ცხადია, ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ ასარჩევიც ბევრი ჰქონდათ - 2023 წელს კინო, როგორც იქნა, განთავისუფლდა დეპრესიისგან, დაბნეულობისგან, რომელიც პანდემიის დროს დაეტყო. მაყურებელი ნელ-ნელა დაუბრუნდა კინოთეატრებს. კლასიკოსებმაც მოიცალეს და ახალი სახელებიც გამოჩნდა. წელს, მართალი გითხრათ, გამიჭირდა კიდეც საუკეთესო 10 ფილმის დასახელება. რამდენიმე კარგი ფილმი დამენანა, რადგანაც ათეულში ვერ მოვახვედრე. მაგალითად, ნური ბილგე ჯეილანის „ხმელი ბალახის შესახებ“, ალიჩე რორვახერის „ქიმერა“, რიჩარდ ლინკლაიტერის „დაქირავებული მკვლელი“, მარკო ბელოკიოს „გატაცებული“, ვან ბინის „ახალგაზრდობა“... ასეა თუ ისე, „შესანიშნავი ათეული“ მაინც საუკეთესო მგონია. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ფილმების სათაურებისთვის მათი საერთაშორისო დასახელება ვამჯობინე.
ტრადიციულად, დავიწყოთ ბოლოდან:
10. „დოდენ ბუფანის რაგუ“
The Pot-au-Feu (The Taste Of Things, საფრანგეთი, რეჟისორი ცან ან ჰუნგი)
კინო თუ გიყვართ, ეს გამომწვევად ძველმოდური ფილმი (შეიძლება ითქვას, „გასტრონომიული ფილმი“) მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში აღიარებული მზარეულის (ბენუა მაჟიმელი) და მისი ასისტენტი ქალის (ჟულიეტ ბინოში) ურთიერთობაზე, სიხარულსა და გაოცებას არ მოგაკლებთ. ერთობლივი შემოქმედების ნაყოფი მართლაც რომ ფანტასტიკური ხდება, როგორც კი საქმე სიყვარულში გადაიზრდება. კერძები, რომლებსაც ესთეტი-მზარეული ამზადებს, იმდენად ლამაზია, რომ ეკრანიდან დამათრობელი სურნელება იფრქვევა. არაფრისგან სილამაზის შექმნა კი მხოლოდ დიდ ოსტატს შეუძლია (ფილმი აღინიშნა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის კანის ფესტივალზე). ვისაც საფრანგეთში მცხოვრები ვიეტნამელი ავტორის, ცან ან ჰუნგის ადრეული ნამუშევარი „მწვანე პაპაიას გემო“ გიყვართ, მის ახალ ფილმს მით უფრო დააფასებთ. ესაა ტრანსცენდენტალური კინო... თეფშებზე. დეკორაცია, კოსტიუმები, კამერა, მონტაჟი, ფერი, სინათლე - ყველაფერი შესანიშნავია ამ ფორმალისტურ შედევრში, რომელიც საფრანგეთმა ამერიკულ „ოსკარზე“ წარადგინა.
9. „დოგმენი“
Dogman (საფრანგეთი, რეჟისორი ლუკ ბესონი)
ლუკ ბესონისგან დიდი ხანია ახალს არაფერს ველოდი. მაგრამ ფაქტია - ბესონი დაბრუნდა და გადაიღო თავისი ყველაზე „პირადი ფილმი“, თუ გნებავთ - აღსარებაც. შესანიშნავი საუნდტრეკი და ასევე კარგი მუსიკასავით აწყობილი დრამატურგია, ტრაგიკულის და სასაცილოს მოულოდნელი ნაზავი, სასპენსი, რომელიც ამ ხმაურიან ფილმს ბოლო წამამდე მიჰყვება, შეუძლებელია დაივიწყო. მაგრამ ამისთვის მოგიწევთ დაივიწყოთ სხვა რამე - სრულიად დისკრედიტირებული ლუკ ბესონი... თავისი ბიოგრაფიით, ბოლო დროს გადაღებული ცუდი ფილმებით. და თუკი ვერ შეძელით, თუკი ძალადობის ამ ფილიგრანულ კვლევაში მეტისმეტმა მანიპულაციამ გაგაღიზიანათ, დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი როლის შემსრულებელს მაინც დააფასებთ. ქეილებ ლანდრო ჯოუნსის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, ჩემი აზრით, მამაკაცის საუკეთესო როლია 2023 წლის მსოფლიო კინოში.
8. „კლუბი ზერო“
Club Zero (ავსტრია, რეჟისორი ჯესიკა ჰაუზერი)
ჯესიკა ჰაუზერის ფილმის პრემიერას კანის ფესტივალზე წარმატებულს ვერ უწოდებ - სეანსის დროს არაერთმა კრიტიკოსმა დატოვა დარბაზი. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ტიპური ავსტრიული იუმორით გამორჩეულ „კლუბ ზეროს“, რომელმაც ხანდახან მიხაელ ჰანეკეს ადრეული ფილმები შეიძლება გაგახსენოთ, თავიდან მეც ვერ შევეგუე. ჰაუზერის ეს სატირა თუ „ამორალური იგავი“ რადიკალურად პირობითია, დადგმული, უტრირებული. მაგრამ მისი თამაშის წესები თუ მიიღე, თუ არ გაუნაწყენდი რეჟისორს, რომელიც ბედავს და 2023 წლის ყველაზე არაპოლიტკორექტულ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერმა (!) იდეოლოგიამ შვას სექტა, მოწამლოს ახალგაზრდები, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ქადაგებდეს, მაგრამ სინამდვილეში ნელ-ნელა ხრწნიდეს და ამახინჯებდეს... თუკი არც თვითირონიას გაურბიხართ, „კლუბ ზეროს“ პატარა, კამერულ შედევრად აღიქვამთ. განსაკუთრებით მის ფინალს, რომელშიც კათარზისის ეფექტი იქმნება.
7. „ყველაფრის ახსნა“
Explanation for Everything (უნგრეთი, სლოვაკეთი, რეჟისორი გაბორ რეიში)
სავსებით შეიძლებოდა, ასეთი ფილმი დღევანდელ საქართველოში გადაეღოთ. ხანდახან გგონია, რომ ყველაფერი, რაც ხდება ეკრანზე, იმ რეალობის ასლია, რომელშიც ვცხოვრობთ. სხვათა შორის, გაბორ რეიშის ფილმი უფრო სლოვაკეთის კინოცენტრის საკუთრებაა, ვიდრე უნგრეთის, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება აქ ორბანის უნგრეთში ხდება. ეროვნულმა კინოცენტრმა და უნგრეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გადაღების პროცესში გააჩაღეს კამპანია ახალგაზრდა რეჟისორის წინააღმდეგ... ასე შეიძლებოდა საერთოდ დაკარგულიყო წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი - ვირტუოზულად აწყობილი დრამატურგიით, შესანიშნავი მსახიობებით - რომ არა ვენეციის კინოფესტივალი, სადაც „ყველაფრის ახსნა“ რიგით მეორე მნიშვნელობის კონკურსის, „ჰორიზონტის“ მთავარი პრიზით აღინიშნა. მინიმალური ბიუჯეტი და უბრალოება რეიშის ფილმს თავისებურ მომხიბვლელობასაც კი ანიჭებს; ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ სმარტფონითაა გადაღებული. ასეთი ფორმა ამართლებს ავტორების მიზანს - დაგვიტოვონ ორბანის მმართველობის კინემატოგრაფიული დოკუმენტი, ამხილონ სისტემა და არა იმდენად ცალკეული ადამიანები.
6. „წარსული ცხოვრება“
Past Lives (აშშ, რეჟისორი სელინ სონი)
კორეული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის დებიუტი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია სიყვარულზე, რაც ოდესმე მინახავს. „წარსული ცხოვრება“ (უფრო სწორად - „ცხოვრებები“, რადგანაც ინკარნაცია ფილმის ერთ-ერთი მთავარი თემაა) თითქმის ზუსტად იმეორებს სელინ სონის ბიოგრაფიას; ისიც, ფილმის მთავარი გმირის, ნორას მსგავსად, 12 წლის იყო,როცა მშობლები კორეიდან კანადაში გადასახლდნენ, მასაც ჰყავდა სკოლაში მეგობარი ბიჭი, რომელსაც 20 წლის შემდეგ ნიუ-იორკის ბარში შეხვდა. არსებითად სელინ სონის მთელი ფილმი ამ პაემანზეა აწყობილი. რამდენადაც სივრცემ დააშორა ადამიანები, მით უფრო დააახლოვა ისინი დრომ. ერთმანეთს შეხვდნენ არა მარტო ისინი, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში განიცადა პირველი სიყვარული. ერთმანეთს შეხვდა ორი კულტურა, ორი ცივილიზაცია, დასავლური და აღმოსავლური... „და ვინ თქვა, რომ “წინა ცხოვრებებში” სამყარო ასევე იყო დაყოფილი?“ - თითქოს კითხულობს სელინ სონი და გვთავაზობს დელიკატურ, სადა, ნიუანსებზე აგებულ სანახაობას, რომელშიც დიალოგი თითქოს ბლომადაა, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა მაინც მინიმუმამდეა დაყვანილი. კორეიდან ჩამოსულმა ბიჭმა არ იცის ინგლისური, ვერ ურთიერთობს ნორას ქმართან, ვერ აგებინებს, როგორ შეიძლება ბავშვობაში ჩასახული გრძნობა იმდენად გაძლიერდეს, რომ მთელი ცხოვრება გამოგყვეს. მაგრამ ჩვენ, მაყურებელს, ამ დიდი სიყვარულის ჩასახვის მოწმეებს, სიტყვები არ გვჭირდება. ჩვენ აქ სულ სხვა ენას ვეზიარებით - ჟესტის, მიმიკის, მოძრაობის ენას… სხვაგვარად რომ ვთქვათ, კინოხელოვნებას.
5. „ოკუპირებული ქალაქი“
Occupied City (დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი სტივ მაკუინი
ბრიტანელმა რეჟისორმა, რომლის ფილმებს შორის მაინც ადრეულ შედევრს, „შიმშილს“ გამოვყოფდი, ამჯერად დოკუმენტურ კინოში სცადა ბედი. 2023 წელს არაერთი კარგი დოკუმენტური ფილმი ვნახე (განსაკუთრებით გაგვახარეს ქართველმა რეჟისორებმა), მაგრამ „ოკუპირებული ქალაქი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიული დოკუმენტური კინო. ჰოლოკოსტი აქ თანამედროვე ამსტერდამის სახეებითაა გააზრებული (და გამოკვლეულიც); სტივ მაკუინის კამერა იმ სივრცეში შეაღწევს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ ამსტერდამში ებრაელებს მალავდნენ და იქაც, სადაც აწამებდნენ. უკვე დიდი დრო გავიდა, ზოგიერთ სახლში საერთოდ არ იციან ვინ ცხოვრობდა აქ ომის წლებში. მაკუინის კამერა კი სასოწარკვეთილი ცდილობს მიაგნოს ნაციზმის აჩრდილებს თანამედროვე ევროპულ ქალაქში, რომლის მცხოვრებლებს კოვიდთან ბრძოლა უხდებათ. ფილმის მთავარი გზავნილი ევროპაში „ყავისფერი აჩრდილების“ გაცოცხლების საშიშროებაა. თუკი მათ ადამიანები ვერ ხედავენ, თვალის ახელის მისია კინოს გადაეცემა.
4. „სამყაროს დასასრულისგან ბევრს არ უნდა ელოდე“
Do Not Expect Too Much from the End of the World (რუმინეთი, რეჟისორი რადუ ჯუდე)
რუმინული კინოს გამორჩეულად რადიკალური, დაუმორჩილებელი რეჟისორი, რომელიც ყველა ფილმში წარმოგვიდგენს თავის ქვეყანას ზუსტად ისე, როგორც ალბათ გოდარი, ანდა დუშან მაკავეევი გადაიღებდა, ამჯერად თითქმის შეუძლებელს აღწევს - გვთავაზობს ბურლესკს, „ჭუჭყიან კინოს“, რომელიც ფინალისკენ ფრესკას ემსგავსება. პოლიტიკური ფილმი ბევრი გვინახავს, მაგრამ იშვიათია, თავად ფილმის ენა იყოს პოლიტიკური, აბსოლუტურად უკომპრომისო, ნერვიული, ხმაურიანი, გაბრაზებული, ხოლო ფილმის ფინალურ სტატიკურ კადრში, რომელიც მთელი 45 წუთი გრძელდება, ტრაგედიის ენად იქცეს. ჯუდეს ორიგინალური ენა ერთგვარ მოთმინებას, კეთილგანწყობასა და დაინტერესების უნარს მოითხოვს მაყურებლისგან, თუკი ფილმის ექსპოზიციის მსვლელობისას ამ „სამუშაოს“ ჩატარებას არ დაიზარებთ, თუკი მოინდომებთ შეითვისოთ ფილმის წყვეტილი რიტმი, ასიმეტრია, ატონალური სვლები, გარწმუნებთ, რომ ეზიარებით არა მარტო კინემატოგრაფიულ შედევრს, არამედ ავტორის სამოქალაქო გმირობას - ასეთი მასშტაბის არაპოლიტკორექტული ფილმის გადაღება ნამდვილად სარისკოა ჩვენს დროში.
3. „მე კაპიტანი ვარ“
Io capitano (იტალია, რეჟისორი მატეო გარონე)
წლევანდელი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „მე კაპიტანი ვარ“ ჩემი ფავორიტია. გარონეს ახალი ნამუშევარი საუკეთესოდ მიმაჩნია ვენეციის ფესტივალის კონკურსში და მგონია, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა იორგოს ლანთიმოსის ახალი ფილმის სასარგებლოდ. თითქოს უცნაური შედარებაა, მაგრამ მატეო გარონეს ფილმის პრემიერამ გამახსენა ის გამაოგნებელი შთაბეჭდილება, რომელიც დატოვა მილოშ ფორმანის ფილმმა „ვიღაცამ გუგულის ბუდეზე გადაიფრინა“. „მე კაპიტანი ვარ“ არის ნამდვილი სახალხო ფილმი. ვერ წარმომიდგენია ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ფილმის გმირების, ორი სენეგალელი ბიჭის აფრიკიდან ევროპაში გაქცევის ამბავი არ ააღელვებს. ამ სურათით გარონემ უკან ჩამოიტოვა ყველა კოლეგა-თანამემამულე და იტალიური კინოს აბსოლუტური ლიდერი გახდა. მეტიც, მსოფლიოში ვერავინ დაეუფლა დღეს „სასტიკი ზღაპრის“ ჟანრს ისე კარგად, როგორც მატეო გარონე.
2. „ბოროტება არ არსებობს“
Evil Does Not Exist (იაპონია, რეჟისორი რიუსუკე ჰაგამუჩი
თანამედროვე „სოციალური კინოს“ კრიზისი, ვფიქრობ, გამოხატვის ამოწურული ენით უნდა ავხსნათ. წელს ამ მიმართულების ლიდერმა, კენ ლოუჩმაც კი ვერ გაგვახარა თავისი „ბებერი მუხით“, ვერ ასცდა სწორხაზოვნებას და სქემატურობას... და როგორც არაერთხელ მომხდარა კინოს ისტორიაში, წელსაც მაშველი რგოლი სოციალურ კინოს იაპონიამ ესროლა. ჰამაგუჩიმ გადაიღო ფილმი წარღვნაზე, ჩვენი პლანეტის სიკვდილზე. უფრო სწორად, დაგვანახვა პროცესი გახრწნისა, რომელიც ფინალში, სულ რამდენიმე კადრით გამოხატავს აპოკალიფსს. ჰამაგუჩი გვაშინებს და, ამავე დროს, სიამოვნებას გვანიჭებს ამ შიშით. არა, ეს კაცი არ გვთავაზობს რეცეპტებს გადარჩენისთვის, ის მხოლოდ აღბეჭდავს მომავლის წამს, როცა ყველაფერი შეიძლება გაქრეს ამ პლანეტაზე - მათ შორის, ეს იდუმალი, მშვენიერი და თანაც ავი ბუნება, რომლის საბოლოო დამორჩილება მაინც ვერა და ვერ მოახერხა ცივილიზაციამ.
1. „მკვდარი ფოთლები“
Fallen Leaves (ფინეთი, რეჟისორი აკი კაურისმიაკი
სისადავის შენარჩუნება პარადოქსულად რთულია. გენიოსებს შეუძლიათ ერთდროულად გვაზიარონ რეალობას, რომელიც კიდევ უფრო სასტიკი გახდა გასულ, 2023 წელს, და დაგვანახვონ სხვა რეალობა, სადაც სიცოცხლე იმარჯვებს სიკვდილზე, სოლიდარობა - უთანასწორობაზე, სიყვარული - სიძულვილზე. თანამედროვე კინოს ასეთი გენიოსი ცოტა ჰყავს. გინდა, რომ კაურისმიაკის ეს პატარა მარგალიტი უსასრულოდ გაგრძელდეს, როგორც ტკბილი სიზმარი, რომელიც გაჯერებს, რომ ბედნიერება შესაძლებელია. ჩემთვის 2023 წელი კინოს ისტორიაში შევა, როგორც აკი კაურისმიაკის წელი - საშობაო ფინალით და უსასრულობის შიშით.