Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაწყვეტილი გაქვს, ვის აძლევ ხმას? - მდიდარი და "ღარიბი" პირველი ნომრები


ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. 1-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებს, რომ ამ ბარიერს 10-ზე მეტი პარტია გადალახავს. გთავაზობთ, ამ პარტიების პირველი ნომრების ქონებრივ დეკლარაციებს.

მათი ნაწილი მილიონერია, ნაწილს მრავალათასიანი დანაზოგი აქვს, ზოგი კი ქონების მცირე ჩამონათვალით მოხვდება პარლამენტში.

ვინც უკვე არის საჯარო მოხელე, მათ დეკლარაცია თვეების წინ შეავსეს და ახლა ვალდებულება არ ჰქონდათ. იმ პირთა ქონებრივი დეკლარაციები კი რომლებიც პირველად ხვდებიან პარლამენტში რადიო თავისუფლება საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა.

ლიდერების დეკლარაციებზე ინფორმაცია საარჩევნო ნომრების მიხედვით არის დალაგებული.

"ევროპული საქართველო" - დავით ბაქრაძე, დეკლარაცია შევსებულია 16 ივნისს

პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, დავით ბაქრაძე დედასთან, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეპუტატის სახელზე რეგისტრირებული ბინა თბილისში (213 კვ/მ), მიწის ნაკვეთი მცხეთაში (500 კვ/მ) და ავტოფარეხი თბილისში (28 კვ/მ), მისი დედის სახელზე კი სახლი (287 კვ/მ) და მიწის ნაკვეთი (339 კვ/მ), ასევე მიწის ნაკვეთი მცხეთაში (1751 კვ/მ).

დავით ბაქრაძეს საბანკო ანგარიშზე 23 ათასი ლარი და 15,7 ათასი დოლარი აქვს, მის ცოლს კი 54 ათასი ლარი.

"ერთიანი საქართველო" - ნინო ბურჯანაძე, დეკლარაცია შევსებულია 14 ოქტომბერს

ნინო ბურჯანაძე ქმართან ერთად ცხოვრობს. პოლიტიკოსის სახელზე თბილისში ბინაა (560 კვ/მ) რეგისტრირებული, ამავე ქალაქში არასასოფლო დანიშნულების ფართი (1 095 კვ/მ) და ბინა (69კვ/მ), ბაგებში სასოფლო-სამეურნეო მიწა (4000 კვ/მ) და შენობა-ნაგებობა (ჯამში 573 კვ/მ). მასვე ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (5000 კვ/მ) ცაგერში.

მის ქმარს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (2000 კვ/მ) და სახლი (200 კვ/მ) ჭიათურაში აქვს. ქმრის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული თბილისსა (3 000 კვ/მ) და გურჯაანში (65 500 კვ/მ).

ნინო ბურჯანაძეს საბანკო ანგარიშზე 75 ათასი ლარი და 35 ათასი ევრო აქვს, მის ქმარს კი 45 ათასი ლარი. თითოეულ მათგანს 15-15 ათასი ლარი აქვს ნაღდი ფულის სახით.

"ნაციონალური მოძრაობა" - ბუბა კიკაბიძე, დეკლარაცია შევსებულია 8 ოქტომბერს

ბუბა კიკაბიძე ცოლთან ერთად ცხოვრობს. კიკაბიძის სახელზეა რეგისტრიებული ბინა ბათუმში (45 კვ/მ) და მიწის ნაკვეთი წყალტუბოში (10 086 კვ/მ). მასვე ეკუთვნის მსუბუქი მანქანა.

კიკაბიძეს ანგარიშზე აქვს 10,5 ათასი დოლარი და 3,9 ათასი ლარი. ნაღდი ფულის სახით მომავალი პარლამენტარი 15 ათას ლარსა და 5 ათას დოლარს ინახავს.

კიკაბიძე 4 კომპანიის პარტნიორად ფიგურირებს.

"პატრიოტთა ალიანსი" - ირმა ინაშვილი, დეკლარაცია შევსებულია 29 იანვარს

მოქმედი პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი ქმართან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ბორჯომში (52,8 კვ/მ), მიწის ნაკვეთი დუშეთში (2300 კვ/მ) და 3 მსუბუქი მანქანა, მის ქმარს კი ორი ბინა ეკუთვნის (19,2 კვ/მ და 95კვ/მ).

დეპუტატის საბანკო ანგარიშზე 1445 დოლარი დ 900 ლარამდე ჰქონდა, მის ქმარს კი დაახლოებით 900. ირმა ინაშვილი სამი კომპანიის პარტნიორია.

"ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი, დეკლარაცია შევსებულია 8 ოქტომბერს

შალვა ნათელაშვილს 2 შვილი და ცოლი ჰყავს. მის სახელზეა რეგისტრიებული ბინა თბილისში (136 კვ/მ), საოფისე ფართი თბილისში (366 კვ/მ) და საცხოვრებელი სახლი (450 კვ/მ) და მიწის ნაკვეთი (8500 კვ/მ) მცხეთაში.

მის საბანკო ანგარიშზე 200 დოლარია, მისი ცოლის ანგარიშზე კი 55 ათასი ევრო.

"თავისუფალი საქართველო" - კახა კუკავა, დეკლარაცია შევსებულია 7 ოქტომბერს

დეპუტატობის კანდიდატი 4 შვილთან, ცოლთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. დედის სახელზეა წყნეთში სახლი (300 კვ/მ) და მისი ნაკვეთი (394 კვ/მ), მამას კი თბილისში ბინა (69,1 კვ/მ) ეკუთვნის. კანდიდატის სახელზე მხოლოდ მანქანაა რეგისტრირებული.

კუკავას 13 ათასი დოლარი აქვს საბანკო ანგარიშზე, ცოლს 10 ათასი ლარი და 5 ათასი დოლარი, დედას - 40 ათასი დოლარი და 7 ათასი ლარი, მამას კი 5 ათასი ლარი.

"მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი, დეკლარაცია შევსებულია 9 ოქტომბერს

ალეკო ელისაშვილს ცოლი და ორი შვილი ჰყავს. მის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში (143,6 კვ/მ). მისი და მისი ცოლის საბანკო ანგარიშზე ჯამში 4000 ლარია დარიცხული.

"სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია, დეკლარაცია 9 ოქტომბერს შეავსო

მოქმედ დეპუტატ ეკა ბესელიას 2 შვილი ჰყავს. მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში საცხოვრებელი სახლი (170 კვ/მ), არასაცხოვრებელი ფართი (168 კვ/მ) და ავტოფარეხი (25 კვ/მ).

მას საბანკო ანგარიშზე 40,3 ათასი ლარი, 2,4 ათასი დოლარი და 80 ევრო აქვს, ნაღდი ფულის სახით კი 15 ათასი დოლარი.

ბესელიას სახელზეა რეგისტრირებული ორი კომპანია.

"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე, დეკლარაცია შევსებულია 9 ოქტომბერს

გიორგი ვაშაძეს ცოლი და სამი შვილი ჰყავს. დეპუტატობის კანდიდატის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ბინა (106 კვ/მ), არასაცხოვრებელი ფართი (100 კვ/მ) და ავტოფარეხი (30 კვ/მ), მის ცოლს კი 2015 წელს ნაყიდი მანქანა ეკუთვნის.

ვაშაძეს საბანკო ანგარიშზე 8,8 ათასი ლარი და 6,2 დოლარი აქვს, მის ცოლს 8,3 ლარი, 127,5 ათასი დოლარი და 4,9 ათასი ევრო, მათ შვილს კი 25 229 ლარი. გიორგი ვაშაძეს ნაღდი ფულის სახით 9 ათასი ლარი აქვს, მის ცოლს კი - 15 ათასი დოლარი.

გირჩი - ზურა ჯაფარიძე, დეკლარაცია 6 ოქტომბერს შეავსო

ზურა ჯაფარიძეს 2 შვილი, 1 გერი და ცოლი ჰყავს. მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში 100 კვ/მ ზომის ბინა, მისი ცოლის, ნატა ქორიძის სახელზე კი ორი ბინა ამავე ქალაქში (75 კვ/მ და 140 კვ/მ).

ჯაფარიძის სახელზეა რეგისტრირებული კომპანია "შმაქსი", რომელიც თბილისის მერიის რეგულაციის, "თეთრი ტაქსების" დარღვევის მიზნით პარტიის სახელით დაფუძნდა.

ზურა ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშზე 22 ათასი დოლარი აქვს. ცოლ-ქმარს ორი სესხი, ჯამში 113 ათასი დოლარის მოცულობის აქვს.

"ქართული ოცნება" - გიორგი გახარია, დეკლარაცია შევსებულია 30 მაისს

მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს რეგისტრებული ქონებიდან მხოლოდ მანქანა აქვთ, რომელიც გახარიას ცოლმა 2016 წელს 22 ათას დოლარად იყიდა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გახარიას ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა, მის ცოლს კი 553,4 ათასი დოლარი და 1,2 ათასი ლარი. წლების წინ (452,9 ათასი დოლარი) თავად გახარიას სახელზე ფიქსირდებოდა.

"ლელო" - მამუკა ხაზარაძე, დეკლარაცია 7 ოქტომბერს შეავსო

მამუკა ხაზარაძე მილიონერია. მას ოთხი შვილი და ცოლი ჰყავს. მის სახელზე რეგისტრირებული 9 მიწის ნაკვეთი / შენობა-ნაგებობები თბილისში, 5 მიწის ნაკვეთი / შენობა-ნაგებობები კი თბილისში. პარტიის ლიდერის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში, დუშეთსა და ლონდონში.

მამუკა ხაზარაძეს ორი მანქანა ჰყავს, მის ორ შვილს კი თითო-თითო. ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე ათეული მილიონია დარიცხული. ნაღდი ფულის სახით მის ერთ შვილის 550 ათასი დოლარი აქვს, მეორეს კი 420 ათასი.

მამუკა ხაზარაძე 30 კომპანიის პარტნიორი, მისი შვილები კი 9-ის.

XS
SM
MD
LG