის) და ემსგავსება თინეიჯერებისთვის განკუთვნილ პრიალა ჟურნალებს, რომლებსაც პრისილა თავის აუზზე დასვენებისას ათვალიერებს და რომლებსაც სილამაზის სალონებში დააწყობენ ხოლმე (ცნობილი ბრენდების რეკლამებით) კლიენტების გასართობად.

„სიმკვდარეს“, რომელსაც „პრისილას“ თაყვანისმცემლები ფილმის პრინციპული, გააზრებული, გამომწვევი უბრალოებით და სისადავით ამართლებენ, ემატება აბსოლუტური კარიკატურულობა ცალკეული სცენებისა. ხანდახან კოპოლა იწყებს სწორხაზოვნებაზე თამაშს, მიმართავს რა გაძლიერებულ დისბალანსს - ელვისი „არანორმალურად“ მაღალია, პრისილა კი „არანორმალურად“ დაბალი. დროდადრო ფილმში ჩართულია სრულიად გროტესკული სცენები (ნარკოტიკის ერთობლივი მიღება, შაქართან ერთად), მაგრამ ასეთი უტრირება ირონიასა თუ „შავ იუმორში“ არსად გადადის. ვერ შველის მოსაწყენი ეპიზოდების ამ რიგს ვერც „ქალური დეტალებით“ (ტუჩსაცხი, ფრჩხილის ლაკი, დასამაგრი წამწამები, სარკეები...) სახიერების შექმნის სურვილი. როგორც ჩანს, ფემინისტების გულის მოსაგებად. მაგრამ ფემინიზმი არაა მხოლოდ ქალების აქტიურობა და ქმედება, ფემინიზმი გულისხმობს ქალის უფლებას გამოხატოს თავისი ემოციები, გრძნობები და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მსხვერპლად ყოფნის ესთეტიზაციით. მაშინაც კი, როცა რეალური მსხვერპლის ცხოვრებას ასახავს.

სოფია კოპოლას ალბათ მაინც საუკეთესო ფილმში „თვითმკვლელი ქალწულები“ ერთ-ერთი გმირი ამბობს: „აშკარაა, ექიმო, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ 13 წლის გოგო“. ეს ფრაზა სიმართლეა და ხშირად ართულებს ქალი-მსხვერპლის თემაზე გადაღებული ფილმების გაგებას. იქნებ ყველაფერი სხვაგვარადაა? იქნებ რეჟისორს, რომელსაც გოგონების გრძნობები, მათი სურვილები, მათი შიშები ყოველთვის აინტერესებდა, ჩვენზე უკეთ ესმის იმ ქალების, რომლებსაც პატრიარქალური კულტურა უბრალოდ არ აძლევს განვითარების საშუალებას? „პრისილას“ პრობლემა ისაა, რომ სოფია კოპოლა დიდად აღარც ცდილობს „გვაქციოს 13 წლის გოგოდ“. ამის სურვილი მას არა აქვს, ან, უბრალოდ, არ გამოსდის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG